ისევ ჩამოგდებული "ბოინგი" და ისევ - რუსული საზენიტო რაკეტით... - კვირის პალიტრა

ისევ ჩამოგდებული "ბოინგი" და ისევ - რუსული საზენიტო რაკეტით...

უკრაინული "ბოინგის" თეირანთან კატასტროფიდან მესამე დღეს ირანმა ოფიციალურად აღიარა, რომ შემთხვევით ჩამოაგდო სამგზავრო ლაინერი და ეს მოხდა "შავი ყუთების" გაშიფვრამდე, რადგან ირანის ბრალეულობის მამხილებელი ბევრი ფაქტი დაგროვდა - თვითმხილველების გადაღებული ვიდეოკადრები, თუ როგორ ხვდება რაკეტა ღამის ცაში მფრენ უკრაინულ "ბოინგს", როგორ ეცემა ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავი მიწაზე და ფეთქდება, ასევე საზენიტო რაკეტის ფრაგმენტის (რომელიც თეირანის გარეუბანში იპოვეს) ფოტოები.

ეს მტკიცებულება გაამყარა აშშ-ის ხელისუფლების განცხადებამ, რომ მათმა კოსმოსურმა დაზვერვამ თეირანთან ახლოს ღამის ცაში შენიშნა რუსული წარმოების "ტორის" ტიპის ორი საზენიტო რაკეტის სტარტი და ისიც, როგორ მოხვდა ისინი თვითმფრინავს. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თეირანი თავიდან კატეგორიულად უარყოფდა უკრაინული "ბოინგის" შემთხვევით ჩამოგდებასაც კი და ყველაფერს ავიალაინერის ძრავის აალებას აბრალებდა, ამდენი სამხილის ფონზე იძულებული გახდა, ეღიარებინა დანაშაული, მით უმეტეს, რომ დაღუპული 176 ადამიანიდან 82 ირანის მოქალაქე იყო, გარდაცვლილი კანადის მოქალაქეების უმრავლესობაც - ეთნიკურად ირანელი.

ამ ტრაგედიის მიზეზი, სამწუხაროდ, ბანალური და არცთუ რთულად მისახვედრი გახლდათ... ამერიკელების მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის გამო შურისსაძიებლად 8 იანვრის გამთენიისას ირანმა ერაყში, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით, სამ ათეულამდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიქადნა, ირანი თუ რამეს გაბედავს, წინასწარ შერჩეულ 52 მნიშვნელოვან ობიექტს დავუბომბავო, მან "ჩაყლაპა" ირანის თავდასხმა, სამაგიეროდ, თვითონ ირანელები შიშით ელოდნენ ამერიკული საბრძოლო ავიაციისა თუ ფრთოსანი რაკეტების საპასუხო თავდასხმას, შიშს კი დიდი თვალები აქვს და "ტორის" კონკრეტული საზენიტო-სარაკეტო დანადგარის გათვლას თეირანის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი უკრაინული სამგზავრო "ბოინგი" ამერიკულ ბომბდამშენად თუ "ტომაჰავკად" მოეჩვენა... თვით ირანსაც კი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი ხისტი საგარეო პოლიტიკით, ეყო გამბედაობა, უდანაშაულო ადამიანების დაღუპვაში თავისი ბრალი ეღიარებინა, მაგრამ მიჰბაძავს კი ირანს რუსეთი, რომელმაც თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში უკრაინის ცაში მალაიზიური "ბოინგი" ჩამოაგდო და მიუხედავად მეტი სამხილისა, მეექვსე წელია, ჯიუტად უარყოფს ამ მძიმე დანაშაულს?!

რუსული რაკეტებით ჩამოყრილი სამგზავრო "ბოინგები"

2020 წლის 8 იანვარს თეირანთან უკრაინული "ბოინგ-737" რუსული წარმოების საზენიტო "ტორმა" ჩამოაგდო, ისევე როგორც 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური "ბოინგ-777" იმსხვერპლა რუსეთიდან დონბასში მალულად შეტანილმა რუსული "ბუკიდან" გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ. თუმცა სამგზავრო "ბოინგების" ჩამოყრის ტრაგიკული "ტრადიცია" რუსეთს თავისმა წინამორბედმა საბჭოთა კავშირმა დაუტოვა, რომელმაც ხუთი წლის განმავლობაში ორი სამხრეთკორეული "ბოინგი" იმსხვერპლა.

1978 წლის 20 აპრილს კარელიის ოლქთან გზააბნეულ სამხრეთკორეულ "ბოინგ-707"-ს (109 ადამიანი იჯდა) საბჭოთა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელმა თვითმფრინავებმა ორი "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტა ესროლეს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, "ბოინგი" სამგზავრო იყო და არა სამხედრო. მფრინავებმა სასწაულებრივად მოახერხეს რაკეტებმოხვედრილი "ბოინგის" მშვიდობიანად დასმა მურმანსკის რაიონში გაყინულ ტბაზე, თუმცა ორი მგზავრი ჰაერშივე იმსხვერპლა აფეთქებული რაკეტების ნამსხვრევებმა. საბჭოთა კავშირმა არათუ კომპენსაცია არ გადაუხადა დაღუპულთა ოჯახებს, 100 000-დოლარიანი ჯარიმა მოითხოვა სეულისგან. კორეულმა საავიაციო კომპანიამ მიატოვა გაყინულ ტბაზე დამჯდარი "ბოინგი", რომელიც მოსკოვში გადაიტანეს, დაშალეს და საბჭოთა ავიაკონსტრუქტორებმა მისი დეტალური შესწავლა დაიწყეს.

1983 წლის 1-ლ სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია მოხდა, როცა კუნძულ სახალინთან საბჭოთა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელმა თვითმფრინავმა "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით ჩამოაგდო სამხრეთკორეული სამგზავრო თვითმფრინავი "ბოინგ-747", რომლის ბორტზე მყოფი 269 ადამიანი დაიღუპა. კრემლი მაშინაც უარყოფდა მომხდარს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მოიხადა ბოდიში.

ქართული სამგზავრო თვითმფრინავების ჩამომყრელები დღემდე დაუსჯელნი არიან

აფხაზეთის ომის ბოლოს, 1993 წლის 20-23 სექტემბერს, ანუ ოთხი დღის განმავლობაში აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომისას ჩამოაგდეს, სამიც აეროდრომზე ააფეთქეს, რასაც 137 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ეს იყო სამოქალაქო ავიაციის ტერორისტული ხერხებით განადგურების არნახული შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არავინ დასჯილა.

ამერიკელებმა და სომხებმა ორჯერ ირანელებსაც ჩამოუგდეს სამგზავრო თვითმფრინავი

ირანმა ორჯერ საკუთარ თავზე გამოცადა, რას ნიშნავს უდანაშაულო მგზავრების დაღუპვა სხვა ქვეყნების სამხედროთა საბედისწერო შეცდომების გამო. 1988 წლის 3 ივლისს სპარსეთის ყურის თავზე ამერიკული სარაკეტო კრეისერიდან გაშვებული საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს ირანის სამგზავრო "ეარბას-300". შედეგად, მის ბორტზე მყოფი 290 ადამიანი დაიღუპა. იმ დროს ირან-ერაყის ომი მიმდინარეობდა და ამერიკული კრეისერის ეკიპაჟმა მათ თავზე გადაფრენილი სამგზავრო ლაინერი მოიერიშე ირანულ "ფანტომად" მიიჩნია. აშშ-ის ხელისუფლებამ თავი მთლად დამნაშავედ არ ცნო, თუმცა დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 132 მლნ დოლარამდე გადაუხადა. 1994 წლის 17 მარტს, მთიან ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლების დროს, სტეფანაკერტთან სომხურმა სამხედრო ფორმირებამ "ოსას" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან (რომელსაც, სავარაუდოდ, რუსი მეზენიტეები მართავდნენ) ჩამოაგდო ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი "ჰერკულესის" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც მოსკოვიდან თეირანში რუსეთში ირანის საელჩოს დიპლომატთა ოჯახები მიჰყავდა. ტრაგედიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. სომხებს ირანული თვითმფრინავი აზერბაიჯანული ეგონათ და "ოსას" ორი რაკეტა ესროლეს. სომხური მხარე აცხადებდა, რომ პილოტების შეცდომის გამო "ჰერკულესი" მთას შეეჯახა.

სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინელ მეზენიტეებსაც ჩამოუგდიათ

2001 წლის 4 ოქტომბერს ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინა და რუსეთი ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ატარებდნენ, რომლის დროსაც გაშვებულმა უკრაინულმა С-200 ტიპის საზენიტო რაკეტამ შავი ზღვის თავზე შეცდომით ჩამოაგდო თელ-ავივიდან ნოვოსიბირსკში მფრენი რუსული სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 78 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინამ აღიარა დანაშაული და კომპენსაციის სახით დაღუპულთა ახლობლებს 15 მლნ დოლარზე მეტი გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული უკრაინულმა მხარემ თავის თავზე აიღო, არსებობს ეჭვი, რომ მომხდარში დამნაშავე ერთობლივი სწავლების მონაწილე რუსი სამხედროებიც იყვნენ... ასევე არსებობს ორი დადასტურებული ფაქტი, როცა საბჭოთა სამხედროებმა დაუდევრობის გამო თავისივე ქვეყნის სამგზავრო თვითმფრინავები ჩამოყარეს. 1962 წლის 30 ივნისს ირკუტსკთან, ხოლო 3 სექტემბერს ხაბაროვსკთან ერთმანეთის მიყოლებით კატასტროფა განიცადა ორმა სამგზავრო Ту-104-მა, რასაც 170 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ გამოძიების შედეგები გაასაიდუმლოეს, მაგრამ საბჭოეთის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ ეს სამგზავრო თვითმფრინავები სწავლების დროს საზენიტო რაკეტებით შემთხვევით ჩამოყარეს.

ქართულ ცაში ჩამოგდებული ირანული "ფანტომი"

ავიაციის ისტორიაში შევიდა მსოფლიოში პირველად ზებგერითი სიჩქარით შესრულებული საჰაერო ტარანი, რომელიც 1973 წლის 28 ნოემბერს განხორციელდა. ვაზიანის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი "მიგის" პილოტი ირანიდან საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში შემოფრენილ სადაზვერვო "ფანტომს" დაეჯახა და ჩამოაგდო. დაიღუპა "ფანტომიდან" კატაპულტირებული ირანელი, ამერიკელი პილოტები კი უვნებლად დაეშვნენ და დაკავებიდან 16 დღის შემდეგ ისინი ირანში დააბრუნეს.