ქართულ-ამერიკული დანაყოფები ნატოს სანაცვლოდ?! - კვირის პალიტრა

ქართულ-ამერიკული დანაყოფები ნატოს სანაცვლოდ?!

"საკუთარი პრობლემების გამო ნატო კიდევ დიდხანს ვერ მოიცლის საქართველოსთვის, სამაგიეროდ, არსებობს სხვა, უფრო მოკლე და ეფექტიანი გზაც..."

საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მიერ "ტვინმკვდრად" ნატოს მონათვლა დაემთხვა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მორიგ კონფერენციას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს მორიგ რჩევებს აძლევდნენ, თუმცა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე ლაპარაკს, ბოლოს და ბოლოს, როდის მიიღებს ნატო საქართველოს, ტრადიციულად, გაურბოდნენ. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მეცამეტედ ჩატარდა, აქედან 5-6-ში ამ სტატიის ავტორიც მონაწილეობდა და შეუძლია შედარებითი ანალიზის გაკეთება, თუ როგორ ჰგავდა ალიანსის წარმომადგენელთა გამოსვლები ერთმანეთს წლების განმავლობაში.

"თმენის სტრატეგია" ის მთავარი პოსტულატია, რასაც ნატო ბოლო წლებში გვთავაზობს - ჩვენ ხომ შეგპირდით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, კეთილინებეთ და დაელოდეთ, როდესაც ამისთვის მზად იქნებით და სიტუაცია მომწიფდებაო, გვმოძღვრავენ ისინი.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საქართველო დიდი ხანია მზად არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შესაერთებლად, ყოველ შემთხვევაში, მის წევრ ალბანეთზე ნაკლები დემოკრატია მაინც არა გვაქვს, ხოლო ქართული არმიის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის დიდი პროცენტი უკვე მიღწეულია. უფრო მეტიც - მეათე წელია საქართველოს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ბევრად დიდი წვლილი შეაქვს, ვიდრე ალიანსის წევრი ქვეყნების უმეტესობას...

რაღა უნდა ქნას საქართველომ, რომ ნატოში მიღების ღირსი გახდეს და იმედი ჰქონდეს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, მისი კოლექტიური თავდაცვის "ქოლგის" ქვეშ აღმოჩნდება?

სწორედ ეს გარემოება, რომ ნატოს თავისი წევრი საქართველოსთვის კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედება შეიძლება დასჭირდეს და თანაც თვით რუსეთის წინააღმდეგ, არის იმის თავიდათავი, რის გამოც "თმენის სტრატეგია" მეთერთმეტე წელია გრძელდება საქართველოსთვის.

იქნებ აჯობებდა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო არ დაგვპირებოდა წევრობას? სწორედ ამ სამიტის შემდეგ სააკაშვილის მმართველობამ საქართველოს მოსახლეობაში გაზვიადებული იმედი შექმნა, რაც დღეს იმავე მოსახლეობაში ნატოსადმი ნდობას ამცირებს ამდენი დაპირების შემდეგ.

მეორე და ბევრად დიდი უკუშედეგი კი ის იყო, რომ სწორედ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული დაპირება საქართველოს ალიანსში მიღების პერსპექტივაზე იქცა იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომ დაიწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი - ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციით რუსეთმა დასავლეთს მკაფიო გაფრთხილება გაუგზავნა, იმდენად მკაფიო, რომ ნატო დღემდე ვერ ბედავს საქართველოსთან "მეტისმეტ" დაახლოებას, ხოლო ნატო-საქართველოს ერთობლივი პროგრამები, ძირითადად, ამ თანამშრომლობის შენარჩუნებას ემსახურება.

მაგრამ ახლა რა მოვთხოვოთ 70 წლის ნატოს, როდესაც ერთ-ერთი მისი დამფუძნებელი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ალიანსის "ტვინის სიკვდილს" წინასწარმეტყველებს და ევროპის ქვეყნებს გამოღვიძებისა და ნატოს პარალელურად, აშშ-ისგან დამოუკიდებელი "ევროპული არმიის" შექმნას მოუწოდებს?

