პუტინის დაბომბილ გზას საქართველომდე კადიროვი აღადგენს?
24-11-2019
პუტინის დაბომბილ გზას საქართველომდე კადიროვი აღადგენს?
"რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინიციატივა, ჩეჩნეთი თურქეთს საქართველოს გავლით, საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციებით დაუკავშიროს..."

რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ოღონდ განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ სურს ჩეჩნეთიდან თურქეთსა და შემდგომ ევროპაში გზა საქართველოს გავლით "გაჭრას".

კადიროვის ინიციატივა სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო კომუნიკაციების აშენების თაობაზე არახალია. რუსი საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქციაც კი გამოიწვია კადიროვის მოთხოვნამ, რომ მოსკოვმა ჩეჩნეთს გროზნო-კრასნოდარის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 1,2 ტრილიონი
რუბლი გამოუყოს, მაგრამ ეს რუსეთის საშინაო საქმეა და თვითონ არკვიონ, ვინ რამდენ მილიარდ რუბლს იპარავს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა კადიროვის ახალი ინიციატივა უკვე საქართველოს უსაფრთხოებას ეხება და ძალზე დამაფიქრებელია.

ერთია, როდესაც რუსეთიდან საქართველოში შემომავალი სამხედრო გზის ნაწილი რემონტდება, რადგან ეს ჩვენივე მგზავრობის უსაფრთხოებასა და ტურისტული
ბიზნესის განვითარებას ემსახურება, მაგრამ სულ სხვაა ახალი საგზაო კომუნიკაციების შექმნა ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში გადმოსასვლელად.

1992 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც გაგრა-განთიადი დავკარგეთ, რუსეთის ტერიტორიიდან აფხაზი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი ჩრდილოკავკასიელების, ასევე - რუსი სამხედროების მთავარ მომმარაგებელ არტერიად ფსოუ-ეშერის გზის მონაკვეთი იქცა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბმა რუსეთის არმიის საბრძოლო დანაყოფებისა და მძიმე ტექნიკის ცხინვალისკენ ოპერატიულად გადმოსროლაში სტრატეგიული როლი ითამაშა.

ეს ორი ფაქტიც კმარა მისახვედრად, რომ საქართველოსადმი არცთუ მეგობრულად განწყობილი რუსეთისთვის დამატებითი სატრანსპორტო კომუნიკაციების შექმნა უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, მით უმეტეს - თუკი საქმე ეხება დღეს რამზან კადიროვის კონტროლირებად ჩეჩნეთს.

მიუხედავად იმისა, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ შამილ ბასაევის რაზმის გარდა, ასობით სხვა ჩეჩენიც იბრძოდა, ორ-სამ წელიწადში - 1995-96 წლებში ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ჩვენმა ქვეყანამ ათასობით ჩეჩენი ლტოლვილი შეიფარა არა მარტო პანკისის ხეობაში, რითაც ისინი სიკვდილს გადაარჩინა. იგივე განმეორდა ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისთანავე, როდესაც 1999 წლის ბოლოდან, ითუმ-ყალედან შატილის მიმართულებით ლტოლვილთა ნაკადი დაიძრა, რომელსაც პერიოდულად რუსული ავიაცია ბომბავდა.

სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი სულგრძელობისა, რაც ქართველმა ერმა გამოიჩინა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განმეორდა აფხაზეთის ომის ფაქტი - ქართულ მიწაზე შემოჭრილი რუსული არმიის ავანგარდში ჩეჩნების რამდენიმე რაზმი იბრძოდა და მათ შორის ისინიც იყვნენ, ვინც ბავშვობისას შევიფარეთ...

დღეს კადიროვი გამოდის ინიციატივით, რომ აღადგინოს ითუმ-ყალედან შატილამდე მომავალი გზა, რომელსაც თავის დროზე პუტინის ბრძანებით რუსული ავიაცია ბომბავდა.

ამ გზის მშენებლობა 1997 წლიდან წამოიწყო ჩეჩნეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა და ამით ათასობით თანამოქალაქე გადაარჩინა სიკვდილს, რადგან სწორედ ამ 30 კმ-ზე გრძელი მოხრეშილი გზით შეძლეს შატილში გადმოსვლა, მაგრამ კადიროვი მასხადოვი არ არის. ის თავს პუტინის ჯარისკაცს უწოდებს და მზად არის მისი ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად. რა მოხდება, თუ ჩეჩნეთ-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ გზაზე ერთ მშვენიერ დღეს ტურისტებიანი ტაქსების ნაცვლად რუსი სამხედროების ტანკები გამოჩნდებიან?

არის კიდევ ერთი საფრთხე. ვთქვათ, მოხდა საოცრება და რუსეთის ფედერაცია დაშლის პირას აღმოჩნდა. დარჩება კი კადიროვი ძალაუფლებაშესუსტებული პუტინის ერთგულ ჯარისკაცად, თუ მთავარსარდლობასა და სამხრეთ კავკასიაში გალაშქრებასაც მოინდომებს? ანუ აღმოვჩნდებით თუ არა თანამედროვე ლეკიანობის საშიშროების წინაშე?

ქართველი
27 ნოემბერი 2019 12:35
აოხრებსო, ეს ფანტაზიორი ვინ არისხ?
nato
24 ნოემბერი 2019 23:08
კადიროვი არის ესჰმაკი იკოს დანგრეული არ გვცჰირდება ცჰვენ ისედაც კარგი გზა გვაკვს ტურკეტტან და ევროპასტან,არავიტარი აგდგენა,როცა საცჰირო გახდება კარტველები ტვიტონ აგადგენენ,კადიროვს ცჰვენტან ომი ტუ უნდა მიიგებს ვანახებტ რომ კარტველები ლაცჰრები არ ვარტ.
ალუდა
24 ნოემბერი 2019 20:17
როცა საქართველოს ტერიტორიების გაერთიანება, დაბრუნება, სრული კონტროლი დამყარდება მაშინ საქართველოს შეუძლია დაჯდეს და მოილაპარაკოს რუსეთის ფედერაციასთან გზების გაყვანა გამოყვანაზე. მანამდე ტაბუ აქვს დადებული ყველანაირ გზების გაყვან გამოყვანას.

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები