ოსური "კაგებე" ქართული მედიის გულშემატკივარი როდის აქეთ და რატომ გახდა?! - კვირის პალიტრა

ოსური "კაგებე" ქართული მედიის გულშემატკივარი როდის აქეთ და რატომ გახდა?!

მცოცავი ოკუპაციის გამართლების ცდა გაღმა შედავების პრინციპით - რუსულ-ოსური საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი

"სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც, შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს"," - ასეთ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალიდან ავრცელებს ოს სეპარატისტთა "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი" და დიდ გაკვირვებას იწვევს, იმიტომ კი არა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შესაძლებლობაში, ტრადიციულად, ქართულ მხარეს ადანაშაულებენ, არამედ იმიტომ, რომ ოსი "კაგებეშნიკები" პირველად გვევლინებიან ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დამცველებად.

ოკუპაციის ზოლზე მავთულხლართებისა და ღობეების გავლებას საქართველოს ყველა პატრიოტი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება, მათი ნაწილი კი (სამწუხაროდ, მცირე ნაწილი) პროტესტს ადგილზე აქტიურად გამოხატავს.

ფაქტია, რომ მათ, ისევე როგორც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არ შეუძლიათ მიუახლოვდნენ ოკუპაციის ხაზის იმ მონაკვეთებს, სადაც ოსი სეპარატისტები რუს ოკუპანტებთან ერთად ყოველდღიურად გვაჭრიან ტერიტორიას. რატომ? ამ შეზღუდვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევს აქტიური პროტესტის მასმედიით გაშუქება, რაც საზოგადოებას უკეთ დაანახებს ამჟამინდელი ხელისუფლების უუნარობას, წინ აღუდგეს პირდაპირი ეთერით ქვეყნის ტერიტორიის მიტაცებას.

ისე, სიმართლე მოითხოვს, აღინიშნოს, რომ წინამორბედმა ხელისუფლებამაც, რომლის დროსაც გადავიტანეთ აგვისტოს ომი და დაიწყო ოკუპაციის ზოლზე მავთულხლართების გავლება, მაინცდამაინც ეფექტიანი საშუალება ვერ მოიფიქრა ამის შესაჩერებლად. თავის კონტროლირებად, ვითომ დამოუკიდებელ ტელევიზიებს ისიც უკრძალავდა საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების ინტერესების დამაზიანებელი ფაქტების გაშუქებას. გათავხედებული ოსი სეპარატისტების ზურგს უკნიდან რუსი ოკუპანტების ტანკების ლულები 'გვიმზერს', რაც საკადრისი ქართული პასუხის შემაჩერებელი მწარე რეალობაა მეორე მიზეზი, რის გამოც იზღუდება სამოქალაქო პირების საოკუპაციო ხაზთან მიახლოება, პროვოკაციების საშიშროებაა, რომელსაც შეიძლება სეპარატისტ-ოკუპანტების ცეცხლი მოჰყვეს, რის შემდეგაც საზოგადოება სათანადო პასუხს მოითხოვს ხელისუფლებისგან, რაც, მოსალოდნელია, ახალი ომის დაწყების საბაბი გახდეს რუსეთისთვის, რომლის ტანკების ლულები გათავხედებული სეპარატისტების ზურგს უკნიდან "გვიმზერენ", სირიაში დიდი პოლიტიკური გამარჯვების შემდეგ წარმატების ოლიმპზე მყოფ პუტინს კი შეშინებულმა დასავლეთმა შეიძლება ჩვენთვის ასე მობეზრებული "შეშფოთება-აღშფოთების" გამოხატვაც ვერ გაუბედოს.

ისე კი, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის "გაბედული" ლიდერების მიერ შარვლების ჩახდა და სეპარატისტ-ოკუპანტებისთვის უკანალების "წერტილოვანი დამიზნება", არა გვგონია, საქართველოს გამარჯვებაზე მიუთითებდეს. ასეთების იქ მიშვება მართლაც არ შეიძლება.

და მაინც, რატომ გახდნენ ოსი სეპარატისტები ასე მოულოდნელად ქართველი არასამთავრობოებისა თუ აქტივისტების უფლებათა დამცველები?

იქნებ იმიტომ, რომ ამჯერად უფრო საშიში რამ არის დაგეგმილი, რასაც შეიძლება საოკუპაციო ხაზზე შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვეს და რაც რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების საბაბად იქცევა? ვინ არის გარანტი, რომ კონკრეტული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაგეგმილი პროვოკაცია არ განხორციელდება, მაგალითად, ვინმე ქართული მხრიდან არ გაისვრის და მათ საინფორმაციო ომში გამარჯვებისთვის საუკეთესო ხელჩასაჭიდი მასალა არ მიეცემათ, როგორც აგვისტოს ომის დაწყების პირველივე წუთებში მოხდა?