ის, რომ ნატოს ძილ-ბურანში ყოფნა გაუგრძელდა, "კვირის პალიტრის" ამავე ფურცლებზე ათი წლის წინაც ვწერდით - საბჭოთა კავშირის დაშლისა და პირველი "ცივი ომის" დამთავრების შემდგომ, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სტრატეგიული და ისტორიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც ნატოს მთავარ ამოცანად აღმოსავლეთისკენ გაფართოება არ დაისახეს.

ნატოში ჩათვალეს, რომ ელცინის რუსეთი ისედაც დაშლისკენ მიდიოდა, მით უმეტეს, ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხების გამო. ამიტომაც მოდუნდნენ და ყურადღება იუგოსლავიის დაშლაზე გადაიტანეს, რაც უპირველესად, გაერთიანებული გერმანიის ინტერესებში შედიოდა.

სანამ ნატო 1999 წელს ყოფილი იუგოსლავიის დაბომბვით იყო "გართული", კრემლში დასმულმა ახალგაზრდა პუტინმა ჩეჩნეთში მეორე, "შურისძიების" ომი წამოიწყო.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ ავღანეთში წამოწყებულ სპეცოპერაციებზე გადაერთო, რაც მალე ფართომასშტაბიან ანტიპარტიზანულ ომში გადაიზარდა, ხოლო 2004 წლიდან ამერიკელებმა ნატოს გადაულოცეს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის ხელმძღვანელობა.

შესაბამისად, ნატოს ყურადღება და რაც მთავარია, ფინანსები, შორეულ ავღანეთში გადანაწილდა, ხოლო მოსკოვის მიერ ჩეჩნების ძალისმიერი "დაშოშმინება" და კრემლის სამხედრო-პოლიტიკური ამბიციების ზრდა უპირველესად "ახლო საზღვარგარეთისკენ" "ჩაძინებულ" ნატოს გამოეპარა.

მისი სრულფასოვნად "გაღვიძება" ვერც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის საქართველოში შემოჭრამ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა სწორედ აგვისტოს ომის შემდგომ დაიწყო თავისი არმიის ძირეულად რეფორმირება და გადაიარაღება. აგვისტოს ომში შედარებით ისეთ სუსტ მოწინააღმდეგესთანაც კი, როგორსაც ქართული არმია წარმოადგენდა, რუსეთის არმიის ბევრი ნაკლი გამოვლინდა და საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას უფრო პროფესიონალურად რომ ემოქმედა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსულ არმიას ბევრად მეტ დანაკარგს მივაყენებდით.

2014 წლის რუსული აგრესია უკრაინის ყირიმის ოკუპაციითა და დონბასში შეჭრით მართლაც აღმოჩნდა ნატოს სერიოზული შეშფოთება-აღშფოთების მიზეზი, ალბათ, იმიტომ, რომ ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარე პატარა საქართველოსგან განსხვავებით, უზარმაზარი უკრაინა უკვე აღმოსავლეთ ევროპის კარიბჭეს წარმოადგენდა და მის შემდეგ კრემლის სამიზნეში თავად ნატოს წევრი ქვეყნები - ბალტიისპირეთი თუ პოლონეთი მოექცეოდნენ.

მაგრამ ასე ძვირფასი დრო დაკარგულია, მაშინ როდესაც რუსეთის არმია თითქმის 60-65%-ით ახალი შეიარაღებითაა გადაიარაღებული, გერმანელი გენერალი იმაზე ტირის, რომ მისი 40-წლიანი "ტორნადოები" მალე ჰაერში ვერ აფრინდებიან, ხოლო დონბასში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს უფრო მეტი ტანკი ჰყავთ, ვიდრე საფრანგეთის არმიას.

