რით შეიძლება დაემუქროს საქართველოს სომხეთში ორჯერ გაძლიერებული რუსეთი?!
რით შეიძლება დაემუქროს საქართველოს სომხეთში ორჯერ გაძლიერებული რუსეთი?!
"გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა რუსეთიდან ახალ დამატებით შეიარაღებას მიიღებს"

რუსეთის ფედერაციას სამხრეთ კავკასიაში სამი სამხედრო ბაზა აქვს. მათგან ორი საქართველოში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთშია, ერთიც - სომხეთში. ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 რუსული საოკუპაციო, ასევე გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზების რაოდენობა თითქმის ერთნაირია, თითოეულში 4 ათასამდე სამხედრო მსახურობს და თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით რუსული მოტომსროლელი ბრიგადის დონეს უტოლდება, თუმცა გაძლიერებულია საზენიტო და საავიაციო კომპონენტებით.

დღემდე მოსკოვს აკმაყოფილებდა სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო
ბაზების სიძლიერე, მაგრამ 29 ოქტომბერს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ დაიწყება გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გადაიარაღება და მისი საბრძოლო შესაძლებლობები ორჯერ მაინც გაიზრდება.

რაში დასჭირდა კრემლს სომხეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე თავისი სამხედრო ბაზის ორჯერ გაძლიერება? Gგიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან
თურქეთის საზღვრამდე ათიოდე კილომეტრიც არ არის და შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ რუსული სამხედრო შესაძლებლობების გაორმაგება სომხეთში სწორედ ნატოს წევრი თურქეთის დასაშინებლად არის ჩაფიქრებული, მაგრამ რად უნდა კრემლს თურქეთის დაშინება, როცა პუტინი და ერდოღანი თვეში ერთხელ მაინც ხვდებიან და ძმობას ეფიცებიან ერთმანეთს?!

გიუმრიდან ირანამდე 130 კმ-ია, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, მოსკოვმა რამე ჩაიფიქროს თეირანის წინააღმდეგ, რომელიც რუსულ ბომბდამშენებს სირიაში ჩასაფრენად საჰაერო სივრცეს უთმობს.

გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მთავარ სამიზნედ ვერც აზერბაიჯანს წარმოვიდგენთ, რომელიც მართალია, სომხეთთან ომის მდგომარეობაშია, მაგრამ რუსულ იარაღს გამალებული ყიდულობს, თანაც გიუმრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე პირდაპირი ხაზით 110 კმ-მდეა, მაშინ, როცა რუსეთს აზერბაიჯანთან საერთო სახმელეთო და საზღვაო საზღვარი აქვს და თუ რამის გარკვევა დასჭირდა, იქიდან უკეთ მოახერხებს.

რა გამოდის? რჩება ჩვენი პატარა საქართველო, რომლის საზღვარი გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან მხოლოდ 36 კმ-შია და რომლის დასავლური არჩევანი კრემლის ბინადართ მოსვენებას არ აძლევს.

სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ორჯერ გაძლიერება საქართველოს უსაფრთხოებისთვის ასევე ორჯერ გაზრდილი სავარაუდო საფრთხეა, თუნდაც იმიტომ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სწორედ გიუმრის რუსული ბაზიდან წამოსული 50 ერთეულამდე ჯავშანტექნიკის კოლონა სომხეთ-საქართველოს საზღვარს მოადგა და აგვისტოს ომი რომ გაგრძელებულიყო, რუსეთის არმიის ეს საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი აუცილებლად გადმოკვეთდა ქართულ საზღვარს, დედაქალაქს სამხრეთიდან, ქვემო ქართლიდან შემოუტევდა, სახმელეთო ოპერაციის საჰაერო მხარდამჭერი კი ერევნის ერებუნის აეროდრომიდან აფრენილი რუსული შვეულმფრენები და "მიგები" იქნებოდა.
ეჭვს არ იწვევს, რომ გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის შტაბის საიდუმლო ნაწილის სეიფში ასეთი ოპერატიული გეგმა დევს.

