ახალი წლიდან სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსი იცვლება - კვირის პალიტრა

ახალი წლიდან სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსი იცვლება

სომხეთის შეიარაღებაში მრავალფუნქციური რუსული Су-30СМ-ების გამოჩენა უფრო დაძაბავს აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირებას...

სომხეთი ხდება დსთ-ის კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის შეიარაღებაში რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებლები - Су-30СМ-ები გამოჩნდება. ახალ წლამდე რუსეთიდან სომხეთში ორი ასეთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩაფრინდება, მომავალ წელს მათ კიდევ ორი დაემატება, სულ კი ერევანს არანაკლებ 12 ერთეული ასეთი "სუს" შეძენა სურს, რომ სრულყოფილი საბრძოლო ესკადრილია ჩამოაყალიბოს.

საბრძოლო ტექნიკას ერთმანეთთან დაპირისპირებული ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი მუდმივად ყიდულობენ და პერიოდულად ერთმანეთის წინააღმდეგაც იყენებენ, მაგრამ არის შეიარაღების კატეგორიები, რომლებიც პირველად გამოჩნდება სამხრეთ კავკასიაში და თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით ჩვენი არცთუ დიდი რეგიონისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს; მათი საშუალებით იცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მეტ-ნაკლებად არსებული სამხედრო ბალანსი, მით უმეტეს - თუ ეს არა თავდაცვის, არამედ შეტევითი დანიშნულების საბრძოლო ტექნიკაა.

რუსული Су-30СМ სამხრეთ კავკასიაში არასოდეს ყოფილა, თუმცა მისი წინამორბედი - Су-27С ტიპის გამანადგურებლები (ასევე ორადგილიანი საბრძოლო-სასწავლო მოდიფიკაციის Су-27УБ-ები, რომელთა ბაზაზე შეიქმნა Су-30СМ) დისლოცირებული იყო გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომზე და აფხაზეთის ომის დროს აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ რუსეთის ორი Су-27С ჩამოვარდა, რაც იმ დროისთვის მსოფლიოში უახლესი გამანადგურებელი თვითმფრინავის პირველი საბრძოლო დანაკარგი გახლდათ.

თანამედროვე რუსული Су-30СМ საბჭოთა დროინდელი Су-27С-ისგან ძალიან განსხვავდება. თუკი წინამორბედი, ძირითადად, საჰაერო ბრძოლებისა და მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გადაჭერისთვის იყო "დაგეშილი", ახალ "სუს" ამ ფუნქციების გარდა, მართვადი რაკეტებისა და საავიაციო ბომბების გამოყენებით სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებისთვის წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება შეუძლია.

Су-30СМ-ების შეძენით სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში (რომლის შემადგენლობაში დღეისთვის მხოლოდ 14 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 იყო დარჩენილი, მათგან ერთი - 1993 წლის ნოემბერში საქართველოდან რუსი პილოტის მიერ გატაცებული) ერთდროულად აღმოჩნდება ისეთი თვითმფრინავები, რომლებსაც შეეძლებათ როგორც გამანადგურებლის, ასევე გამანადგურებელ-გზაგადამჭრელის, რადიოელექტრონული ბრძოლის, მზვერავისა და ბომბდამშენის ფუნქციების შესრულება.

ასეთი უნივერსალურობის გარდა, Су-30СМ-ს მაქსიმალური 8 ტონა საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება შეუძლია, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს უზარმაზარ ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს - "მფრინავ ციხესიმაგრეებს" თუ ძალუძდათ.

უკვე სომხური უნივერსალური "სუების" მთავარი კოზირი კი მაინც მათი 1 500 კმ-იანი საბრძოლო მოქმედების რადიუსია, რაც ნიშნავს, რომ გიუმრის აეროდრომიდან აფრენილი სომხეთისდროშიანი ეს მრავალფუნქციური თვითმფრინავები იოლად "დაფარავენ" მთელ სამხრეთ კავკასიას (ცნობისთვის, ისინი ჰაერში საჰაერო ტანკერიდან დამატებითი საწვავით გაწყობის სისტემითაც არიან აღჭურვილნი, რაც მათი ფრენის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის) და შეეძლებათ საზღვაო სამიზნეების განადგურება კასპიისა და შავი ზღვის აკვატორიებშიც.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თუნდაც რამდენიმე ერთეული რუსული Су-30СМ-ის შეძენით სომხეთის არმიის ხელში აღმოჩნდება სამხრეთ კავკასიის მასშტაბის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბერკეტი, რაც, უპირველესად, მეზობელი აზერბაიჯანისთვის უნდა იყოს საგანგაშო და არც თურქეთისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო, რადგან არც ბაქოს და არც ანკარას ამგვარი საბრძოლო შესაძლებლობების მრავალფუნქციური თვითმფრინავები არ ჰყავთ. აზერბაიჯანის МиГ-29-ები და თურქული

F-16-ები თავიანთი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსულ, ამჯერად კი უკვე სომხურ Су-30СМ-ებს.

მკითხველმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავები სომხეთის ყველა პრობლემას მოაგვარებს. Су-30СМ-იც ხშირად განიცდის ავარიას (თითქმის 700-მდე გამოშვებულიდან დღემდე არანაკლებ 19 ასეთი თვითმფრინავი ჩამოვარდა), მაგრამ მისი მთავარი ნაკლი დიდი გასაყიდი ფასი და ძალიან ძვირი ექსპლუატაციაა.

რუსეთი ამ თვითმფრინავის საექსპორტო ვარიანტს 80-90 მლნ დოლარად ყიდის, საკუთარი არმიისთვის შესყიდვა კი 40-50 მლნ დოლარამდე უჯდება. ისინი მოსკოვმა სომხეთს სწორედ იმ შედარებით ნაკლებ ფასად მიჰყიდა, რომელიც საკუთარი არმიისთვის აქვს დაწესებული, თუმცა ერევანს, რა თქმა უნდა, არც ამის ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა და კონტრაქტი ისევ რუსული კრედიტით გაფორმდა, რაც სომხეთის მიერ რუსული შეიარაღების შესყიდვის ისტორიაში აქამდეც არაერთხელ მომხდარა.

მეორე ნიუანსი ის გახლავთ, რომ ორძრავიანი და 34-ტონიანი Су-30СМ-ის ექსპლუატაცია ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი საათის ფრენისას ეს თვითმფრინავი არანაკლებ 4 ტონა საავიაციო ნავთს წვავს და ყველა დანახარჯის გათვალისწინებით (ტექნიკური მომსახურება, პილოტებისა და ტექნიკოსების ანაზღაურება და ა.შ.) მისი ერთსაათიანი ფრენის ფასი თითქმის 40 ათას დოლარს აღწევს, რაც ნავთობით მდიდარი რუსეთისთვისაც არ არის უმნიშვნელო, რომ არაფერი ვთქვათ, ეკონომიკურად არცთუ დალხენილ ჩვენს მეზობელ სომხეთზე.

Су-30СМ-ის შეძენამდე სომხეთი შვედეთიდან "გრიპენის" ტიპის მსუბუქი ერთძრავიანი გამანადგურებლების ყიდვაზეც ფიქრობდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მაინც კრემლის ინტერესებმა სძლია და, სავარაუდოდ, აი, რატომ - ერევანთან, სამხედრო აეროდრომზე, მერამდენე წელია, რუსეთის სამხედრო ბაზის 18 ერთეული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელია განთავსებული. ეს ყველაზე მოძველებული მოდიფიკაციის "მიგებია", რომლებიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს შემორჩათ. ალბათ, მომავალი წლიდან სომხეთში ამ "მიგების" შეცვლას რუსეთი სწორედ ისეთი მრავალფუნქციური Су-30СМ-ებით დაიწყებს, როგორიც უკვე "მიჰყიდა" ერევანს. ამით გაადვილდება ერთნაირი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ექსპლუატაცია და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება, თუმცა აქ შეიძლება ერთი სამხედრო ეშმაკობაც იმალებოდეს, კერძოდ, აგვისტოს ომის შემდეგ ქართული მხარე ბლოკავს რუსული საბრძოლო თვითმფრინავების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში გადაფრენა-გადმოფრენას და შეიძლება მოსკოვმა "სომხურ" "სუებს" ერევანში თავისი თვითმფრინავებიც "გააყოლოს"...

რით უპასუხებს ბაქო ერევნის ახალ "სუებს"?

დღემდე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო-საჰაერო ძალები აზერბაიჯანს ჰყავს, თუმცა მისი МиГ-29 ტიპის გამანადგურებლები სომხურ Су-30СМ-ებთან თანაბარი საჰაერო ბრძოლების გასამართავად ნაკლებად გამოდგება. აზერბაიჯანელი სამხედროები მთავარ ყურადღებას უფრო საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაქცევენ, მათ შორის - რუსულ С-300 ПМУ-2 "ფავორიტებს", "ბუკებსა" და "ტორებს", ასევე ისრაელისგან ნაყიდ Barak-8-სა და "სპაიდერებს", რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნის სომხურ მრავალფუნქციურ "სუებს".

არ არის გამორიცხული, სომხეთისთვის ახალი Су-30СМ-ების მიყიდვის საპირისპიროდ ბაქომაც გადაწყვიტოს მოსკოვისგან ანალოგიური საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვა, რასაც კრემლი სიხარულით დასთანხმდება, რადგან აზერბაიჯანისთვის მისაყიდი საბრძოლო ტექნიკის ფასს რუსეთი მსოფლიო ბაზრის მაჩვენებლამდე ზრდის და დიდ კომერციულ მოგებას ნახულობს სამხრეთ კავკასიის ამ, ერთმანეთს მტრად მოკიდებული, ქვეყნების შეიარაღებით.

რა შეიცვლება საქართველოსთვის...

მკითხველი შეამჩნევდა, რომ სტატიაში განზრახ არ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, როგორი რთული შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის მეზობელი სომხეთის სამხედრო გაძლიერება. საბედნიეროდ, საქართველო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს მეზობლების - სომხეთისა და Aაზერბაიჯანის სამწუხარო სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში, თუმცა ჩვენთვის სულერთი არ უნდა იყოს, როგორ ძლიერდებიან ჩვენი მეზობლები და როგორი სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი იქმნება სამხრეთ კავკასიაში.

მეზობლების, ასევე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების მუდმივი გაძლიერების ფონზე ქართული არმია, სამწუხაროდ, სერიოზული გადაიარაღებით ვერ დაიტრაბახებს, არადა, ეს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით არათუ სტრატეგიულ, არამედ ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზეც მოახდენდა გავლენას, ჩვენ კი მხოლოდ ოპერატიულ დონეს ვჯერდებით, თანაც - არცთუ დიდი წარმატებით.