რა შეუძლიათ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ არმიებს... - კვირის პალიტრა

რა შეუძლიათ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ არმიებს...

ახალი, 2020 წლის დაწყებისთანავე მსოფლიო ახლო აღმოსავლეთში მორიგი დიდი ომის დაწყების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს რეგიონი უშუალოდ ესაზღვრება სამხრეთ კავკასიას (რომელიც "გაყინული ომების" სიმცირეს არ განიცდის), ასეთი ომების სამეზობლოში გავრცელების საშიშროება კი ყოველთვის არსებობს.

ამ ფონზე საინტერესო იქნებოდა წარმოგვედგინა, როგორი სამხედრო ბალანსი ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის სამი მეზობელი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის და რა გავლენას ახდენს ამ ბალანსზე ოკუპირებულ და თვითგამოცხადებულ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ძალები, თუმცა ჯობს, მცირე ისტორიული მიმოხილვით დავიწყოთ.

ისტორია - საიდან გამოჩნდა შეიარაღება სამხრეთ კავკასიაში

1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობაგამოცხადებულ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს საშუალება მიეცათ, პრეტენზია განეცხადებინათ იმ უზარმაზარ სამხედრო არსენალზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დისლოცირებულ "ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს" ეკუთვნოდა.

მანამდე არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფებები საბჭოთა სამხედრო ნაწილებში ავტომატებსა და პისტოლეტებს ისედაც ყიდულობდნენ, მაგრამ ეს "პარტიზანულად" ხდებოდა, ახლად შექმნილი სახელმწიფოების მეთაურებს კი თავიანთი არმიების შესაიარაღებლად მეტი იარაღი სურდათ.

საბჭოთა კავშირის დაშლისას სამხრეთი კავკასია, მსოფლიო მასშტაბითაც კი, ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად ითვლებოდა, რადგან ჩვენს რეგიონში "ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის" პირადი შემადგენლობა 190 ათას სამხედროს ითვლიდა, რომელთა შეიარაღებაში იყო ათასამდე ტანკი, 1,4 ათასი საბრძოლო ჯავშანმანქანა, ათასზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 250 საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ასევე ცენტრალური დაქვემდებარების სარაკეტო ბრიგადები და საავიაციო პოლკები.

საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს განთავსებული ჰქონდა 309 ტანკი, 401 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის 231 საარტილერიო დანადგარი.

სომხეთში თავმოყრილი იყო 243 საბჭოთა ტანკი, 461 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 391 საარტილერიო დანადგარი.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დისლოცირებულ საბჭოთა სამხედრო ნაწილებში ინახებოდა 309 ტანკი, 599 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 387 საარტილერიო დანადგარი.

ამ უზარმაზარი არსენალის განაწილება ახლად შექმნილი სამხრეთკავკასიური რესპუბლიკებისთვის რამდენიმე ხერხით მიმდინარეობდა - რუს გენერლებთან ფარული, კორუფციული მოლაპარაკებებით, რუსულ სამხედრო ნაწილებზე თავდასხმით, რუსული სამხედრო ავტოკოლონების გზებზე ბლოკირებით და ოფიციალურად, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად. 1992 წლის ზაფხულში, აფხაზეთის ომის დაწყებამდე, მოსკოვმა ახალციხის კადრირებული მოტომსროლელი დივიზიიდან საქართველოს ოფიციალურად გადასცა 108 ტანკი, 111 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჰაუბიცებისა და "გრადების" დივიზიონები.

იმავე პერიოდში სომხეთმა რუსეთისგან მიიღო 160-მდე ტანკი, 400-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და 259 საარტილერიო დანადგარი, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "ელბრუსის" ("სკადის") რვა თვითმავალი დანადგარი 32 ბალისტიკური რაკეტით.

აზერბაიჯანმა ყოფილი საბჭოთა არმიიდან დაიტოვა 300-ზე მეტი ტანკი, 600-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა და 353 საარტილერიო სისტემა. საბჭოთა სამხედრო არსენალიდან ყველაზე მეტი აზერბაიჯანს ერგო, ყველაზე ნაკლები - საქართველოს.

ამის პარალელურად მოსკოვმა ცხინვალის საინჟინრო პოლკიდან ოს სეპარატისტებს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღმები, ხოლო 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყების დღეს, გუდაუთის საზენიტო-სარაკეტო პოლკზე აფხაზი სეპარატისტების ვითომ თავდასხმის შედეგად, მათ ხელში აღმოჩნდა 984 ავტომატი, 267 პისტოლეტი, 18 ხელის ტყვიამფრქვევი, 500 ხელყუმბარა და ნახევარ მილიონზე მეტი ვაზნა. ანუ კრემლმა თავისი შორეული სტრატეგიული მიზნების შესაბამისად სამხრეთ კავკასიაში შეაიარაღა დაპირისპირებული მხარეები, რომ შეტაკებები უფრო მასშტაბური ყოფილიყო.

შემდგომ წლებში ჩვენს რეგიონში დაძაბულობა რომ არ შენელებულიყო, მოსკოვი დროდადრო აწოდებდა შეიარაღების ახალ პარტიებს სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოსაც.

1997 წლისთვის რუსეთმა საქართველოს ახალქალაქის მოტომსროლელი დივიზიის მძიმე შეიარაღებაც გადასცა სამი ათეული შედარებით თანამედროვე ტანკის ჩათვლით.

Gგასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოსთვის სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსი უფრო სომხეთის სასიკეთოდ იხრებოდა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი იყო, "საპატიო" მესამე ადგილზე კი - საქართველო.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული არმიის დაფინანსება, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშებიდანაც, რაც მისივე მოთხოვნით არ ხმაურდებოდა და ინიღბებოდა, როგორც "სოროსის დახმარება".

შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე ქართული არმია თავისი მეზობლებისგან გამოირჩეოდა უფრო თანამედროვე შეიარაღებით (ოღონდ არა რაოდენობით), იქნებოდა ეს "ჰერმესის" უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები, ახალი ამერიკული ავტომატური კარაბინები, "სპაიდერის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, "კობრას" ჯავშანმანქანები, "გრომის" საზენიტო რაკეტები თუ სხვა, მაგრამ მიუხედავად შეიარაღების ნაწილის განახლებისა, ხელისუფლების არასწორმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოქმედებებმა ქართულ არმიას საშუალება არ მისცა, ეს მცირე უპირატესობა შედეგიანად გამოეყენებინა, პირიქით - მოწინააღმდეგეს ბევრი სიახლე ალაფად გავატანეთ.

აგვისტოს ომის შემდეგ ქართულმა არმიამ ჭრილობების მოშუშება დაიწყო და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსის თვალსაზრისით ისევ სამეულის ბოლო ადგილზე ჩაინაცვლა.

ვისი არმიაა ყველაზე ძლიერი დღეს სამხრეთ კავკასიაში?

დღეისათვის სამხედრო ბალანსი სამხრეთ კავკასიაში მუდმივად იცვლება იმის მიხედვით, შეიარაღების რა ახალ პარტიებს შეიძენენ ჩვენი რეგიონის ქვეყნები, თუმცა ამ პაექრობაში საქართველო თითქმის აღარ მონაწილეობს - ქართული არმიისთვის შეძენილი რამდენიმე საზენიტო "მისტრალი" სომხეთში გამოჩენილ ზებგერით "სუებთან" ან აზერბაიჯანის ნაყიდ საზენიტო "ფავორიტებთან", რა თქმა უნდა, სახსენებელიც არ არის. დღეს სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსს სწორედ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული ეს ორი ქვეყანა - სომხეთი და აზერბაიჯანი ქმნის.

მონაცემები ჩვენი რეგიონის ქვეყნების არმიების რაოდენობისა და ზუსტი შეიარაღების შესახებ საიდუმლოა, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ქვეყანა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მონაწილეა და ვალდებულია, ყველა მონაცემი ვერიფიკატორებს გაუმხილოს. ამ ხელშეკრულებას მხოლოდ საქართველო არ არღვევს, ის არაფერს მალავს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაცემები კი შეიძლება რეალობისგან განსხვავდებოდეს, რადგან, ფაქტობრივად, ერთმანეთთან მეომარი მეზობლები რაღაც-რაღაცებს საიდუმლოდ ინახავენ და მძიმე ტექნიკის ნაწილს მიაკუთვნებენ შინაგან და სასაზღვრო ჯარებს, რომლებსაც ზემოხსენებული ხელშეკრულება არ ეხება.

აზერბაიჯანი ყოველწლიურად სამხედრო მიზნებისთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტს ხარჯავს, 2013 წელს მისმა თავდაცვის ბიუჯეტმა ასტრონომიული ციფრი - 3,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც აღემატებოდა იმ წელს სომხეთისა და საქართველოს სამხედრო ხარჯებს ერთად.

ამის შემხედვარე მკითხველმა შეიძლება დაასკვნას, რომ ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანი ერთპიროვნული სამხედრო ლიდერია, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. თუკი აზერბაიჯანი მსოფლიო ფასებით იძენს ახალ შეიარაღებას სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის - რუსეთშიც, სამაგიეროდ, სომხეთს ისევ რუსეთი შიდა დაბალი ფასით და თანაც რუსული კრედიტით აძლევს მანამდე აზერბაიჯანისთვის მიყიდული შეიარაღების კონკრეტული სახეობის გამანეიტრალებელ იარაღს, ისე, რომ ბაქომ მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვოს და არ სცადოს მთიანი ყარაბაღის ძალით დაბრუნება, როგორც 2016 წლის აპრილში სცადა.

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გარდა, რეგიონში სამხედრო ბალანსის შექმნაზე გავლენას ახდენენ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტული ძალები და თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებები. თუკი რეგიონის სამ ქვეყანას შორის ყველაზე უკეთ შეიარაღებული მაინც Aაზერბაიჯანი ჩანს, სეპარატისტულ ძალებს შორის მთიანი ყარაბაღის "არმია" ლიდერობს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ "არმიის" ძირითად ბირთვი სწორედ სომხეთის შეიარაღებული ძალებია - მთიან ყარაბაღში სომხეთის მოქალაქეები მსახურობენ.

სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსზე გავლენას ახდენს ყველაზე გავლენიანი მხარის - რუსეთის კუთვნილი ცხინვალის, გუდაუთის საოკუპაციო და გიუმრის სამხედრო ბაზებიც. იქ განთავსებულ რუსულ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ სამხრეთ კავკასიის თავზე საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის სრულად ჩაკეტვა საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე, რაც რეგიონში ძალთა თანაფარდობას შეცვლის. ერევანთან საჰაერო ბაზაზე ახალი რუსული გამანადგურებლების გადმოსროლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ზემოქმედების ბერკეტი მაქსიმალური ეფექტიანობით ამუშავდება და მოსკოვს საჰაერო სივრცის სრული კონტროლის გარდა, რეგიონის ნებისმიერ წერტილში ზუსტი საჰაერო დარტყმების განხორციელებაც შეეძლება.