რით განსხვავდება ერთმანეთისგან მიტინგის დარბევა და დაშლა... - კვირის პალიტრა

რით განსხვავდება ერთმანეთისგან მიტინგის დარბევა და დაშლა...

"მიტინგის დაშლა, როდესაც კანონი ამის უფლებას აძლევს ხელისუფლებას, მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, რათა ამ დროს გამოყენებული არალეტალური სპეცსაშუალებები არ გახდეს მომიტინგეთა დასახიჩრებისა და მით უმეტეს - დაღუპვის მიზეზი"

არასანქცირებული მიტინგის ძალისმიერი მეთოდებით დაშლისას სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა დაიცვან სპეცსაშუალებების გამოყენების წესები და უსაფრთხოების ნორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტინგის დაშლა მის დარბევაში გადაიზრდება.

2019 წლის 18 ნოემბერს სამართალდამცველებმა თბილისში, პარლამენტის შენობის გარშემო სპეცოპერაცია ჩაატარეს ბლოკირებული შესასვლელების გასახსნელად და გზებიდან ქვიშის ტომრების ბარიკადების ასაღებად.

2007 წლის 7 ნოემბერს პარლამენტთანვე სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს მომიტინგეთა კარვების ასაღებად.

მაგრამ ეს სპეცოპერაციები ერთ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს, როგორც მომიტინგეთა დაშლა, მეორე შემთხვევაში კი - როგორც მომიტინგეთა დარბევა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, პირიქით, მომიტინგეები აქტიურობდნენ პარლამენტში შესაჭრელად და რამდენიმე საათი პოლიცია მხოლოდ თავს იცავდა, მაგრამ მერე ზოგიერთი სპეცრაზმელის მიერ სპეცსაშუალებების არასწორი გამოყენებისა და მომიტინგეების კვალდაკვალ ქუჩებში რეზინის ტყვიების სროლით დევნის გამო ამ მიტინგის დაშლა დარბევას დაემსგავსა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, ჩანს, გააანალიზა ივნისში დაშვებული მძიმე შეცდომები და 18 ნოემბრის სპეცოპერაცია მაქსიმალურად კორექტულად - მხოლოდ ბრანდსპოიტების გამოყენებით ჩაატარა.

მიტინგის დაშლა, როდესაც კანონი ამის უფლებას აძლევს ხელისუფლებას, მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, რათა ამ დროს გამოყენებული არალეტალური სპეცსაშუალებები არ გახდეს მომიტინგეთა დასახიჩრებისა და მით უმეტეს - დაღუპვის მიზეზი.

საქართველოში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესები, რომელთაც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების კვალი ეტყობა (და არა მარტო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის), სამწუხაროდ, არც მომავალში გამორიცხავს ქუჩებში დაპირისპირებას, მაგრამ თუნდაც სამართალდამცავთა კანონიერი მოქმედების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მიტინგის დაშლა დარბევად იქცევა, რაც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, ხელისუფლებისადმი კი ნეგატიურად განაწყობს საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელიც არ იზიარებს დღევანდელი ოპოზიციის ხშირად პროვოკაციულ ქმედებებს.