"მიგები", "სუები" და "იაკები" მეცხვარიშვილის გარეშე ვერ აფრინდებოდნენ... - კვირის პალიტრა

"მიგები", "სუები" და "იაკები" მეცხვარიშვილის გარეშე ვერ აფრინდებოდნენ...

"უცნობი ქართველი კონსტრუქტორი, რომელმაც ვიეტნამის ომში საბჭოთა "მიგებს" ამერიკულ "ფანტომებთან" თანაბარი საჰაერო ორთაბრძოლის საშუალება მისცა"

აფრენისას ასეთი Су-15ТМ-ები მარნეულის მცხოვრებლებს დილაუთენია აღვიძებდა, რადგან მეცხვარიშვილის ორი ძლიერი ტურბორეაქტიული ძრავა ფორსაჟის ჩართვისას გამაყრუებელ ხმას გამოსცემდა

როდესაც საქართველოში ასეთი დაძაბული შიდა თუ გარე პოლიტიკური სიტუაციაა, მუდმივად პოლიტიკურ თამაშებზე წერა მკითხველსაც ღლის და ჟურნალისტსაც. ამიტომ ცოტა განყენებულ თემას შევეხებით, ისტორიის ნაკლებად ცნობილ ფურცელს, რომლის მთავარი გმირი ჩვენი თანამემამულეა, ვინც მსოფლიო საბრძოლო რეაქტიული ავიაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში მას თითქმის არ იცნობენ.

ნიკოლოზ მეცხვარიშვილის რეაქტიული ძრავებით ცაში დაახლოებით 18 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი აფრინდა

ქართველი კონსტრუქტორების - ალექსანდრე ქართველიშვილის, ალექსანდრე ნადირაძის, მიხეილ გრიგორაშვილისა და სხვათა სახელებს ქართველი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ამაში არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის "კვირის პალიტრასაც", რომლის ფურცლებზე ჯერ კიდევ 1997 წლიდან ქვეყნდებოდა სტატიები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სამხედრო კონსტრუქტორებზე.

ამჯერად სტატია ნიკოლოზ გიორგის ძე მეცხვარიშვილის ძალზე საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას ეხება. სიმართლე რომ ვთქვათ, მის შესახებ ბოლო დრომდე ჩვენც არაფერი ვიცოდით.

ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ტურბორეაქტიული ძრავების შექმნა-დახვეწაში, რომელთა გარეშე ჰაერში ვერ აფრინდებოდა ვერც მიქოიანის МиГ-21, ვერც იაკოვლევის Як-28 და ვერც სუხოის Су-15, ანუ სწორედ ის ზებგერითი რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებითაც "ცივი ომის" დროს კრემლმა სამხედრო პარიტეტი დაამყარა ამერიკულ სამხედრო ავიაციასთან.

1911 წელს დაბადებულმა მეცხვარიშვილმა 1936 წელს მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა და მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების შიდაწვის ძრავების გაუმჯობესებაზე მუშაობდა, თუმცა თავი ომის შემდეგ გამოიჩინა წარმოებაში კლიმოვის პირველი საბჭოთა რეაქტიული ძრავის (რომელიც სინამდვილეში ბრიტანეთში შეძენილი "როლს-როისის" "ნინის" ტიპის ძრავის კლონი გახლდათ) წარმატებით დანერგვის გამო, რისთვისაც სტალინის სახელობის პრემიაც დაიმსახურა, მაგრამ სახელი მაინც პირველი საბჭოთა ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავის (რომლის საქშენიც რეგულირდებოდა) - Р11Ф-300 -ის შექმნითა და დახვეწით გაითქვა. ამ ძრავის შექმნა 1953 წელს კონსტრუქტორმა მიკულინმა წამოიწყო, მაგრამ არასახარბიელო შედეგების გამო ეს საქმე კონსტრუქტორ ტუმანსკის გადააბარეს და მისი სერიული წარმოება დაიწყეს მოსკოვთან, ტუშინოს ქარხანაში, სადაც მე-300 საცდელი საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე ნიკოლოზ მეცხვარიშვილი გახლდათ.

სწორედ მეცხვარიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით მოხერხდა, რომ მოდიფიცირებულმა Р11Ф-300 ტიპის რეაქტიულმა ძრავამ ფორსაჟის რეჟიმში თითქმის 6 ათასი კგ გაწევის ძალა აჩვენა. ასეთი მძლავრი რეაქტიული ძრავის შედარებით მსუბუქ, მიქოიანის МиГ-21 ტიპის გამანადგურებელზე დაყენების შემდეგ ამ საბჭოთა გამანადგურებელმა ვიეტნამის ომში ამერიკულ "ფანტომებს" თანასწორი წინააღმდეგობა გაუწია.

მეცხვარიშვილის მოდერნიზებული Р11Ф-300 ტიპის ფორსაჟკამერიანი ტურბორეაქტიული ძრავა ერთ ტონას იწონიდა. მისი სიგრძე 4,6 მ, ხოლო დიამეტრი - 0,8 მ იყო. ძრავის გაწევის ძალა 3,8 ტ-ს შეადგენდა, ფორსაჟის ჩართვის შემდეგ კი თითქმის 6 ტონამდე იზრდებოდა

მეცხვარიშვილის მოდერნიზებულ ფორსაჟკამერიან რეაქტიულ ძრავებს, მიქოიანის გარდა, კონსტრუქტორი იაკოვლევიც ამონტაჟებდა თავის საფრონტო ბომბდამშენ Як-28-ზე, არანაკლებ ცნობილი კონსტრუქტორი სუხოი კი - ზებგერით გამანადგურებელ გზაგადამჭრელ - Су-15 -ზე.

მეცხვარიშვილის მოდერნიზებული რეაქტიული ძრავის ასლების მასობრივი წარმოება ჩინეთმაც დაიწყო და მათ J-7 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავზე ამონტაჟებდა. სულ დამზადებულია 20 ათასზე მეტი ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის Р11Ф-300 ტიპის ტურბორეაქტიული ძრავა, რომელთა საშუალებით არანაკლებ 18 ათასმა საბრძოლო თვითმფრინავმა (ზოგიერთს ორი ძრავა ჰქონდა) იფრინა და დღესაც დაფრინავს ჩინეთისა თუ ჩრდილოეთ კორეის ცაში...

მართალია, კონსტრუქტორი მეცხვარიშვილი უცნობი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ 1960-იანი წლებიდან 1992 წლის ჩათვლით მის სახელს ირიბად ყოველდილა იხსენებდა ათასობით მცხოვრები არცთუ სასიამოვნო კონტექსტში, როდესაც მარნეულის აეროდრომზე გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი Су-15 -ები მეცხვარიშვილის ორი რეაქტიული ძრავის საშინელ ხმას უშვებდნენ. ანალოგიურ "ბედნიერებას" განიცდიდნენ ვაზიანის, ცხაკაიის, მერიისა თუ კოპიტნარის ბინადრებიც, თუმცა მცირე "შეღავათით", რადგან ამ აეროდრომებზე ბაზირებულ МиГ-21 -ებს მეცხვარიშვილის მხოლოდ ერთი რეაქტიული ძრავა ჰქონდათ, სამაგიეროდ, 1970-იან წლებში კურორტ გუდაუთას იაკოვლევის Як-28 -ზე დაყენებული მეცხვარიშვილის ორი ფორსაჟჩართული ძრავა დილაუთენია "წამოყრიდა".

რეაქტიული ძრავების კონსტრუქტორი ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, რომლის პიროვნება "ცივი ომის" დროს გასაიდუმლოებული იყო, 1965 წელს, 54 წლისა გარდაიცვალა, თუმცა მისი ძრავებით აღჭურვილი საბრძოლო თვითმფრინავები დღესაც იჭრებიან ცაში.