120 საათით "დაპაუზებული ომი"...რა იქნება შემდეგ?
21-10-2019
120 საათით "დაპაუზებული ომი"...რა იქნება შემდეგ?
18 ოქტომბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც აშშ ოფიციალურ ანკარას მკაცრი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა, თურქეთმა ხუთი დღით, ანუ 120 საათით შეაჩერა სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო". Pპრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ეს დრო საკმარისი უნდა იყოს, რომ ქურთების შეიარაღებულმა დანაყოფებმა დატოვონ თურქეთ-სირიის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილის მიმდებარე 30 კმ-იანი სიგანის ბუფერული ზონა.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ათასკაციანი ამერიკული სამ­ხედრო კონტინგენტის სასწრაფო ევა­კუაციის შემდეგ (ევაკუაცია ისე სწრაფად განხორციელდა, რომ ამერიკელებს ბაზებზე "კოკა-კოლათი" გამოვსებული მაცივრების გარდა, საბრძოლო მასალაც
დარჩათ, რომლის გასანადგურებლად ამ ბაზების საჰაერო დაბომბვაც კი მოუხდათ) ქურთები თვლიდნენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თურქებთან ბრძოლაში მიატოვა, არადა, სწორედ ქურთები იყვნენ ამერიკელების პირველი მოკავშირეები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.

ქურთების ასეთი მძიმე მდგომარეობით დაუყოვნებლივ ისარგებლა რუსეთის პრეზიდენტმა და ჰმეიმის რუსულ საჰაერო ბაზაზე ერთმანეთს შეახვედრა ქურთებისა და სირიის
პრეზიდენტ ასადის წარმომადგენლები. ამ შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ქურთებმა თურქული არმიის შეტევების მოსაგერიებლად თვითონ სთხოვეს დახმარება ასადის ხელისუფლებას, რის შემდეგ სირიის არმიის დანაყოფები შევიდნენ ქურთების არაოფიციალური ავტონომიის ტერიტორიაზე. "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგაც პრეზიდენტ ასადს ქვეყნის ტერიტორიაზე ძალაუფლების აღდგენის მიზნით ადრე თუ გვიან მოუწევდა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბებულ ქურთულ არაოფიციალურ ავტონომიასთან შებრძოლება და აი, გამართლებაც - ქურთები თვითონ ეხვეწებიან ოფიციალურ დამასკოს, ჯარი შემოიყვანე და დაგვეხმარეო... მაგრამ რუსული სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვების ეიფორიაში დისონანსი შეიტანა თურქ კოლეგაზე აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერმა ზეწოლამ და მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების მუქარით მას ხუთი დღით შეაჩერებინა ქურთებზე შეტევა.

რას შეცვლის "დაპაუზებული ომი"?

ქურთებს ეძლევათ დრო, გადაჯგუფდნენ და სიტუაცია უფრო რეალურად შეაფასონ. ერთი მხრიდან მათ უტევს ერდოღანის თურქული არმია, ზურგში დასახმარებლად კი თვითონ დაიყენეს ასადის სირიული ჯარი, რომლებიც ამ რეგიონში ქურთების ავტონომიის განადგურებით არიან დაინტერესებულნი; თურქები იმიტომ, რომ არ სურთ, სირიელი ქურთების დამოუკიდებლობის იდეა თურქმა ქურთებმაც აიტაცონ, სირიელები კი იმიტომ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურთ.
Pპირველი დაპირისპირების ნიშნები ქურთებსა და სირიის არმიის დანაყოფებს შორის, რომელთა შორის რუსი სამხედროებიც იყვნენ, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქურთებმა სირიელები თავიანთ კონტროლირებად ერთ-ერთ ქალაქში არ შეუშვეს - თუ თქვენ ჩვენი დახმარება გინდათ, თურქების წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე დაგვიდექით გვერდით, ქალაქში დაბანაკება რაში გჭირდებათო...

ქურთები კარგად ხვდებიან, რომ თურქეთის არმიის მოგერიებაში დახმარების საბაბით პრეზიდენტ ასადის არმია ქურთების არაოფიციალურ ავტონომიაზე კონტროლის დაბრუნებას ეცდება. მეტიც - მოსალოდნელია, რომ სირიისა და თურქეთის არმიები ქურთების გამო სერიოზულად არც კი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს; ერდოღანისა და ასადის ხელისუფლებების საბოლოო მიზანი ხომ საერთოა - სირიელი ქურთების რამდენიმეწლიანი არაოფიციალური ავტონომიის მთლიანად მოშლა და მათი შეძლებისდაგვარად დასუსტება.

ვის რა ინტერესები აქვს ქურთებთან დაკავშირებით?

ოფიციალური ანკარა და დამასკო სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების ავტონომიის არსებობის კატეგორიული წინააღმდეგი რომ არიან, უკვე განვმარტეთ, მაგრამ საინტერესოა, სხვა მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებს რა ინტერესები ამოძრავებთ სირიელი ქურთების არაოფიციალური ავტონომიის ნავთობით მდიდარი რაიონის მიმართ და როგორ უყურებენ "დიდი ქურთისტანის" შექმნის იდეას, რომელმაც შეიძლება 40 მლნ-მდე ქურთი სირიის, თურქეთის, ირანისა და ერაყის ტერიტორიებზე გააერთიანოს?

ერაყის ტერიტორიაზე რამდენიმე წელია არსებობს ქურთების ავტონომიური წარმონაქმნი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო არ იწვევს ოფიციალური ბაღდადის აღფრთოვანებას და, სირიელების არ იყოს, ერაყელებიც დიდი სიამოვნებით აღადგენდნენ სრულ კონტროლს თავიანთ ქვეყანაზე. ირანშიც ბევრი ქურთი ცხოვრობს და მათი საუკუნოვანი ოცნებაა ქურთების სახელმწიფოს შექმნა, რის უმნიშვნელო ცდასაც კი ოფიციალური თეირანი სისხლში ჩაახშობს, თუმცა მეზობელ სირიაში თურქების შეჭრა ირანმა დაგმო. ამ პროტესტის ნამდვილი მიზეზი შეიძლება იყოს არა სირიელი ქურთების ბედით შეწუხება, არამედ ირანის სტრატეგიული ინტერესები სირიაში, რომელიც ესაზღვრება ისრაელს - ირანის პირველ მტერს. "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში დახმარების საფარქვეშ ირანელები სირიაში საიდუმლო სამხედრო ბაზებს ქმნიან, საიდანაც შესაძლებელი იქნება ისრაელზე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმა. თეირანს ხელს არ აძლევს, რომ თურქეთმა სირიის აღმოსავლეთში პოზიციები გაიმაგროს.

ისრაელს კი მართლაც გული შესტკივა ქურთებზე და, ალბათ, სირიელ ქურთებს აქამდეც უწევდა საიდუმლო სამხედრო დახმარებას. თელ-ავივს არ სურს მეზობლად ძლიერი სირია ჰყავდეს (რომელთანაც გოლანის სიმაღლეების გამო ისევ დაუმთავრებელი ომი აქვს), ქურთების ავტონომიის არსებობა კი დამასკოს ძალაუფლებას ასუსტებს. თუმცა ისრაელს არც სირიის ხელისუფლების მთლიანად ჩამოშლა უნდა სურდეს, რადგან დასუსტებულ სირიაში ირანისა და მისი მხარდაჭერილი "ჰესბოლას" გავლენა გაძლიერდება, რაც ისრაელის პატარა ტერიტორიას მასობრივი საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების საშიშროების წინაშე დააყენებს.

აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის არსებობდა, თუმცა ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზოგჯერ გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან კუთხეში ამერიკის პოზიციას უდიდესი დარტყმა მიაყენა. ერთი მხრივ, გასაგებია ტრამპის წუხილი სირიაში თავის ნატოელ კოლეგასთან - თურქეთთან დაპირისპირების გამო - ამერიკული არმია ხომ მე-18 წელია, ავღანეთის ომის ჭაობშია ჩაფლული და ვერც ერაყში დაამთავრა საქმე, მაგრამ მეორე მხრივ, თეთრი სახლი ახლო აღმოსავლეთში გავლენას კარგავს და მის თანადგომაში უკვე ეჭვი ეპარებათ.

და, აი, მივედით რუსეთის ინტერესებამდე...

2014 წელს ყირიმის მიტაცებისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი პუტინი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების გუნდიდან, ერთგვარად, განდევნილად იქცა - მას აღარსად ეპატიჟებოდნენ და მის მაგიდასთან დასხდომას თაკილობდნენ (როგორც ავსტრალიაში ერთ-ერთ სამიტზე მოხდა). ასეთ სიტუაციაში პუტინი ვა-ბანკზე წავიდა და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის საბაბით სირიაში რუსული საბრძოლო დანაყოფები, ავიაცია და სამხედრო ხომალდები გადაისროლა. ეს კრემლის გაბედული ნაბიჯი გახლდათ, რადგან შეიძლებოდა სირიული ოპერაცია მოსკოვისთვის მეორე ავღანეთის ომად ქცეულიყო, რაც რუსეთის ფედერაციის დასუსტებას და იქნებ დაშლასაც კი შეუწყობდა ხელს, როგორც საბჭოთა კავშირს დაემართა, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ეტაპზე ჯერჯერობით გაიმარჯვა - ასადს ხელისუფლებაც შეუნარჩუნა და სირიის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც დააწყებინა.

Dდა, რაც მთავარია, ამერიკელი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციის ფონზე, პუტინი ახლო აღმოსავლეთის თვალში კრიზისების მთავარ მომწესრიგებლად აღიქმება (რაზეც მიუთითებს გრანდიოზული ოფიციალური დახვედრა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოუწყვეს), ანუ პუტინმა რუსეთი დიდ პოლიტიკაში დააბრუნა, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერის სახელს ებღაუჭება და ამის პერსპექტივაც აქვს აშშ-ის პრეზიდენტის არათანამიმდევრული მოქმედებებისა და "ბებერი ევროპის" დაშინებული ლიდერების ფონზე, რომელთაც რუსეთის ხსენებაზეც კი აკანკალებთ.

რით შეიძლება დაემუქროს ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს თურქებისა და ქურთების შეიარაღებული დაპირისპირება?


იმ ადგილებს, სადაც თურქები ქურთებს ებრძვიან, ოთხ ასეულ კილომეტრზე მეტი გვაშორებს და, ერთი შეხედვით, საქართველოსთვის არცთუ ისე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რა ხდება იქ, მით უმეტეს - ჩვენი შიდა პრობლემების ფონზე, მაგრამ სიტუაცია ასეთი მარტივი არ არის, რადგან თურქებისა და ქურთების დაპირისპირება შეიძლება ჩვენს ქვეყანაზეც აისახოს როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

პირველი - თუკი საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა და ქურთებმა პარტიზანული მოქმედების ტაქტიკა აირჩიეს, საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ თურქეთის კურორტებზე მყოფი უცხოელები, მათ შორის - ქართველი ტურისტები და თურქეთში სეზონურად მომუშავე ათასობით საქართველოს მოქალაქე.

მეორე - მშვიდობიანი ქურთების იძულებით დევნილებად ქცევის შემთხვევაში არსებობს ლტოლვილების ნაკადის სამხრეთ კავკასიაში გადმოსვლის შესაძლებლობა.

მესამე - "დაპაუზებული ომის" გაგრძელების შემთხვევაში, თუკი ტრამპმა ამაში ერდოღანი დაადანაშაულა და თურქეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გარდაუვალია თურქული ლირის დაცემა, რაც ძალაუნებურად გამოიწვევს ჩვენი ისედაც გაუფასურებული ლარის დაღმა სვლას.

მეოთხე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს, აშშ-სა და თურქეთს შორის გაღრმავებული პოლიტიკური უთანხმოება შეასუსტებს შავი ზღვის რეგიონში ნატოს ისედაც არამყარ პოზიციას, რაც უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს დაახლოების გაჭიანურებულ პროცესზე.
არამკითხე მოამბე
27 ოქტომბერი 2019 17:52
თუ ტურისტებს საფრთხე შეექმნათ ამაში ცუდი რაა? ტურისტები წამოვა ჩვენთან ანუ დოლარები გამრავლდება. თუ თურქებს დედა ეტირება პატივცემულებო პირადად მე "აჭარელი" ვარ და დავისვენებთ ამ ხოჯებისგან და "აჭარა ჩვენია" ხალხისგან რადგან აღარ ეცლება ჩვენთვის. ლარზე დროებითი გავლენა იქნება რადგან თუ გაუფასურდა ლირა ესეიგი იიაფად ვიყიდი იქაურ პროდუქტს და ნორმალური ბიზნესმენი იაფად გავყიდი საქართველოში.

მე ვერც რუსეთის დაქცევაში და ვერც თურქეთის დაქცევაში ვერ ვხედავ პრობლემას. დააბრუნონ კახი, ნუხი, ზაქათალა, ლორეს სრუტე, სამაჩაბლო, აფხაზეთი, სოჭი, ლაზეთი, ჭანეთი, კლარჯეთი. გავაგრძელოო? დაიქცეს ყველა მეზობელი!!! და ჩვენ ბიზნესის კეთება ვისწავლოდ.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?