როგორ გადაურჩნენ ამერიკელები ირანის სარაკეტო თავდასხმას... - კვირის პალიტრა

როგორ გადაურჩნენ ამერიკელები ირანის სარაკეტო თავდასხმას...

8 იანვრის გამთენიისას ერაყში ალ-ასადის აეროდრომზე დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არავინ დაშავებულა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა, რომ 11 ამერიკელ სამხედროს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და ერაყიდან გერმანიაში სასწრაფოდ ჩაყვანა.

პრეზიდენტმა ტრამპმა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულების შესახებ მანაც სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო.

აქამდეც უცნაური ჩანდა, რომ ერაყის ბაზაზე ათამდე ირანული ბალისტიკური რაკეტის დიდი სიზუსტით მოხვედრის მიუხედავად, არავინ დაღუპულა, არადა, თითოეული რაკეტის მსხვრევად-ფუგასური ქობინის მასა ნახევარ ტონაზე მეტი იყო.

როგორც ირკვევა, 11-ვე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, ძირითადად, კონტუზია აქვს მას შემდეგ, რაც მათ მიწისქვეშა ბუნკერებში მოასწრეს თავის შეფარება. ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა ისინი ნამსხვრევებით ვერ დააზიანა, თუმცა ძლიერი საბრძოლო ქობინების ახლოს აფეთქებამ მათი კონტუზია გამოიწვია.

ადვილი წარმოსადგენია, რა საშინელება მოხდებოდა, თუ აეროდრომზე მყოფნი თავშესაფრებში შესვლას ვერ მოასწრებდნენ.

იყო ვერსია, რომ ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრმა ირანული რაკეტები სტარტისთანავე დააფიქსირა, განგაშის სიგნალი გაგზავნა და რაკეტების ალ-ასადის აეროდრომამდე მიღწევამდე, რასაც დაახლოებით ათი წუთი სჭირდებოდა, სამხედროებმა ბუნკერებში თავის შეფარება მოასწრეს. მეორე მხრივ, ცოტა საეჭვოა, რომ აეროდრომის უზარმაზარ ტერიტორიაზე გაბნეულ ასობით სამხედროს განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთი ეყო თავის საშველად.

დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ამერიკელებმა ირანული სარაკეტო თავდასხმის შესახებ დაახლოებით 8 სთ-ით ადრე შეიტყვეს ერაყელებისგან, რომლებიც თვითონ ირანელებმა გააფრთხილეს, რადგან არ სურდათ ამავე აეროდრომზე მყოფი ერაყელი სამხედროების დაღუპვა, არადა, 40 წლის წინ, როცა ირან-ერაყის ომი დაიწყო, ორივე მხარე ერთმანეთის ქალაქებს ბალისტიკური რაკეტებით დაუნდობლად ბომბავდა.

გაკვირვებას იწვევს კიდევ ერთი გარემოება - თუკი ამერიკელებმა რამდენიმე საათით ადრე იცოდნენ ირანის შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ, რატომ არ გაააქტიურეს ადგილობრივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, კერძოდ, ასე რეკლამირებული საზენიტო-სარაკეტო "პეტრიოტები"? მით უმეტეს, რომ უფრო ძველი მოდიფიკაციის ამერიკული "პეტრიოტები" ჯერ კიდევ 1991 წელს, უდაბნოს ქარიშხლის" საბრძოლო ოპერაციის დროს, მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდნენ ერაყიდან ისრაელისკენ გაშვებულ ბალისტიკურ "სკადებს".