რატომ და რისთვის ძლიერდება რუსული სამხედრო ბაზები?!
05-02-2020
რატომ და რისთვის ძლიერდება რუსული სამხედრო ბაზები?!
"ურჩი საქართველოს დასჯა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფეხის ამოკვეთა სამხრეთ კავკასიაში..."

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსი სამხედროების რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა და ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთნას ატარებენ.

ძნელი სათქმელია, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია მინისტრს; შეიძლება ქართული სპეცსამსახურებისგანაც, თუმცა რუსეთის მხარეს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია მე-7 (აფხაზეთი) და მე-4 (ცხინვალის რეგიონი) რუსულ
სამხედრო ბაზებში (რომლებსაც ქართული მხარე გასაგები მიზეზების გამო რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებად მოიხსენიებს) თავისი კონტინგენტის რაოდენობის გაზრდის შესახებ, განსხვავებით სომხეთის გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზისაგან. გასულ წელს ვრცელდებოდა ხმები, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობების გაზრ
და 2020 წლიდან დაიწყებოდა, რაც მალევე დაადასტურეს რუსეთის გენერალიტეტში და განაცხადეს, რომ გიუმრის რუსული ბაზის სიძლიერე გაორმაგდებოდა.

მიახლოებითი მონაცემების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 4-4 ათასამდე რუსი სამხედრო იყო და თუკი მათი საერთო რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა, გამოდის, რომ საოკუპაციო ძალებს ორი ათასი სამხედრო მაინც დაამატეს.

გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის რაოდენობა 5 ათასს აღწევდა და თუკი ამ ბაზის ორჯერ გაძლიერებაა დაგეგმილი, მაშინ რუსი სამხედროების რიცხვი, ალბათ, სომხეთშიც 10 ათასამდე გაიზრდება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებში მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა არ არის მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახლდება და ძლიერდება ამ ბაზების საშტატო შეიარაღებაც.

ეს სამი რუსული ბაზა სტრუქტურულად გაერთიანებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიან და კარგად აღჭურვილ დაჯგუფებად ითვლება.

2008 წლის აგვისტოს ომმა, 2014 წლის ყირიმის ოკუპაციამ და მას შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ფარულად მონაწილეობამ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობას, სხვადასხვა დონის შტაბებსა და საბრძოლო დანაყოფებს საუკეთესო საბრძოლო გამოცდილების მიღების საშუალება მისცა. ამას დაუმატეთ სამხრეთის სამხედრო ოლქის პირველობა ახალი საბრძოლო ტექნიკით მომარაგებისა და გადაიარაღების პროცესში და გამოჩნდება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალ სამხედრო შენაერთებს აქცევს, რომელთა ოპერატიული გადასროლა სამხედრო მოქმედებების სხვადასხვა ფრონტზე შეუძლია, როგორც ამ ხუთიოდე წლის წინ სირიაშიც მოხდა.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ბაზების გახსნით საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა პლაცდარმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გამოადგებოდა რუსეთის ტერიტორიიდან დამატებითი ძალების ოპერატიულად გადმოსასროლად.

აგვისტოს ომამდე მას ასეთ მცირე პლაცდარმებად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ბატალიონები ჰყავდა, რომელთა ფაქტორი მოსკოვმა ჩვენს წინააღმდეგ შედეგიანად გამოიყენა.

დღეს უკვე სრულფასოვანი პლაცდარმების არსებობა რუსეთს საშუალებას აძლევს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარების გადაჯგუფებისას უფრო მოქნილი იყოს, თუმცა ერთი მოტომსროლელი ბრიგადის ტოლფასი სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობები კრემლს ნაკლებად მისცემდა საშუალებას, ოკუპირებული აფხაზეთიდან ქუთაისზე ან ასევე ოკუპირებული ცხინვალიდან და ახალგორიდან თბილისზე წარმატებული შეტევის გასახორციელებლად და უნდა დალოდებოდა დამატებითი ძალების გადმოსროლას რუსეთიდან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

თუ რუსეთი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ან, მით უმეტეს, გააორმაგებს თავისი მე-7 და მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობას, გაჩნდება საფრთხე, რომ რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებს რუსეთიდან დიდი ძალების გადმოსროლის გარეშეც შეეძლებათ საქართველოს წინააღმდეგ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამხედრო ოპერაციების განხორციელება - იქნება ეს ფოთის პორტის დაკავება, საავტომობილო და სარკინიგზო გზების გადაკეტვა, აეროპორტების ბლოკირება თუ ქართული სამხედრო ბაზების დაპყრობა.

არც სომხეთში ორჯერ გაძლიერებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის საიდუმლო ოპერატიული გეგმები უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც საქართველოს საზღვარზე შემოჭრას და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თბილისისკენ შეტევას (მანამდე კი გზად ქართული არმიის მარნეულის საჰაერო ბაზის დაპყრობას) ითვალისწინებს, მით უმეტეს, რომ ამისთვის მზად იყვნენ, როცა აგვისტოს ომის დროს ამ ბაზის რამდენიმე ათეული საბრძოლო მანქანა ქართულ საზღვარს მოადგა.

მაგრამ ჩნდება ერთი საინტერესო კითხვა: ნუთუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავის სამხედრო ძალებს მხოლოდ საქართველოს დასამორჩილებლად აორმაგებს?

რა თქმა უნდა, არა! ახალი "ცივი ომი" გაჩაღების პროცესშია და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება, უპირველესად, ჩვენს რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და განსაკუთრებით - აშშ-ის გავლენის შემცირებას, მომავალში კი რეგიონიდან მათ განდევნას ემსახურება.

არ გვინდა ასეთი შედარება, მაგრამ ცუდი პარალელები მაინც იკვეთება. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1920 წლის ბოლოსა და 1921 წლის დასაწყისში ბოლშევიკურმა რუსეთმა ყველაფერი გააკეთა სამხრეთ კავკასიიდან ბრიტანული და გერმანული სამხედრო კონტინგენტის გასაძევებლად და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დასაპყრობად.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც უკვე სირიასა თუ ლიბიაში აგვარებს საერთაშორისო საქმეებს, არ სურს, რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიაზე ნატო და მით უმეტეს - ამერიკელები ყოველწლიურად მზარდ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებს მართავდნენ.
კრემლისთვის მიუღებელია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა დასავლეთისკენ გაიხედონ. ამ მხრივ რუსეთის ინტერესებს სომხეთი არ და ვერ არღვევს, აზერბაიჯანიც არ იხიბლება ნატოს წევრობით, ამიტომ მხოლოდ საქართველო რჩება მოსკოვისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავის ტერიტორიაზე ეპატიჟება.

საქართველოს ნატოსთან სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობისთვის ხელის შეშლა და ჩვენი ქვეყნის ისევ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება კრემლს საშუალებას მისცემს, არა მარტო ერთპიროვნულად გაბატონდეს სამხრეთ კავკასიაში (როგორც ერთი საუკუნის წინ მოხდა), არამედ უფრო მომძლავრდეს შავი ზღვის აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში, რითაც უპერსპექტივოდ აქცევს შავ ზღვაში ნატოს გაძლიერების ისედაც დაგვიანებულ სურვილს.

ანონიმური
13 თებერვალი 2020 15:28
სწორედ გიორგი და ომარი აზროვნებენ საღად. მოეშვით ამ დემაგოგიას!!!
საღი აზრი
06 თებერვალი 2020 14:16
ისე,უბრალოდ ძლიერდება,ყურადღებას ნუ აქცევთ!
გიორგი
05 თებერვალი 2020 21:45
რუსეთისთვის საქართველო ურჩია? და რუსეთი ვერ გვერევა? დღეს საქართველო, ყველა ქვეყნისთვის, როგორც ქართველს, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ არის "ჩვარი". თუ რამ კარგი შეგვრჩა, ძველიდან. ეს იმიტომ რომ, მომსპარია განათლება და ეროვნული სიამაყე.

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?