ქართული ჯავშანსასწრაფოები ამჯერად უკვე ინდონეზიაში... (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ქართული ჯავშანსასწრაფოები ამჯერად უკვე ინდონეზიაში... (ექსკლუზივი)

ექსკლუზივი

"დელტამ" საუდის არაბეთის შემდეგ "დიდგორის" ბაზაზე დამზადებული შეჯავშნული სამედიცინო საევაკუაციო მანქანების პირველი პარტიის ინდონეზიაში გაყიდვა შეძლო

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება," - საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაუფიქრებლად ნათქვამი ამ ფრაზის საპირისპიროდ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" სწორედ ამ დღეებში საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას.

შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს იარაღის მწარმოებელ უზარმაზარ კონცერნებსა და ფირმებს შორის, რომელთა დიდი ნაწილის ბიუჯეტი საქართველოს მთლიან ბიუჯეტსაც კი აღემატება.

სწორედ ამიტომაც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვლოს, რომ "დელტა" ამ უთანასწორო ბრძოლაში განაგრძობს ურთულესი გზის გაკვალვას, რათა შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე საქართველომაც დაიკავოს, შეიძლება ძალზე მოკრძალებული, მაგრამ მაინც თავისი ნიშა.

პირველ წარმატებას "დელტამ" 2015 წლის დეკემბერში მიაღწია, როცა საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა ას მილიონდოლარიანი კონტრაქტი "დიდგორის" ბაზაზე შექმნილი ასზე მეტი შეჯავშნული სამედიცინო საევაკუაციო მანქანის მიწოდების შესახებ.

და აი, ზუსტად ოთხი წლის შემდეგ "დელტას" შეჯავშნული "მედევაკების" პირველი პარტია უკვე ინდონეზიის ტერიტორიაზეა.

შეჯავშნული ჯავშანსასწრაფოების პირველი პარტია საქართველოდან ინდონეზიაში ზღვით გაიგზავნა. ტრანსპორტირებას ერთ თვეზე მეტი დასჭირდა. დანიშნულების ადგილზე ჩატანილ "მედევაკებს" "დელტას" სპეციალისტები დახვდნენ, ხანგრძლივი ტრანსპორტირების შემდეგ მანქანები მწყობრში მოიყვანეს და გაამზადეს ინდონეზიის იმ ოფიციალური სტრუქტურისთვის გადასაცემად, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უცნობილესი ფირმების ანალოგიურ პროდუქციას საქართველოში აწყობილი ამჯობინა.

ქართულ "მედევაკებს", ალბათ, ინდონეზიელი პოლიციელები გამოიყენებენ (რაზეც ჯავშანსასწრაფოების შეღებვის ფერები მიუთითებს), თუმცა მათ ეს ჯავშანმანქანები, "დიდგორის" ნაცვლად, "ბიზონებად" მონათლეს.

ინდონეზიისთვის მიწოდებული ქართული ჯავშანმანქანების პირველი პარტიის რაოდენობა და კონტრაქტის ღირებულება ჯერჯერობით კომერციული საიდუმლოა, რომლის დაცვას მყიდველი დაჟინებით მოითხოვს.

შემკვეთი მხარის მოთხოვნით ასევე შეცვლილია "მედევაკების" სამედიცინო აპარატურის ნაწილიც.

ინდონეზიაში ქართული ჯავშანსასწრაფოების ჩატანის შემდეგ მცირე გაუგებრობაც მოხდა - იმ ინდონეზიურმა ფირმამ, რომლის ანგარებშიც იყო მოთავსებული "დელტას" პროდუქცია, მათ ფოტოები გადაუღო და ინტერნეტსივრცეში გაავრცელა, როგორც მათი შექმნილი...

ფეიკინფორმაციამ დიდხანს ვერ გაძლო, რადგან სიცრუის გავრცელების გამო ამ ფირმის ხელმძღვანელობას ინდონეზიის შსს-მ პასუხი მოსთხოვა და "დელტას" სპეციალისტების შექმნილის მოპარვის მცდელობაც მაშინვე გაქრა "ფეისბუკიდან".

ინდონეზიაში ისლამისტი ტერორისტები აქტიურობენ, რის გამოც ამ ქვეყნის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურებს საქმე არ ელევათ. იმის გათვალისწინებით, რომ "დელტას" ჯავშანსასწრაფოების დაცვის ხარისხი მაღალია (რასაც ორფენიანი ჯავშანი განაპირობებს), ინდონეზიელ პოლიციელებს დაჭრილების უსაფრთხოდ ევაკუაციის დიდი შანსი ეძლევათ, რადგან მათ 10 მ-დან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის შაშხანის ჯავშანგამტანი ტყვიებიც კი ვერაფერს დააკლებს.

P.S. საგულისხმოა, რომ საქართველოში აწყობილი სამხედრო ტექნიკა პირველად არ ხვდება ჩვენგან ასე შორეულ ინდონეზიაში. გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისიდან ჯაკარტაში, ინდონეზიელი სამხედრო პილოტების მოსამზადებლად, თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი რამდენიმე ზებგერითი, ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო გამანადგურებელი თვითმფრინავი МиГ-21У გაიგზავნა.

ჩვენი დოსიე:

270 მლნ-იანი ინდონეზიის რესპუბლიკა მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ინდონეზიის ეროვნული არმიის რაოდენობა თითქმის ნახევარ მილიონს აღწევს, ერთი ამდენი კი რეზერვში ირიცხება.