ნატოში კრიზისია და მარტო ალიანსის ევროპული წევრი ქვეყნების სამხედრო პოტენციალით რუსული აგრესიის შესაძლო შეკავება დღეს წარმოუდგენელია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაცოცხლებელი ძალა ოკეანისგაღმელი ამერიკაა, ისევე როგორც 70 წლის წინ ნატოს შექმნისას. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი არცთუ უსაფუძვლოდ ითხოვს ევროპელი პარტნიორებისგან, რომ არმიების შესანახავად მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2% დახარჯონ, რადგან "მიძინებული" ევროპის ლიდერები ბოლო წლებში შეიარაღებული ძალებისთვის 1%-საც ვერ იმეტებდნენ. ნატოს წევრი ევროპის ქვეყნების უმეტესობის არმიებს მეტისმეტად "მშიერი" ბიუჯეტი და ბრძოლისუნარიანობაც მნიშვნელოვნად აქვთ დაცემული და საინტერესოა, რომელი "ევროპული არმიის" შექმნას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი?

პირველი "ცივი ომის" დაწყებისთანავე, რომ არა ამერიკული არმიის დასავლეთ ევროპაში დისლოცირება და ნატოს შექმნა, სტალინის სატანკო არმიები მართლაც გადაუვლიდნენ დასავლეთ ევროპას და ლა-მანშში მუხლუხებიდან ტალახს ჩამოირეცხავდნენ.

ასეა დღესაც, ნატოს და განსაკუთრებით მის ევროპელ წევრებს ბევრი პრობლემა დაუგროვდათ წლების განმავლობაში არასწორი პოლიტიკის გამო - ისინი ვერ ან შეგნებულად არ ითვალისწინებდნენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების დონესა და მათი მატების დინამიკას.

არც ის შეიძლება გამოირიცხოს, რომ საბჭოთა პერიოდში კა-გე-ბეს მიერ გადაბირებული დასავლელი ახალგაზრდები დღეს ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობენ.

რამდენად შეიძლება ჰქონდეს იმედი საქართველოს იმ ნატოსი, რომელსაც "ტვინმკვდარს" უწოდებს მისი ერთ-ერთი ლიდერი და რომელშიც დღეს, სამწუხაროდ, მართლაც მწვავე კრიზისია?

სხვა გზა არ არის, უნდა გავაგრძელოთ "თმენის სტრატეგია" და დაველოდოთ, როდის გადალახავენ დასავლეთევროპელი ლიდერები კრემლის შიშს.

თუმცა მაინც არსებობს ერთი საიმედო მიმართულება, როდესაც საქართველოს ბედი ნაკლებად იქნება დამოკიდებული ნატოს წევრი ქვეყნების ყველა ლიდერის კონსენსუსზე, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მათგანის სიმპათია კრემლის მიმართ აშკარაა.

ამ გზას "ნატოს ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მთავარი მოკავშირის" სტატუსის მიღებისკენ მივყავართ, რისი წყალობითაც ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ აშშ-საქართველოზე იქნება დამოკიდებული და მის დაბლოკვას ვერც გერმანელი მერკელი და ვერც ფრანგი მაკრონი შეძლებენ (არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ გერმანიის ლიდერი გახლდათ).

"ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის" სტატუსი 1989 წლიდან ამოქმედდა და აშშ-ს დღეს 17 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რაც ამერიკულ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი კოლექტიურ თავდაცვასაც.

2009 წლიდან აშშ-სა და საქართველოს შორის მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, ქართულ პოლიგონებზე ყოველწლიურად ტარდება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები, მოქმედებს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრი და ნუთუ აღარ მომწიფდა ვითარება საიმისოდ, რომ საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად უფრო ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას - კერძოდ, ქართული სტრატეგიული ობიექტების დაცვის მოტივით ერთობლივი ქართულ-ამერიკული საბრძოლო დანაყოფების შექმნა და დისლოცირება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?!