"ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა" - საქართველოს თავდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა" - საქართველოს თავდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

მათივე ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები პერიმეტრის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

"მათი ნაწილი კოშკურებიდან უზრუნველყოფდა ბაზის დაცვას, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა. მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის ბოლომდე შესრულება ვერ განახორციელა. კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია - 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია. ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"