როგორი იქნება ჩვენი მოძმე სომხეთის რეაქცია, თუკი მოსკოვის ბრძანებით გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან ტანკები საქართველოს საზღვრისკენ დაიძვრებიან? 11 წლის წინ, როდესაც აგვისტოს ომის დროს ეს მოხდა, არ გვსმენია, სომხეთის ხელისუფლება რუსულ ტანკებს წინ გადასდგომოდა. დღევანდელი სომხეთის ლიდერი ნაკლებ ასოცირდება თავის წინამორბედებთან, რომლებიც კრემლის თითქმის ყველა მოთხოვნას ასრულებდნენ, მაგრამ იმის იმედი, რომ ორჯერ გაძლიერებულ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას ოფიციალური ერევანი საქართველოსკენ გალაშქრებას აუკრძალავს, მაინც არ არსებობს.

ჩვენი დოსიე:


102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში აერთიანებს ორ გარნიზონს გიუმრისა და ერევანში. ის მოსკოვს 2044 წლამდე უფასო არენდით აქვს აღებული. გიუმრის გარნიზონში შედის სამი მოტომსროლელი, ერთი საარტილერიო და ერთი საზენიტო პოლკი, ცალკეული სატანკო ბატალიონი და სხვა ქვედანაყოფები. შეიარაღებაშია არანაკლებ 74 ტანკი, 160-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 90-მდე საარტილერიო დანადგარი, "ბუკის", "ოსას" და C-300B-ს თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემის - "ისკანდერის" დივიზიონი.

ერევნის გარნიზონში გაერთიანებულია საავიაციო ჯგუფი, რომლის შეიარაღებაშია 18 ერთეული Миг-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი და ათზე მეტი შვეულმფრენი, მათ შორის - საბრძოლო Су-24-ებიც.
...
10 ნოემბერი 2019 13:26
არაფრითაც არ გვემუქრება,რადგან დარწმუნებულია და სამართლიანადაც,რომ როგორც კი საზღვარს თუნდაც ერთი ტანკი გადმოკვეთს,მთელი საქარველოს მთავრობა,საზღვრენს ეცემა,ჯარი კი,არაფრისთვის არ არის მზად და სერიოზულ წიმააღმდეგობაზე,ლაპარაკიც ზედმეტია.
sd
09 ნოემბერი 2019 14:18
სამწუხაროდ ფაქტიურად ვერაფერს ვერ იზავ, ვინაიდან საერთაშორისო ნორმები და აღიარებული საზღვრები ფაქტიურად გაქელილია ჩვენი საყვარელი ერთმორწმუნე მეზობლის მიერ, და ამ ნეიტრალიტეტის ყვირილი არის ძალიან საშიში სატყუარა, ერთადერთი შანსი არის თუ შევასწრებთ ნატოში ისე როგორც თავშესაფარში ავდარის დროს თორემ გადაგვივლიან კატოკივით, დარწმუნებული იყავით რომ არა ნატო ბალტიისპირეთი წალეკილი იქნებოდა "ფაშისტებთან მებრძოლი აპალჩენცებით", და მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ რომ ისინიც კი გარკვეული საფრთხის წინაშე დგანან იმდენად ბრუტალური და ანტიცივილურია ჩვენი საყვარელი ერთმორწმუნე.. ერთადერთი რო იტყვიან "კლინ კლინომ ვიბივაიუტ", ძალაა საჭირო თორემ ფურცელი ფეხებზე კიდიათ..
111
09 ნოემბერი 2019 13:42
სასტწაფოდ გვჭირდება დიდი რაოდენობით "პოლლიტრები" ჩამწკრივებული საზღვრის გასწვრივ, პოტენციურად წამოსული როსული ჯარის შესაჩერებლად საზღვართან, ალბათ უფრო ეფექტური იქნება ვინემ სხვა ტიპის იარაღი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა