რუსული და ამერიკული სარაკეტო კრეისერების შავ ზღვაში დაპირისპირების მოლოდინში... - კვირის პალიტრა

რუსული და ამერიკული სარაკეტო კრეისერების შავ ზღვაში დაპირისპირების მოლოდინში...

"შავ ზღვაში მეორე რუსული სარაკეტო კრეისერი შემოვიდა"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთმა საზღვაო დესანტი გადმოსხა, საქართველოს სანაპირო ზოლთან საბრძოლო მორიგე იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა", რომელიც იმ დროს შავ ზღვაში ყველაზე ძლიერი საბრძოლო ხომალდი გახლდათ.

მართალია, მას შემდეგ 11 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ შავიზღვისპირა ქვეყნების - თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა თუ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალში რუსულ "მოსკვაზე" ძლიერი საბრძოლო შესაძლებლობების სამხედრო ხომალდი არ გამოჩენილა, ჩვენ კი, პირიქით, სამხედრო-საზღვაო ძალები, როგორც ჯარების ცალკეული სახეობა, საერთოდ გავაუქმეთ...

და, აი, 2020 წლის დამდეგს რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უმთავრეს - სევასტოპოლის პორტში ღუზა ჩაუშვა "მოსკვას" ტყუპისცალმა, "მარშალმა უსტინოვმა".

სარაკეტო კრეისერი "მარშალი უსტინოვი" (ეს ხომალდი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის სახელობისაა) რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის შემადგენლობაში შედის და მის ეკიპაჟს რამდენიმე ათასი საზღვაო მილის გავლა მოუხდა, რომ ბარენცის ზღვის სევერამორსკიდან შავი ზღვის სევასტოპოლამდე ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩამოეღწია.

რაში დასჭირდათ რუს ადმირალებს ამხელა რესურსის გაღება, თუკი შავ ზღვაში "მარშალ უსტინოვის" ტყუპისცალი "მოსკვა" უკვე იყო?

საქმე ის არის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 38-წლიანი ფლაგმანი "მოსკვა" "სულს ღაფავს", სასწრაფო კაპიტალური რემონტი სჭირდება, მანამდე კი მისი სრული საბრძოლო მზადყოფნა შეუძლებელია. სამაგიეროდ, ოთხი წლის წინანდელმა მოდერნიზაციამ 34 წლის "მარშალ უსტინოვის" საბრძოლო პოტენციალი გაზარდა.

სარაკეტო კრეისერი "მარშალი უსტინოვი" უმეთაურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების იმ დაჯგუფებას, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნაპირებთან რამდენიმე დღეში მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს დაიწყებს.

რით შეიძლებოდა დამუქრებოდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს სანაპიროსთან მოდრეიფე რუსული "მოსკვა" ჩვენს ქვეყანას ან რა საფრთხეს ქმნის დღეს მისი ტყუპისცალი "მარშალი უსტინოვი"?

1980-იან წლებში საბჭოთა კავშირმა უკრაინაში, ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში "ატლანტის" ტიპის, 1164 პროექტის ოთხი სარაკეტო ხომალდი ააწყო, რომელთა მთავარი საბრძოლო დანიშნულება ოკეანეებსა და ზღვებში მოწინააღმდეგის ხომალდების მსხვილი დაჯგუფებების, მათ შორის - ატომური საავიამზიდო ჯგუფების განადგურება გახლდათ, რისთვისაც კრეისერები ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით, "ვულკანებით" (16 გასაშვები დანადგარი) აღიჭურვა.

რვატონიან ზებგერით ფრთოსან რაკეტა "ვულკანს" მოწინააღმდეგის ხომალდამდე 500 კგ მასის საბრძოლო ქობინის მიტანა ათას კმ რადიუსში შეუძლია, ხოლო თუ სამიზნე ამერიკული ატომური ავიამზიდი იქნებოდა, რომელსაც ნახევარტონიანი ფუგასური ქობინის მოხვედრა ვერაფერს დააკლებდა, მაშინ ფუგასურ ქობინს რაკეტაზე 350 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინით შეცვლიდნენ.

აგვისტოს ომის დროს არსებობდა დიდი საშიშროება, რომ ჩვენს სანაპიროსთან მოდრეიფე რუსულ "მოსკვას" "ვულკანის" ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები გამოეშვა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად, იქნებოდა ეს ფოთის პორტი, სენაკისა და კოპიტნარის აეროდრომები, თუ სულაც დედაქალაქი თბილისი...

გასული საუკუნის ცივი ომისთვის ასეთი აქტუალური საბჭოთა სარაკეტო ხომალდები დღეს, როცა ახალი ცივი ომი ჩაღდება, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის დიდ მნიშვნელობას იბრუნებს, რადგან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალზედა საბრძოლო ხომალდები როგორც რაოდენობით, ისე ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით საგრძნობლად ჩამოუვარდება ამერიკულ საზღვაო ძალებს.

ამერიკული "ტიკონდეროგას" ტიპის სარაკეტო კრეისერი (რომელიც თავისი ასაკითა და სრული წყალწყვით ახლოს არის საბჭოთა "ატლანტის" პროექტთან) შეიარაღებულია 122 "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტით. მართალია, ფრენის სიჩქარით ამერიკული "ტომაჰავკი" ორჯერ ჩამოუვარდება რუსულ "ვულკანს", მაგრამ მასზე ორჯერ შორს მიფრინავს.

დღეს ამერიკელებს მწყობრში არანაკლებ 11 ცალი "ტიკონდეროგა" დარჩათ, რაც რუსეთის ფლოტის სამ "ატლანტს", რა თქმა უნდა, ყველანაირად გადაწონის.

სწორედ ის ფაქტორი, რომ ამერიკული "ტიკონდეროგას" ტიპის სარაკეტო კრეისერები შავ ზღვას ხშირად სტუმრობენ და ღუზას უშვებენ დამოუკიდებელი უკრაინისა და საქართველოს საზღვაო პორტებში, შეიძლება გახდა მიზეზი, რომ არასაბრძოლო მდგომარეობაში მყოფი "მოსკვას" გასაძლიერებლად მოსკოვმა ბარენცის ზღვიდან შავ ზღვაში "მარშალი უსტინოვი" გამოამგზავრა.

შავ ზღვაში რუსული და ამერიკული სარაკეტო კრეისერების სახიფათო დაპირისპირებას, ალბათ, მალე ვნახავთ.

P.S. საგულისხმოა, რომ საბჭოთა პერიოდში შავ ზღვაში ჩაშვებული "ატლანტის" კლასის ოთხი სარაკეტო კრეისერიდან სამმა თავი ისევ შავ ზღვაში მოიყარა. კრეისერ "ვარიაგის" გარდა, რომელიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანია, ოკუპირებულ სევასტოპოლშია "მოსკვა" და "მარშალი უსტინოვი", ხოლო უკრაინის ნიკოლაევის პორტის ნავმისადგომთან, 30 წელია, ღუზა აქვს ჩაშვებული კრეისერ "უკრაინას", რომლის მწყობრში ჩაყენება უკრაინის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო და მას მალე ჯართად ჩამოწერენ.