ტრამპი არსენას როლში - ნატოს ვართმევ, საქართველოს ვაძლევ?! - კვირის პალიტრა

ტრამპი არსენას როლში - ნატოს ვართმევ, საქართველოს ვაძლევ?!

70 წლის ნატოს "სიბერე" შეეპარა...

2 დეკემბერს, როცა "კვირის პალიტრის" ეს ნომერი გამოვა, ლონდონში საზეიმოდ აღნიშნავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის 70 წლისთავს.

თუმცა, საეჭვოა, ალიანსის წევრ ქვეყნებს ბევრი საზეიმო ჰქონდეთ, რადგან "მოხუცებულ" ნატოს, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა დაუგროვდა, რაშიც თავისი წილი დანაშაული სწორედ ალიანსის წევრ ევროპულ ქვეყნებს და ასევე მის მთავარ "მაცოცხლებელ ძალას" - აშშ-საც მიუძღვის.

ნატოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბერლინის კედლის დანგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ის ანაბიოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩათვალა რა, რომ კრემლიდან მთავარი საფრთხე გაქრა.

ამის შემდეგ ნატოს წევრი წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მიზანმიმართულად ასუსტებდნენ თავიანთ წვლილს ალიანსის გაძლიერებაში და საკუთარი არმიების დაფინანსება უკიდურესად შეამცირეს.

შედეგმაც არ დააყოვნა - დღევანდელი გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა თუ "ბებერი ევროპის" სხვა ქვეყნების არმიების საბრძოლო შესაძლებლობები ძალზე არასახარბიელოა და მომძლავრებული პუტინის არმიის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ევროპა მთლად ალიანსის მთავარი მამოძრავებელი ძალის - აშშ-ის იმედად არის დარჩენილი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ Dდონალდ ტრამპს, ჩანს, მოჰბეზრდა "ყელზე ჩამოკიდებული" ევროპელი თანაალიანსელები და ნატოს 70 წლის იუბილეს აღნიშვნის წინ მათ არასასიამოვნო "საჩუქარი" მოუმზადა - ამერიკული მასმედიის ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს ბიუჯეტში ამერიკული ფინანსური შენატანის 22%-დან 16%-მდე შემცირებას აპირებს!

ეს სერიოზულ დარტყმად იქცევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავლისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ვაშინგტონს სხვა გზა არ დარჩენია, რადგან პრეზიდენტ ტრამპის არაერთ მოწოდებას, რომ ალიანსის წევრმა მთავარმა ევროპულმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდონ, გერმანიის კანცლერი მერკელი პასუხობს, რომ ამას მხოლოდ ათი წლის შემდეგ შეძლებს.

ამერიკული ფულის გარეშე დარჩენილი ნატო, რა თქმა უნდა, ნაკლებად იფიქრებს აღმოსავლეთ გაფართოებასა და თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მედალს მეორე მხარეც აქვს. იმავე ამერიკული საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს ბიუჯეტში შენატანის 6%-ით შემცირების პარალელურად, დაზოგილ თანხას კონკრეტული ქვეყნებისთვის პირდაპირი დახმარების გასაზრდელად გამოიყენებს და ამ ქვეყნების სიის სათავეში, უკრაინის გვერდით, საქართველოც არის.

რა გამოდის? ვაშინგტონს მოჰბეზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაბერილი ბიუროკრატიული სისტემის მუდმივი დონორობა და უფრო ეფექტიან გზად მიზნობრივი დახმარების მექანიზმის ამუშავებას აპირებს.

21 ნოემბრის "კვირის პალიტრაში" ჩვენ ვახსენეთ ის პერსპექტივა, რომ აშშ-ის "ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის" სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს შეიძლება უსაფრთხოების გაზრდის უფრო რეალური პერსპექტივა გაუჩნდეს, ვიდრე იმის შემყურეს, თავის პრობლემებში ჩაძირული ალიანსის წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები როდის დასძლევენ კრემლის შიშს და ალიანსის კართან მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ატუზულ ქართველებს მისი გადაბიჯების უფლებას მოგვცემენ.

P.S. 1999 წელს, როცა ნატო თავის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს აღნიშნავდა, მოულოდნელად აღმოვჩნდი ძალზე უცნაურ სიტუაციაში - ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინიდან გამოსვლისას პარმაღზე…თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, ხავიერ სოლანას შევეჩეხე! ბუნებრივია, გზა დავუთმე და მადლობაც დავიმსახურე, თუმცა გულში გავივლე - როგორც მე შემოგიშვი, ნეტავ, ნატომაც ასე მალე შეუშვას საქართველო თავის კარში-მეთქი. მას შემდეგ ოცმა წელმა განვლო, ნატოს კართან მდგომი საქართველო კი ლოდინით დაიღალა.