ომის ვეტერანების შემოსავლის დაბეგვრის შეღავათის თამასა ისევ გაყინულია... - კვირის პალიტრა

ომის ვეტერანების შემოსავლის დაბეგვრის შეღავათის თამასა ისევ გაყინულია...

იმის მტკიცება, რომ დღეს საქართველოში ომის ვეტერანები სრულიად უყურადღებოდ არიან მიტოვებულნი, უმადურობა იქნებოდა. ბოლო წლებში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურმა არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა, მაგრამ კვლავ რჩება ერთი ძველი პრობლემა, რომელიც, დიდი ხანია, მოითხოვს მოგვარებას.

ლაპარაკია ომის ვეტერანების საგადასახადო შეღავათზე. "საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოსავალი 6000 ლარამდე," - ასეა მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, მოქმედებს.

ეს საგადასახადო შეღავათი ითვალისწინებს, რომ თუკი ომის ვეტერანი წელიწადში გამოიმუშავებს 3 ათას ლარზე ნაკლებს, ის თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისგან.

ეს საგადასახადო შეღავათი, რომელიც 1997 წელს პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლებამ დააწესა, აფხაზეთის ომიდან ახალდაბრუნებული მებრძოლებისთვის მართლაც კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან მართალია, მაშინდელი ნომინალური ხელფასი სულ რაღაც 45 ლარი იყო, მაგრამ ახალშემოღებულ ლარს თავი ყოჩაღად ეჭირა!

მაშინდელი ყოველთვიური ხელფასი ომის ვეტერანებისთვის, რომლებსაც გაგვიმართლა და ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდით, ძირითადად, 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობდა და მთელი წლის შემოსავალი ვერც კი აღწევდა საგადასახადო შეღავათის ზღვარს. დრო გავიდა, ხელფასი გაიზარდა, თუმცა ლარის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს 800-900-ლარიანი ხელფასი სამხედრო სამსახურში კონტრაქტით მისულ კაპრალსაც აქვს, ომებგამოვლილი ოფიცრების ხელფასი კი უკვე ორ-სამ თვეში აჭარბებს საგადასახადო შეღავათის 3-ათასიან თამასას.

დროა, დადგენილი ზღვარი გაიზარდოს, მაგრამ არც სააკაშვილის ხელისუფლებას და არც დღევანდელს ეს არ გაუკეთებიათ. ერთადერთი, რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივით განხორციელდა, ის არის, რომ 2018 წელს შეღავათით მოსარგებლეთა სიას დაემატნენ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლი ვეტერანები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მთავრობისთვის მომზადებული აქვს დოკუმენტი, რომელიც 3-ათასიანი საგადასახადო შეღავათის ზღვრის 6 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს ომის ვეტერანებისთვის, ხოლო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის - ექვსიდან ცხრა ათასამდე. მეორე წინადადება ეხება 22-ლარიან ყოველთვიურ ფულად დახმარებას, რომელსაც ომის ვეტერანებს (ვინც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული, ამ თანხას ვერ იღებს) სახელმწიფო უხდის კომუნალური გადასახადების ნაწილის საკომპენსაციოდ. დღეს ეს თანხაც სასაცილო ჩანს, ამიტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შეთავაზებაა, ეს დახმარება 100 ლარამდე მაინც გაიზარდოს.

იქნება თუ არა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ომის ვეტერანთა ინტერესები, მალე ვნახავთ, მაგრამ იმედი მაინცდამაინც არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ წლიური 3-ათასლარიანი საგადასახადო შეღავათი დღეს უკვე აბსოლუტური ნონსენსია.