ომი დამთავრდა... ისევ ქურთების ხარჯზე
28-10-2019
ომი დამთავრდა... ისევ ქურთების ხარჯზე
ფოტო:სანგარში მყოფ პრეზიდენტ ერდოღანს თურქი გენერლები უჩვენებენ, საზღვრიდან სადამდე განდევნეს ქურთები
ვინ დარჩა მოგებული და ვინ წააგო სირიის ჩრდილოეთით ათდღიან ომში?

23 ოქტომბერს სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების დახურულ კარს მიღმა გამართული ექვსსაათიანი დაძაბული მოლაპარაკების შედეგად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ათდღიანი ომი დამთავრდა.

ათპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" შეჩერებას, სამაგიეროდ, ქურთები ტოვებენ თურქეთ-სირიის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის 32 კმ-იანი სიღრმის რაიონს, ხოლო რუსეთის არმიის სამხედრო პოლიციის დანაყოფები სირიელებთან ერთად გააკონტროლებენ ქურთების გასვლას ამ 32 კმ-იანი უსაფრთხოების ზონიდან.
ომი
დამთავრდა, ოღონდ ქურთების ხარჯზე, რადგან მათ უკვე მერამდენედ ჩაეშალათ დიდი მონდომება, ბოლოს და ბოლოს, "დიდი ქურთისტანის" შექმნისთვის საძირკველი ჩაესხათ.

ვინ დარჩა გამარჯვებული და ვინ დამარცხდა ამ ათდღიან ომში?

მიუხედავად იმისა, რომ "მშვიდობის წყაროთი" პრეზიდენტმა ერდოღანმა ვერ შეასრულა პროგრამა-მაქსიმუმი - სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებული რაც შეიძლება
დიდი ტერიტორიის ხელში ჩაგდება - ოფიციალური ანკარა მთლად უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს, რადგან სირიელი ქურთები სამ ათეულ კმ-ზე მეტად მოაშორეს თურქეთ-სირიის საზღვარს, რაც ძალზე გააძნელებს სირიასა და თურქეთში მცხოვრები ქურთების დარაზმვას თურქეთის წინააღმდეგ.

სირიის პრეზიდენტი ასადიც მოგებული დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა თურქეთმა მის ტერიტორიაზე 32 კმ სიგანისა და რამდენიმე ასეული კმ სიგრძის უსაფრთხოების ზონა შექმნა და იქ თავისი ჯარი ჩააყენა. ამით შესუსტდა სირიელი ქურთების გამოუცხადებელი ავტონომიის სიძლიერე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასადს საშუალება მიეცა, ქვეყნის ამ ნაწილში სირიის არმიის დანაყოფები შეეყვანა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი ამ კონფლიქტში მართლაც დიდი გამარჯვება მოიპოვა - ფაქტობრივად, ის იქცა ახლო აღმოსავლეთში მთავარ მომრიგებლად და "საქმის გამრჩევად", რამაც გაზარდა რუსეთის გავლენა მსოფლიოს ამ ერთ-ერთ, ნავთობით ყველაზე მდიდარ და, ამასთანავე, ფეთქებადსაშიშ რეგიონში.

ვინ დარჩა წაგებული?
ალბათ, ყველაზე მეტად (სირიელ ქურთებზე მეტადაც კი) აშშ და მისი პრეზიდენტი ტრამპი, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურაა დაწყებული. ტრამპის არათანამიმდევრულმა ქმედებებმა, ასევე მისმა პოსტებმა "ტვიტერზე" (რომლებიც ხშირად ცხელ გულზე იყო დაწერილი), ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებსა და გავლენის ბერკეტებს უდიდესი დარტყმა მიაყენა. გაჩნდა კითხვა: "ქურთების შუა გზაზე მიმტოვებელი ამერიკელები ჩვენც ხომ არ გვიღალატებენ გადამწყვეტ მომენტში?" ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევთ განსაკუთრებით ისრაელის, საუდის არაბეთისა და ამ რეგიონის კიდევ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფალთ, რომლებსაც თავიანთი სახელმწიფოების უსაფრთხოების სისტემა პენტაგონის დახმარების იმედად აქვთ აწყობილი.

სირიელი ქურთები, რა თქმა უნდა, დამარცხდნენ, მაგრამ არცთუ კატასტროფულად. სირიის აღმოსავლეთში ისინი კვლავ აკონტროლებენ უზარმაზარ ტერიტორიას, რომელსაც, ალბათ, ასე ადვილად აღარ დათმობენ.
სოსო
03 ნოემბერი 2019 09:47
ეს ხომ ეთნოწმენდაზე რუსეთისაგან ღია,,ხოლო ამერიკის მხრიდან ფარული სანქცირებაა

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?