"ისკანდერით" საქართველოზე, "კინჟალით" - ნატოზე?!
"ისკანდერით" საქართველოზე, "კინჟალით" - ნატოზე?!
"აგვისტოს ომში გამოცდილი რაკეტით კრემლი ახლა მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ემუქრება..."

ლონდონში გამართულ ნატოს სამიტზე, რომელზეც ალიანსის 70 წლისთავი აღინიშნა, განსაკუთრებით გამოიკვეთა ახალი რუსული სამხედრო საფრთხეები, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ემუქრება. ამ საფრთხეებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ალიანსის გენერლებმა ახალ სარაკეტო კომპლექს "კინჟალს" მიაქციეს.

რატომ უფრთხიან ასე ნატოელი სამხედროები "რუსულ ხანჯალს" და რა აკავშირებს მას საქართველოსთან?

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ოცზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმრავლესობა მოძველებული
"ტოჩკები" და შედარებით ახალი "ტოჩკა-უ"-ები იყო, თუმცა ვაზიანთან და გორის ცენტრის თავზე აფეთქდა იმ დროისთვის უახლესი და გასაიდუმლოებული "ისკანდერ-მ" ტიპის ორი რაკეტის კასეტური ქობინიც. ეს რაკეტები საქართველოს მიმართულებით ჩრდილო ოსეთიდან გამოუშვეს და რუსმა გენერლებმა, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, მათ სტარტს საუდის არაბეთის წარმომადგენლებიც კი დაასწრეს, რადგან
"ისკანდერების" მათთვის მიყიდვას აპირებდნენ.

გორსა და ვაზიანში აფეთქებული რუსული უახლესი "ისკანდერების" ფრაგმენტები ქართველმა სპეციალისტებმა შეაგროვეს, თუმცა მოგვიანებით ამერიკული მხარის თხოვნით მათ გადავეცით. Aამე­რიკელმა ექსპერტებმა "ისკანდერის" ამ ფრაგმენტებით რუსული თანამედროვე რაკეტმშენებლობის სფეროს შესახებ რაღაც ახალი შეიტყვეს, რის შემდეგაც ფრაგმენტები დაგვიბრუნეს, რადგან ქართულ მხარეს ის ნივთმტკიცებად დასჭირდა აგვისტოს ომში რუსეთის სამხედრო დანაშაულების საქმეში.

რუსული რვაბორბლიანი რაკეტმზიდიდან "ისკანდერ-მ" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 300 კმ-მდე რადიუსში გაშვების შესაძლებლობაში ამერიკული დაზვერვა აგვისტოს ომის მაგალითზე დარწმუნდა, მაგრამ დასავლეთისთვის არასასიამოვნო სიურპრიზად იქცა პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომ რუსეთის შეიარაღებაში გამოჩნდა ახალი საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "კინჟალი", რომლის რაკეტის ჩამოგდება შეუძლებელია, რადგან ის ჰიპერბგერით 10 ათას კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებს.

"რუსული ხანჯლის" ფოტო-ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ დასავლელი ექსპერტები გასაოცარ დასკვნამდე მივიდნენ - ახალი "კინჟალი" სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ნასროლი "ისკანდერების" მოდერნიზებული ვარიანტი, რომელსაც სტარტის აღება "მიგ-31" ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი საბრძოლო თვითმფრინავის ბორტიდან შეუძლია, რის გამოც მნიშვნელოვნად იზრდება რაკეტის მოქმედების რადიუსი.

თუკი ხმელეთიდან სტარტაღებული "ისკანდერ-მ"-ს მაქსიმალური 280 კმ შეეძლო დაეფარა, საჰაერო სტარტის შემთხვევაში მისი ფრენის მანძილი ათას კმ-მდე იზრდება, რასაც ემატება "მიგის" ფრენის რადიუსი და "კინჟალის" გამოყენების მაქსიმალური სიშორე ორი ათას კმ-ს აჭარბებს.

სწორედ ეს ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები - რომ ოკუპირებული ყირიმიდან ან კალინინგრადის ანკლავიდან აფრენილ რუსულ "მიგებს" აერობალისტიკური "კინჟალებით" თითქმის მთელი ევროპის "დაფარვა" შეუძლიათ (ესპანეთისა და პორტუგალიის გარდა) - იქცა ნატოელი სტრატეგების ახალ თავსატეხად, რადგან "კინჟალის" რაკეტა აღჭურვილია მართვისა და კორექტირების თანამედროვე სისტემებით, რომლებიც რაკეტის მიზანში მოხვედრის მაღალ სიზუსტეს (რამდენიმე მეტრის სიზუსტით) განაპირობებს. თუ ამას დავამატებთ "ისკანდერის", ისევე, როგორც "კინჟალის" საბრძოლო ქობინის ბირთვული მუხტით აღჭურვის შესაძლებლობას, ადვილი მისახვედრია, რა დიდი საფრთხის წინაშე დგება ნატო.
მკითხველის კომენტარი (4)
Giorgi
06 იანვარი 2020 05:40
Nato rusets ert lukmad ar eyofa
მურმანი
27 დეკემბერი 2019 02:25
კი აბა რა ნატოს თურმე ჩიტსაც ვერ აუფრენენ ჩიტს კი არა რუსეთმა ნატოს ნიფხავიც ჩახადა და მუხლებზე დაიჩოქა ასე რომ თქვენი ნატო ნელა ნელა გახდება კვატო
Nik
14 დეკემბერი 2019 14:06
ბატონი ირაკლი ალადაშვილის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სტატია გაბუქებულად აღიქმევა, საქმე ისაა რომ ასეთი ტიპის "პრადვინუტი" იარაღები ყოველთვის გააჩნიათ მხარეებს, ისე როგორც პერშინგი იტყო ნატოს მახვილი 80იანების დასაწყისში. ჩვენ ვიკითხოთ თორემ მერწმუნეთ ნატოს არაფერი არ უჭირს და ჩიტსაც ვერ აუფრენს ვერავინ, ნატოს უფრო დიდი პრობოლემა ემიგრანტების შესევაა ვინემ რუსული "კინჯალები".
მიშა
14 დეკემბერი 2019 12:57
კიდევ რით შეგვიძლია, რომ ნატოს დავეხმაროთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?