ჯარი, რომელიც გვყავს...
ჯარი, რომელიც გვყავს...
მიილია 2019 წელი და უკვე შეი­ძლება­ გავაანალიზოთ, რა მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენები მოხდა როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად შეეხო ან უახლოეს მომავალში მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

ჩორჩანას ხაზი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხედრო გზით შეძლო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აშკარა ოკუპირება, ამ ომიდან 11 წლის შემდეგ კი ოსი სეპარატისტების ხელით დაიწყო ოკუპაციის ხაზის ფარულად გადმოწევა ერთბაშად რამდენიმე კილომეტრზე.
ხაშურის რაიონში, სოფელ ჩორჩანასთან,
ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის საპასუხოდ, ოსმა სეპარატისტებმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერით ოკუპაციის ხაზი (რომელიც მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადიოდა) თითქმის 2 კმ-ით გადმოგვიწიეს და სურთ, კიდევ 300 ჰექტრამდე ქართული მიწა "მოგვპარონ".

ოკუპაციის ხაზის ასეთი მანძილით გადმოწევა, ალბათ, დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის საბადოებთან, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან
არის და რომელთა ხელში ჩაგდება სურთ ცხინვალელ სეპარატისტებს, რათა მერე იქ უცხოელი ინვესტორები შეიყვანონ და დიდი მოგებაც ნახონ.

ჩორჩანას ხაზთან სექტემბერში დაწყებული დაძაბულობა წლის ბოლოსთვის მინელდა, რადგან ლამის მთელი ქვეყნის ყურადღებამ დედაქალაქის ცენტრში ოპოზიცია-სამართალდამცავების "გამიშვი-არ გაგიშვებ" დაპირისპირებისკენ გადაინაცვლა, სეპარატისტებმა კი ახალმოპარულ ქართულ მიწაზე ახალი სამანქანო გზები გაჭრეს, თავდაცვის ზღუდეები მოაწყვეს და ოკუპაციის ახალი ხაზიც "დაგვიმტკიცეს".

მე-19 თავდაცვის მინისტრი

ლევან იზორიას სამწლიანი მინისტრობის შემდეგ არმიაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას საკადრო კარუსელი არ შეეხებოდა, მით უმეტეს, რომ მან ამერიკელ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა დაამყარა, თუმცა შემოდგომის დადგომისთანავე ყველანი სიურპრიზის მომსწრენი გავხდით - თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრად და არა - თავდაცვის უწყებაში.

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა უკავშირდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც, ბუნებრივია, მმართველ ძალას სურს, ამომრჩევლების რაც შეიძლება მეტი ხმა მოიპოვოს. თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში სამ ათეულ ათასამდე სამოქალაქო და სამხედრო პირია, რომელთა უკან მდგომი ოჯახის წევრების გათვალისწინებით, თავდაცვის უწყებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ამომრჩეველთა "არმიის" საერთო რაოდენობამ შეიძლება 60-70 ათას ხმასაც გადააჭარბოს... ახალმა მინისტრმა ძირითადი ყურადღება პირადი შემადგენლობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას დაუთმო. მან მოიარა თითქმის ყველა სამხედრო ბაზა და კრიტიკულად შეაფასა ყაზარმებისა და სასადილოების მდგომარეობა. შედეგად გამოჩნდა, რომ თავდაცვის მინისტრის ახალმა გუნდმა დაიწყო თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის კაპიტალური რემონტი და, რაც მთავარია, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის მომატება. გარემონტებულ ყაზარმაში გაღვიძება, გემრიელი კერძები სასადილოში, ახალი უნიფორმა, გამძლე ყელიანი ფეხსაცმელი, სამედიცინო დაზღვევის "ქოლგით" დაცული ოჯახი და მომატებული ხელფასი - ამის შემდეგ რატომ არ უნდა მისცენ ხმა სამხედრომ და მისი ოჯახის წევრებმა მმართველ პარტიას?

თუმცა, სასურველია, თავდაცვის ბიუჯეტიდან პირადი შემადგენლობის ხელფასებსა და სოციალურ პირობებზე დახარჯული თანხის ოდენობა ისევ 67%-მდე არ გაიზარდოს, რათა არმიის საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვის, წვრთნებისა და სწავლებების გამართვისთვის მეტი ფული დარჩეს.

თუკი ირაკლი ღარიბაშვილი ამ რთულ საკითხს თავს წარმატებით გაართმევს, იგი თავდაცვის მინისტრის სავარძელს სხვას დაუთმობს, თვითონ კი, ალბათ, უფრო მაღალი იერარქიის სავარძელში გადაჯდება.

პრეზიდენტი და არმია


საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წლისთავზე შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ არმიას აწყენინა და თითქმის გააერთიანა თავისი პერსონის წინააღმდეგ ის ოპოზიცია-პოზიცია, რომლებიც სხვა, ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე პრინციპულად არ და ვერ თანხმდებიან.

თითქმის წლის სკანდალად მიჩნეული სალომე ზურაბიშვილის ეს ფრაზა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ".

გასაგებია, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა, მაგრამ გამოვიდა იმ ქართული არმიის დაკნინებად, ვისზეც სწორედ პრეზიდენტმა - შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა იზრუნოს.

დღეს ქართული არმია საბრძოლო შესაძლებლობებით, აღჭურვილობითა და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით, სამწუხაროდ, ჩამორჩება მეზობელ სომხეთსა და მით უმეტეს, აზერბაიჯანს, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების საბრძოლო შესაძლებლობებზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. მაგრამ ვისი ბრალია, რომ ქართული საბრძოლო ავიაცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები მესამე წელია ჰაერში არ აფრენილან? ვინ არის დამნაშავე, რომ, მაგალითად, თბილისამდე სომხური თუ აზერბაიჯანული რაკეტების მოღწევა მათივე ტერიტორიებიდან სტარტის აღებით შეიძლება მაშინ, როდესაც ყველაზე შორსმსროლელი ქართული სარაკეტო დანადგარი 50 კმ-მდეც ვერ "ქაჩავს"? რატომ არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოშვებული რუსული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები ქართულ ცაში სისტემატურად დაფრინავენ?

Kკიდევ რამდენი ასეთი "რატომ" შეიძლება დაისვას, რომელსაც პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს და მათ შორის, პრეზიდენტმაც, ასევე დღევანდელი ოპოზიციის იმ ლიდერებმაც, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ქვეყნის სათავეში იყვნენ და დღემდე პასუხი არ უგიათ ასეთი სამარცხვინო დამარცხებისთვის და არც იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ალაფად უპრობლემოდ გაატანეს რამდენიმე მილიარდ ლარად ღირებული შეიარაღება, რომელიც დღეს ძალიან გამოადგებოდა ქართულ არმიას.

უცხოელი სამხედროები ქართულ პოლიგონებზე


ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი პარტნიორი ქვეყნების სამხედროები არც 20019 წელს მოჰკლებიან ქართულ პოლიგონებს. ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე ერთიმეორის მიყოლებით ჩატარებულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებზე იხვეწებოდა ნატოელ პარტნიორებთან ქართული არმიის საბრძოლო დანაყოფების კოორდინირებული მოქმედება, რასაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის ქართული დანაყოფების მომზადებისგან (რაც ასევე აუცილებელია) განსხვავებით, საერთაშორისო სწავლებების დროს როგორც შტაბებში, ისე - ქართულ პოლიგონებზე თამაშდება ლეგენდა მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო დანაყოფების შესაჩერებლად, კონტრსაბატარეო ცეცხლის საწარმოებლად, ავიაციის საჰაერო დარტყმების მოსაგერიებლად, ანუ მიმდინარეობს მზადება თავდაცვის იმ ხერხებისა და უნარების შესასწავლად, რომლებიც ასე გვაკლდა აგვისტოს ომის დროს.

სხვა საკითხია სწავლებაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დანაყოფებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის ევროპიდან საქართველოში საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით გადმოსროლისა და ჩვენს ტერიტორიაზე მათი სამანქანო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით პოლიგონებამდე ოპერატიულად ჩატანის ლოგისტიკური საშუალებების დახვეწა.

ვინ იყიდა ქართული შეიარაღება


გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტასთვის". აბუ-დაბის საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე "დელტას" პროდუქციამ დიდი დაინტერესება მოიპოვა, განსაკუთრებით კი - ახალმა­ თვითმავალმა ნაღმსატყორცნმა, რომელიც "დიდგორი მეომრის" ბაზაზე შეიქმნა. Aამას წინ უძღოდა "დელტაში" დამზადებული 120 მმ-იანი ბუქსირებადი ნაღმსატყორცნების არცთუ მცირე პარტიის მიყიდვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე გავლენიანი წევრისთვის, რაც ნატოს მიერ ქართული სერიული წარმოების შეიარაღების შეძენის პირველი ფაქტია. შემოდგომაზე კი "დელტაში" აწყობილი შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების პირველი პარტია ინდონეზიაში ჩავიდა და ეს ქვეყანა მეორეა საუდის არაბეთის შემდეგ, რომლის გზებზეც თბილისში აწყობილი ჯავშანმანქანები ივლიან. ამასთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში "დელტა" განაგრძობდა ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების დამზადებას ქართული არმიის პირადი შემადგენლობის აღსაჭურვად.

"ზემო" და "ქვემო" მეზობლების ჩახუტება

საქართველოს უშუალო მეზობელი თურქეთი მთელი "ცივი ომის" პერიოდში­ ნატოს ძირითადი დასაყრდენი იყო ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და შავი ზღვის აკვატორიაში. დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოსთვის, რომელიც ნატოში გაწევრებას, ამდენი წელია, უშედეგოდ ელოდება, სწორედ მისწრება იყო ასეთი მეზობლის გვერდით ყოფნა ალიანსის ზღურბლზე გადაბიჯებაში "ხელწასაკრავად", მაგრამ სიტუაცია იცვლება და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ახლა თავის რუს კოლეგას, პუტინს უფრო "ეხუტება", ვიდრე ისტორიული პარტნიორის - აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს. სირიის ომის, ასევე რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის გამო თურქეთ-აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორობაში ნაპრალი გაჩნდა, რაც გააღრმავა წლის ბოლოს მიღებულმა აშშ-ის სენატის რეზოლუციამ, რომელმაც ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. ამას უსათუოდ მოჰყვება ოფიციალური ანკარის საპასუხო ნაბიჯები; შეიძლება წამოიჭრას ინჯირლიყიდან ამერიკული საჰაერო სამხედრო ბაზის (სადაც ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბები ინახება) სასწრაფოდ გაყვანის საკითხიც.

საქართველოს "ზემო" და "ქვემო" მეზობლების - რუსეთისა და თურქეთის ასეთი დაახლოება ხელს შეუშლის ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის აკვატორიაში, რაც უარყოფითად იმოქმედებს ალიანსთან საქართველოს დაახლოების პროცესზე.
იკა
04 იანვარი 2020 21:45
გიორგი 100%
გიორგი
02 იანვარი 2020 23:57
საქართველოს ჯარში, როგორც აქ აღინიშნა, ყოფილა 30 000-მე თანამშრომელი. აქედან ალბათ, 20-25 ათასამდე ჯარისკაცი. ვკითხულობ, ჩვენი მეზობლების, დღევანდელი აზერბაიჯანის, სასომხეთის, თურქეთისა და რუსეთის არმიების ფონზე, ჩვენ გვყავს არმია? სხვათაშორის, თუმცა შეიძლება გყავდეს 10 ჯარისკაცი და არმია დავარქვათ. მე არავის აპეკუნად არ გამოვდგები, მით უმეტეს პრეზიდენტის, მაგრამ მხოლოდ ეს იგულისხმა ქალბატონმა სალომემ, ტვინი რომ წაჭამეთ.
ჟანა დარკი.
02 იანვარი 2020 23:39
30 წელია, ვუახლოვდებით ნატოს და არ დაადგა საშველი "ჩახუტებას". ეხლა თურმე, რუსეთის თურქეთთან დაახლოება, ხელს შეუშლის ნატოსთან, მეტ "ჩახუტებას". სწორედ ეს არის სახელმწიფოს სწორი კურსის არჩევა და მართვა. ამის ნიჭი არ გაგვაჩნია. მაშინ, რისთვის ხართ სათავეში. რისთვის დადიხართ, თვეში 30-ჯერ, ჯგუფ-ჯგუფად ევროპაში. რაც თქვენ მივლინებებში ფული გიხარჯიათ, ორი ყუთი კონიაკი და ეგ ფული, მიგეცათ რუსეთისათვის და ყველა წართმეულ ტერიტორიებს "ჩაგვახუტებდა".

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები