ირანზე დარტყმები კავკასიაში "მეორე ჩერნობილის" საფრთხეს შექმნის?! - კვირის პალიტრა

ირანზე დარტყმები კავკასიაში "მეორე ჩერნობილის" საფრთხეს შექმნის?!

გენერალი სოლეიმანი რიგითი გენერალი არ გახლდათ, რაზეც მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2015 წლის აგვისტოში სწორედ ის ესტუმრა მოსკოვში პრეზიდენტ პუტინს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო სირიის ომში რუსეთი, რომელსაც გენერალ სოლეიმანის პირით თეირანმა გვერდში ამოდგომა აღუთქვა.

ამის შემდეგ ირანელ გენერალს "პუტინის მეგობრადაც" ხშირად მოიხსენიებდნენ და უდავოა, რომ მისი ლიკვიდაცია კრემლის მთავარ ბინადარს არ გაახარებდა.

გენერალი სოლეიმანი, დიდი ალბათობით, პირადად ხელმძღვანელობდა იმ საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებას, რომელსაც ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სპეცდანაყოფები სირიასა და ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტების წინააღმდეგ აწყობდნენ; საუდის არაბეთის კუთვნილი ტანკერებისა და უზარმაზარი ნავთობტერმინალის აფეთქებაც ირანული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების განხორციელებული უნდა ყოფილიყო.

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დაჯგუფებების ჯერ ერაყის, შემდეგ კი სირიის ტერიტორიაზე განადგურების ოპერაციებში ირანიდან გაგზავნილი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საბრძოლო დანაყოფები აქტიურად მონაწილეობდნენ, რის შემდეგაც ირანმა მყარად მოიკიდა ფეხი როგორც სირიაში, ისე მეზობელ ერაყში, რომელთანაც გასულ საუკუნეში თითქმის ათწლიანი ომი ჰქონდა.

თეირანის სტრატეგიული ჩანაფიქრი რთული გამოსაცნობი არ გახლავთ - ის "მიუჩოჩდა" ისრაელის საზღვარს, რომელიც ირანის დღევანდელი ხელისუფლებისთვის შეიძლება აშშ-ზე მეტადაც კი იყოს მტრად მიჩნეული.

ისრაელის ძალზე ძლიერი ლობი, ტრადიციულად, დიდ გავლენას ახდენს ამერიკელ პოლიტიკოსებზე და ამ მხრივ გამონაკლისი არც აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპია.

ირანელი გავლენიანი გენერლის მოშორება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ასეთ სერიოზულ სპეცოპერაციებს გეგმავდა, ამერიკელებზე არანაკლებად სურდათ ისრაელის სპეცსამსახურებსაც, რაც მოხერხდა კიდეც, მაგრამ რას მოიმოქმედებს ირანი საპასუხოდ?

თეირანი უსათუოდ განახორციელებს შურისძიების აქტებს, რაც გამოიხატება ისევ ერაყის და შეიძლება სირიის ტერიტორიებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების დისლოცირების ადგილებზე სარაკეტო დარტყმებით, ასევე - საუდის არაბეთის ნავთობინდუსტრიაზე შეტევით.

იემენში გაძლიერდება საუდის არაბეთის სამხედროთა კოლონებზე ჰუსიტთა პარტიზანული თავდასხმები, რომლებსაც მალულად აქტიურად უჭერენ მხარს ირანული სპეცსამსახურები.

მოსალოდნელია სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით მასიური სარაკეტო დარტყმების სერიის დაწყება "ჰესბოლას" მებრძოლების მიერ, რომლებსაც ასევე ირანი უჭერს მხარს. ირანმა შეიძლება დაიწყოს ორმუზის სრუტის ბლოკირება, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასის გაზრდას გამოიწვევს და ეს თითოეულ ჩვენგანს შეეხება.

მაგრამ აშშ-სა და ისრაელთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ირანის უმთავრესი პასუხი შეიძლება გახდეს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროცესის განსაკუთრებულად დაჩქარება.

დღეს ირანის შეიარაღებული ძალების არსენალში უკვე არის ორი ათას კმ-ზე შორს მფრენი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც დაუბრკოლებლად ფარავენ ისრაელის მთელ ტერიტორიას და სწვდებიან რეგიონში არსებულ ყველა ამერიკულ სამხედრო ბაზას. როდესაც ირანელი სპეციალისტები შექმნიან კომპაქტურ ბირთვულ ქობინს, რომლის განთავსება ბალისტიკური რაკეტის ცხვირის ნაკვეთურში იქნება შესაძლებელი, ირანი გახდება ბირთვული ქვეყანა, რაც უპირველესად სწორედ ისრაელს შეუქმნის უდიდეს პრობლემას.

სწორედ ეს მნიშვნელოვანი გარემოება - რომ ირანის განკარგულებაში არავითარ შემთხვევაში არ აღმოჩნდეს ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები - შეიძლება გახდეს მთავარი დამაჩქარებელი არგუმენტი, რომელიც აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისაკენ უბიძგებს.

ათეულობით მილიონი ადამიანი საკუთარ თავზე გამოცდის, თუ რას ნიშნავს დიდი ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში; მათ შორის შეიძლება ვიყოთ ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან საერთო სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს.

სწორედ ეს გარემოება გამორიცხავს ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის შიშს, რომელსაც არწმუნებენ, რომ ამერიკელები ქართული აეროდრომებიდან ირანს დაბომბავენ და თეირანიც საპასუხო სარაკეტო "საჩუქრებს" გამოგვიგზავნის.

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს საქართველოდან ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმის განხორციელება, მას ჯერ თურქეთის, სომხეთის ან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გადალახვა მოუწევს, პუტინს "ჩახუტებული" ერდოღანი კი ტრამპს თურქეთის ცის გამოყენების უფლებას არ მისცემს; არც სომხეთში მდგარი მძლავრი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა დაუშვებს საქართველოდან ირანში ამერიკული ბომბდამშენების ჰიპოთეზურ შეტევას; აზერბაიჯანიც, მიუხედავად ისრაელთან მეგობრობისა, ალბათ, ვერ გარისკავს, რომ მისი ტერიტორიიდან მეზობელი ირანი დაიბომბოს, რადგან საპასუხო დარტყმებით ირანს აზერბაიჯანის მთელი ნავთობინდუსტრიის განადგურება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ირანთან დიდი ომის დაწყების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიიდან საჰაერო დარტყმების განხორციელება და შესაბამისად, კონტრდარტყმების მიღება ნაკლებად მოსალოდნელია, ჩვენი რეგიონი და საქართველოც შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით, აშშ-მა და ისრაელმა შეიძლება ირანის ატომური ობიექტების (სადაც გამომუშავდება საიარაღო, გამდიდრებული ურანი) განადგურება სცადონ, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიფრქვევა დიდი რაოდენობით რადიაქტიური იზოტოპები, რომლებიც ჰაერის მასების გადაადგილების შედეგად საქართველოს ცაშიც აღმოჩნდება, როგორც მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის დროს.

საქართველოს ტერიტორიის რადიაციული დაბინძურება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას დაემუქრება, ამასთან, ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს მზარდ ტურისტულ ბიზნესს.

მეორე საფრთხე - ირანიდან წამოსული ასიათასობით ლტოლვილის შეჩერება ძალიან ძნელი იქნება თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მოქალაქეებს უკვე კარგად აქვთ ფეხი მოკიდებული საქართველოში, განსაკუთრებით - თბილისში და ჩვენთან მომუშავე ირანელი ბიზნესმენები ეცდებიან, თავიანთი მრავალრიცხოვანი სანათესავო ომს გამოარიდონ.

ასე რომ, ირან-ამერიკის დიდი ომი საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება, სამაგიეროდ, პირდაპირ მისწრება იქნება რუსეთისთვის, რადგან ჯერ ერთი, მსოფლიოში აიწევს ნავთობის ფასი, რაც კრემლს უზარმაზარ მოგებას მოუტანს და მეორე - ამერიკელები, ავღანეთთან ერთად, კიდევ ერთი ომის ჭაობში ჩაეფლობიან, რაც რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერების ახალ შანსს მისცემს.

ირაკლი ალადაშვილი