ნატო სწრაფ რეაგირებას ხვეწს
ნატო სწრაფ რეაგირებას ხვეწს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეაგირების ძალებს აძლიერებს..

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციისა და შემდგომ მისი ანექსიის საპასუხოდ, ნატოს სარდლობამ დაიწყო "გაზრდილი მზადყოფნის ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის" შექმნა, რომლის მთავარი საბრძოლო ამოცანა იმ საფრთხეზე ძალზე სწრაფად (48-72 სთ-ის განმავლობაში) რეაგირებაა, რომელიც შეიძლება დაემუქროს ალიანსის წევრ ქვეყნებს, თუკი, მაგალითად, რუსეთის ხელმძღვანელობა "ყირიმის ოინის" ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის მიმართ გამეორებას ეცდება.

6-ათასკაციანი "გაზრდილი მზადყოფნის ერთობლივი ოპერატიული ჯგუფი" სტრუქტურულად ნატოს რეაგირების ძალების 40-ათასიან კონტინგენტში
შედის და მას 2020 წელს პოლონეთი უმეთაურებს, რაც შემთხვევითი არ არის იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაიძაბა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა ბოლო თვეებში.

პოლონეთის ხელისუფლება შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ უფრთხის იმ შესაძლებლობას, რომ კრემლის ბინადრებმა მათი ქვეყნის წინააღმდეგ იგივე სცენარი გაითამაშონ, რაც უკრაინაში ექვსი წლის წინ.

"გაზრდილი მზადყოფნის ერთობლივი
ოპერატიული ჯგუფი", ფაქტობრივად, ერთი მსუბუქი ბრიგადაა, რომელსაც მხარს საჰაერო და საზღვაო კომპონენტებიც დაუჭერენ დანიშნულების ადგილზე მათი სწრაფად გადასროლის შემთხვევაში.

ამ ბრიგადის უმრავლესობას სამ ათასამდე პოლონელი სამხედრო შეადგენს; მათ მხარს უბამენ ნატოს წევრი სხვა ქვეყნების დანაყოფებიც. მათ შორის საქართველოს სამხედროები არ არიან, თუმცა ორი ქართული ასეული სპეციალური რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ ჩართულია ნატოს რეაგირების ძალების კონტინგენტში.

ალიანსის რეაგირების ძალების რუსული ანალოგია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები, რომელთა საერთო რაოდენობაა დაახლოებით 45 ათასი მედესანტე, რაც თითქმის უტოლდება ნატოს რეაგირების ძალების რაოდენობას.
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებს ასევე ჰყავთ ნატოს რეაგირების ძალების "გაზრდილი მზადყოფნის ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის" ანალოგიური დანაყოფი 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის სახით, რომელსაც ყველაზე საიდუმლო და სასწრაფო სპეციალური საბრძოლო დავალების შესრულება ეკისრება.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სწორედ ამ დანაყოფის (რომელიც მაშინ ჯერ პოლკის დონის იყო) სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა ფოთის სამხედრო პორტის ნავმისადგომებთან ქართული სამხედრო და სასაზღვრო კატარღები აგვიფეთქეს და ჩაძირეს; ასევე ფოთის სავაჭრო ტერმინალიდან გაიტაცეს საქართველოში სამხედრო სწავლებაზე ჩამოტანილი ამერიკული "ჰამვები", რომლებიც რუსეთს აშშ-ისთვის დღემდე არ დაუბრუნებია.

ამ ეტაპზე ძნელად დასაჯერებელია, რომ ნატოს რეაგირების ძალების "გაზრდილი მზადყოფნის ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის" ქვედანაყოფებმა რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში საქართველოს დახმარება აღმოუჩინონ, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქართული ასეული ჩართულია ალიანსის რეაგირების ძალების სტრუქტურაში. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ალიანსის არაწევრი ქვეყნის დასახმარებლად კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამუშავებას აუცილებლად დაბლოკავენ ნატოს წევრი იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთა გამოისობითაც საქართველო არათუ ვერ გახდა ალიანსის წევრი, არამედ დღემდე ნატოში გაწევრების გეგმის მიღებაც კიარ ეღირსა.
ზურაბი
13 იანვარი 2020 01:14
აგვიფეთქეს რა ცოტა ხანში მისით ჩაიძირებოდენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები