სუს-ი და ჟურნალისტები ერთობლივად ტერორიზმის წინააღმდეგ...
სუს-ი და ჟურნალისტები ერთობლივად ტერორიზმის წინააღმდეგ...
რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ტერორისტული საფრთხის აღკვეთისას მედიამ ხელი არ შეუშალოს სპეცსამსახურს და არც მან "აშიმშილოს" ჟურნალისტები ინფორმაციულად?!

ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო... ეს ქართული ანდაზა ყოველთვის აქტუალურია და ზედგამოჭრილად მიესადაგა იმ რთულ სიტუაციასაც, როცა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიციასთან ერთად ტერორისტებად მიჩნეული სამი შეიარაღებული პირის გაუვნებლების სპეცოპერაციას ატარებდა.

იმ დროს ერთმანეთით უკმაყოფილო გახლდათ ყველა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმით, რომ ტელევიზიები პირდაპირი ეთერით აჩვენებდნენ სპეცრაზმელების
ჩასაფრების ადგილებსა და მოძრაობას, ჟურნალისტები კი იმით, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის მეტი ინფორმაცია სჭირდებოდათ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. მომავალში იგივე რომ არ განმეორდეს (მით უმეტეს, რომ ტერორისტული აქტებისგან დღეს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული), შეიძლება თუ არა, რომ მშვიდობიანობის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მასმედიის წარმომადგენლებმა
ერთობლივად შეიმუშაონ კრიტიკულ სიტუაციაში თანამშრომლობის მექანიზმი ისე, რომ ჟურნალისტებმაც შეძლონ საზოგადოების ოპერატიული და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ობიექტური ინფორმირება და არც სპეცოპერაციის მონაწილეები აღმოჩნდნენ ტერორისტების სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ ექსკლუზიური კადრების მოპოვების სურვილით ანთებულმა რომელიმე ტელევიზიამ ისინი პირდაპირ ეთერში, ტერორისტების სანახავად "გამოაჭენოს"?

სწორედ ეს სცადეს სუს-მა და მასმედიამ გასულ კვირას წინანდალში. ევროკავშირის დაფინანსებით, შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სემინარზე "მედიის როლი ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლაში" ქართველ ჟურნალისტებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს ბრიტანელმა ექსპერტებმა, რომელთაც თავის დროზე არაერთი ტერორისტული აქტი გამოუძიებიათ და კარგად იციან, რა პრობლემები სდევს მასმედიით მათ გაშუქებას. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ სემინარზე ის გახლდათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასმედიასთან დიალოგის გზას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებისგან არაერთი მწვავე კრიტიკული შენიშვნა მიიღო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით. ცუდი არ იქნებოდა, თუ თეორიულ სემინარს პრაქტიკული სწავლებაც მოჰყვებოდა ტერორისტული აქტის მოდელირებით. როგორ მზადდება და ტარდება კონტრტერორისტული ოპერაცია, როგორ ათავისუფლებენ მძევლებს და როგორ აშუქებს ამას მასმედია. ამის შემდეგ სპეცსამსახურის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეეძლებათ, ერთად გააანალიზონ შეცდომები და დახვეწონ ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმი რეალური კრიტიკული სიტუაციებისთვის.

რატომ არ გამოვაქვეყნე შამილ ბასაევის ექსკლუზიური ინტერვიუ...

ხანდახან ჟურნალისტს ხელში უვარდება მართლაც ძალიან საინტერესო ექსკლუზიური მასალა, მაგრამ მისი გამოქვეყნებისაგან შეიძლება თავი შეიკავოს, რადგან ჩათვალოს (ზეწოლის გარეშეც), რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებს, ან სულაც ქვეყნის ინტერესებს.

მეც მქონდა ასეთი შემთხვევა...

ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ გროზნოში ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ ჩავწერე შამილ ბასაევთან, რომელიც უკვე მსოფლიო დონის ტერორისტად იყო მიჩნეული (თუნდაც მხოლოდ ბუდიონოვსკის საავადმყოფოში 1 600-მდე მძევლის აყვანის გამო).

ექსკლუზიური ინფორმაციის გავრცელება ყველა ჟურნალისტს გაუთქვამს სახელს და ფინანსურადაც მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ბასაევის ინტერვიუს კასეტა თბილისში დაბრუნებისას თაროზე შემოვდე და ათიოდე წელი არ მივკარებივარ. რატომ ვთქვი უარი შამილ ბასაევთან ექსკლუზიური ინტერვიუს გამოქვეყნებაზე? იმიტომ, რომ ჩემს პირველივე შეკითხვას - რუსებისთვის ომის მოგების შემდეგ ხომ დარწმუნდით, რომ ჩეჩნებსაც და ქართველებსაც ერთი მოწინააღმდეგე გვყოლია, ამიტომ ხომ არ ნანობთ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას-მეთქი, მტკიცე უარი მოჰყვა - არა, აფხაზეთის ომში მე აფხაზებს ქართველების გენოციდისგან ვიცავდიო (ამ საუბრისას ჩემს რეაქციებს "კალაშნიკოვის" ხელის ტვიამფრქვევებით შეიარაღებული ბასაევის ორი მცველი ყურადღებით აკვირდებოდა). შამილ ბასაევის ამ სიტყვების გავრცელება საქართველოში, სადაც მის მიმართ ისედაც უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება იყო გაგრაში ქართველების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, უფრო დაძაბავდა ჩეჩნებთან ურთიერთობას, არადა, მაშინ, ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ, გროზნოდან სამარცხვინოდ გაყრილი რუსი გენერლების ფონზე, პერსპექტიული ჩანდა თბილისი-გროზნოს ინტერესების დაკავშირება - პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ხელისუფლებას მსოფლიოსთან დასაკავშირებლად გზა რუსეთის გვერდის ავლით, საქართველოს გავლით მიეცემოდა, საქართველო კი ომგამოვლილი ჩეჩნეთის გვერდში ამოდგომით კავკასიაში პოზიციებს გაიმყარებდა, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში დახმარებით.

ბასაევის ინტერვიუს გამოუქვეყნებლობამ აღარ დაძაბა სიტუაცია, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ მასხადოვის თბილისში ოფიციალური ვიზიტი და პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრა. ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობა თითქოს გაუმჯობესდა და ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, 1999 წლის ბოლოს რუსეთს ჩეჩნეთში მეორე, შურისმაძიებელი ომი რომ არ წამოეწყო, რის საბაბადაც კრემლმა შამილ ბასაევის რაზმების დაღესტანში შეჭრა გამოიყენა, არადა, ბასაევი ორი წლით ადრე, იმ ინტერვიუში მეუბნებოდა, რომ მისი შემდგომი ნაბიჯი დაღესტნის "გათავისუფლება" იქნებოდა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები