ტრამპის უცნაური "ომი" - კვირის პალიტრა

ტრამპის უცნაური "ომი"

ბაღდადში ამერიკელების მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაკრძალვისთანავე, 8 იანვრის გამთენიისას, ირანმა ერაყში დისლოცირებულ რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანიდან სტარტი აიღო, ძირითადად, ორი ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სამ ათეულამდე ბალისტიკურმა რაკეტამ, რომელთაგან ხუთმა მაინც მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რვა რაკეტის ქობინი გასაოცარი სიზუსტით მოხვდა ერაყში, ალ-ასადის აეროდრომზე განთავსებული ამერიკული საჰაერო ბაზის ანგარებს.

მიუხედავად ასეთი შედეგისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ "ყველაფერი კარგადაა" და ის სამხედრო კონფრონტაციის გაგრძელების ნაცვლად თეირანს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუმცა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც მზად არის. გამოდის, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერმა "ჩაყლაპა" დაახლოებით იგივე, რაც 1941 წლის 7 დეკემბერს ამერიკელებს იაპონელებმა პერლ-ჰარბორში "ჩაუტარეს" და რის გამოც მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა თავისი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომში ჩართო.

რა თქმა უნდა, ეს უტრირებული შედარებაა და პერლ-ჰარბორისგან განსხვავებით (სადაც 2403 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა), საბედნიეროდ, ირანის რაკეტებს ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე არც ერთი ამერიკელი არ შესწირვია, მაგრამ მსოფლიო ვაშინგტონისგან სულ სხვა რეაქციას მოელოდა.

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის დაწყება რომ ძალიან ცუდია, ამას ბევრი ხვდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში ალ-ასადის საჰაერო ბაზის თანამგზავრული ფოტოსურათები გავრცელდა, ყველა დარწმუნდა, რომ სიცრუე იყო ვაშინგტონიდან გავრცელებული ხმა, თითქოს ირანელებმა რაკეტები ბაზას განზრახ ააცილეს, რომ ამერიკელები არ "გაებრაზებინათ". ალ-ასადის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი ათი ირანული რაკეტიდან რვამ გასაოცარი სიზუსტით დააზიანა ამერიკელ სამხედროთა ანგარები და შენობები!

ამერიკელებს შორის მსხვერპლი რომ არ არის, იმის შედეგია, რომ ახლო აღმოსავლეთის თავზე, გეოსტაციონარულ ორბიტაზე "ჩამოკიდებულმა" ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრმა ინფრაწითელი რეჟიმით ოპერატიულად შენიშნა ირანული რაკეტების სტარტი მათი ძრავების საქშენებიდან ღამის ცაში გამოტყორცნილი მაღალი ტემპერატურის ალით და სანამ ირანული რაკეტები მათ ბაზებამდე მიაღწევდნენ, ამერიკელ სამხედროებს მხოლოდ 5-10 წუთი ჰქონდათ, სტაციონარული ანგარების რამდენიმე წუთში თავშესაფრებში "გადამალვა" კი "ყოვლისშემძლე" პენტაგონსაც კი არ ძალუძს.

და მაინც, რა უნდა ყოფილიყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ირანის რაკეტების მიერ ამერიკელი სამხედროების მიზანში ამოღების უმნიშვნელოვანესი ფაქტი პრეზიდენტმა ტრამპმა "ჩაყლაპა"? ეს შეიძლება იყოს მოახლოებული არჩევნები და ტრამპის უდიდესი სურვილი, მეორედ აირჩიონ პრეზიდენტად. ახლა ის წინასაარჩევნო, ურთულესი კამპანიისთვის ემზადება და ირანთან თუნდაც მცირემასშტაბიანი ომი მას ხელს შეუშლის.

მაგრამ თუკი აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი ამას ხვდება, ნუთუ თავის მრავალრიცხოვან და მაღალანაზღაურებიან მრჩეველ-თანაშემწეებთან ერთად ის ვერ წარმოიდგინა, რომ ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის, რომელიც სუვერენული ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი გახლდათ და არა - რომელიმე ნახევრად ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, სახალხოდ ლიკვიდაციით ის ირანელებს უფრო გადაიმტერებდა და მათი საპასუხო ნაბიჯიც არ დაიგვიანებდა?!

რომელი რაკეტები ესროლეს ირანელებმა ამერიკელებს...

ირანმა 8 აგვისტოს, დილაუთენია, სირიისკენ 24 ცალი "ქიამისა" და "ზოლფაგარის" ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ირანული "ქიამი" ერთგვარი "შვილიშვილია" საბჭოთა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის, "ელბრუსის" (ნატოს კლასიფიკაციით "სკადი"), რომლის სარაკეტო ბრიგადა საბჭოთა პერიოდში საქართველოში, შაუმიანშიც იყო დისლოცირებული. 11,5 მ სიგრძისა და 6 ტ მასის თხევადსაწვავიან "ქიამს" 750 კგ მასის საბრძოლო ქობინი მაქსიმალურ 750 კმ-ზე გადააქვს. "ზოლფაგარი" უფრო მსუბუქია და 4,2 ტ-ს იწონის. მას 700 კმ-იან რადიუსში 580 კგ-იანი საბრძოლო ქობინის გადასროლა შეუძლია.

რა აჩვენა ირანის სარაკეტო დარტყმამ...

ის, რომ თეირანმა აშშ-ს სარაკეტო დარტყმებით შურისძიება გაუბედა, პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა ირანმა მნიშვნელოვანი სამხედრო "პრეზენტაციაც" შეძლო - მისი სარაკეტო შეტევები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით, რაც აქამდე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ძირითადად, ამერიკისა და ისრაელის პრეროგატივა გახლდათ, მაგრამ როგორც ჩანს, წარსულს ჩაჰბარდა "უდაბნოს ქარიშხლის" ეპოქა, როცა მხოლოდ ამერიკელებს შეეძლოთ ფრთოსანი რაკეტებით - "ტომაჰავკებით" წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება. მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო და რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით ისრაელმა შექმნა ახლო მოქმედების ისეთი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც რამდენიმე ასეული კმ-დან ზუსტად ხვდება კონკრეტულ შენობას. ადვილად წარმოსადგენია, რა საბრძოლო უპირატესობას მოიპოვებს ირანი, როცა ასეთი ზუსტი ბალისტიკური რაკეტების ქობინებში ბირთვულ მუხტებს დაამონტაჟებს... ძველი საბჭოთა ოპერატიულ-ტაქტიკური "სკადისგან" განსხვავებით, მის ბაზაზე შექმნილი თანამედროვე ირანული ბალისტიკური რაკეტების ქობინები მიზანთან მიახლოებისას სცილდება რაკეტის კორპუსს და იწყებს მანევრირებას მიზანში ზუსტად მოსახვედრად. მათი დამიზნების სისტემა ძალიან ჰგავს იმ რუსული "ისკანდერისას", რომელიც აგვისტოს ომის დროს გორის ცენტრის თავზე აგვიფეთქეს.