ჩინური კორონავირუსი - მორიგი ეპიდემია თუ ბიოლოგიური იარაღის ახალი სახეობა? - კვირის პალიტრა

ჩინური კორონავირუსი - მორიგი ეპიდემია თუ ბიოლოგიური იარაღის ახალი სახეობა?

გასული წლის ბოლოდან ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლენილმა ახალმა კორონავირუსმა ერთ თვეში ათი ათასამდე ადამიანი დააინფიცირა, ორ ასეულამდე კი შეიწირა, თუმცა ამ სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს ციფრები არა მარტო ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, მუდმივად იზრდება და ჯერჯერობით არ არსებობს ეფექტიანი სამკურნალო საშუალება ამ ახალი ეპიდემიის შესაჩერებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ჩინური კორონავირუსის გამოჩენის რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის - კონსპიროლოგიურიც.

პირველი ვერსია ოფიციალურია და მის მიხედვით ახალი კორონავირუსი თავდაპირველად უხანის ბაზარში გამოჩნდა, სადაც ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების ხორცს ყიდდნენ და თერმულად არასრულყოფილად დამუშავებული ხორციდან ეს კორონოვირუსი ადამიანებს გადაედო, მერე კი ჰაერწვეთოვანი გზით და ანტისანიტარიის გამო მოსახლეობაში გავრცელდა.

ეს ვერსია შეიძლება უფრო ახლოს იყოს რეალობასთან, თუმცა კონსპიროლოგიის მოყვარულები აქტიურად ავრცელებენ სხვა მოსაზრებებსაც, მათ შორის იმასაც, რომ თურმე "ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ჩინეთში სპეციალურად გაავრცელეს ეს ვირუსი, რათა ჩინეთის ეკონომიკას დარტყმა მიაყენონ და, ამასთან, ჩინეთში ტურისტების ჩასვლა საშიში გახადონ"...

მეორე კონსპიროლოგიური ვერსია უფრო კონკრეტულია - ახალი კორონავირუსი არასანქცირებულად, შემთხვევით გავრცელდა სწორედ ქალაქ უხანის საიდუმლო ლაბორატორიიდან, სადაც ჩინელი მეცნიერები საშიშ ვირუსებზე მუშაობდნენ.

მართლაც, ორი წლის წინ, 2018 წლის იანვარში, ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში გახსნა ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომლის ლაბორატორიებს უმაღლესი, მეოთხე დონის უსაფრთხოების ხარისხი მიენიჭა, რაც მსოფლიოში დღეს არსებულ ყველაზე საშიშ პათოგენებთან, მათ შორის - ებოლას ვირუსთან მუშაობის საშუალებას იძლევა, მაგრამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის ახალი კორონავირუსის "დაბადების" დაბრალება ძალიან წააგავს "ფეიკ-ნიუსებს", რომელთა მიხედვით, მეზობელი რუსეთის ჩინოვნიკები თუ მასმედია პერიოდულად ბრალს სდებენ თბილისის აეროპორტთან განთავსებულ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობით ბიოლოგიური იარაღის ნიმუშების შექმნაში.

და მაინც, შესაძლებელია თუ არა ბიოლოგიური იარაღის შექმნა და მისი საშუალებით ფარული ომის წარმოება წერტილოვანი დივერსიების სახით, რაც კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიებზე ახალი ვირუსების გავრცელებას გულისხმობს.

ბიოლოგიური ომების ისტორიიდან...

მსოფლიო ისტორია რამდენიმე ფაქტს იცნობს, როცა მოწინააღმდეგე მხარეებმა სპეციალურად გაავრცელეს მომაკვდინებელი ვირუსული დაავადებები საბრძოლო უპირატესობის მოსაპოვებლად.

ყველაზე ადრეული ინფორმაცია ასეთი "ბიოლოგიური ომის" წარმოებაზე ამხელს "ოქროს ურდოს" ხანს, ჯანიბეკს, რომლის ბრძანებით, 1346 წელს ქალაქ კაფის (დღევანდელი ფეოდოსია) ალყის დროს ციხესიმაგრის დამცველებს შავი ჭირით დაღუპულთა ცხედრებს უყრიდნენ. ქალაქის დაცემის შემდეგ მისმა დამცველებმა თავს იალქნიანი ნავებით უშველეს და მათმა ნაწილმა შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე ჩაღწევა და ვენეციაში დასახლება მოახერხა, თუმცა ისინი უკვე შავი ჭირით იყვნენ დაავადებული. ვენეცია იმდროინდელი ევროპის სავაჭრო მექა გახლდათ, რის გამოც შავი ჭირის სასიკვდილო პათოგენი მალევე მოედო მთელ ევროპას და პანდემიად გადაიქცა, რომელმაც არანაკლებ 50 მლნ ადამიანი იმსხვერპლა.

მეორე, დადასტურებული ფაქტი, როცა სასიკვდილო ვირუსი შეგნებულად გაავრცელეს, 1763 წლით თარიღდება. ამერიკელმა კოლონიზატორებმა ინდიელთა ტომს ყვავილით დაინფიცირებული საბნები გაუგზავნეს, რამაც ინდიელთა მასობრივი დაავადება და სიკვდილი გამოიწვია.

მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის იმპერატორის არმიის "რაზმი 731" ოკუპირებული ჩინეთის ტერიტორიაზე საიდუმლო ცდებს ატარებდა ბაქტერიოლოგიური იარაღის ნიმუშების შესაქმნელად, რასაც 3 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

მეორე მსოფლიო ომის დროსვე, სტალინგრადის ბრძოლისას, 1942 წლის შემოდგომის ბოლოს, საბჭოთა არმიამ გერმანელი სამხედროების დასაავადებლად ტულარემიის ბაქტერიით დააინფიცირა ვირთხები და თაგვები და ისინი გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე "დესანტად" გადაისროლა. ზამთრისა და ყინვების დადგომისთანავე დაინფიცირებულმა მღრღნელებმა სიცივეს იმ სახლებში შეაფარეს თავი, რომლებშიც გერმანელი სამხედროები ცხოვრობდნენ და მათ ინფექციური დაავადებები გადასდეს. გერმანელებისთვის ეს უცნობი ინფექციური დაავადება აღმოჩნდა და საბჭოთა კონტრშეტევას მათი უმრავლესობა სანგრების ნაცვლად საწოლებში შეხვდა.

ამ ბიოლოგიური შეტევისგან საკუთარი ჯარისკაცები რომ არ დაეზარალებინა, საბჭოთა სარდლობამ ფრონტის ხაზზე მყოფი თავისი მებრძოლები წინასწარ აცრა.

საბჭოთა კავშირმა "ბიოლოგიურ ომში" კიდევ ერთხელ "გამოიჩინა" თავი, ოღონდ ამჯერად - საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. 1979 წელს სვერდლოვსკში (დღევანდელი ეკატერინბურგი) ციმბირის წყლულმა ასამდე ადამიანი იმსხვერპლა მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიიდან (სადაც საბჭოთა ბიოლოგიური იარაღის სახეობებს ქმნიდნენ, რაც საერთაშორისო კონვენციით მკაცრად აკრძალული გახლდათ) ფილტრის მწყობრიდან გამოსვლის გამო ჰაერში მოხვდა ციმბირის წყლულის სპორები. მაშინ საბჭოთა ხელისუფლებამ, ტრადიციულად, დამალა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი და ყველაფერი დაინფიცირებულ ქუჩის ძაღლს დააბრალა.

რა არის ბიოლოგიური იარაღი

ბიოლოგიური იარაღი მასობრივი განადგურების საშუალებაა და 1925 წლის ჟენევის პროტოკოლით, ასევე 1972 და 1992 წლების კონვენციებით მისი წარმოება და გამოყენება აკრძალულია. ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს 165-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი ქვეყანა ფარულად ატარებდეს ლაბორატორიულ სამეცნიერო კვლევებს ბიოლოგიური იარაღის ახალი სახეობების შესაქმნელად.

ბიოლოგიურ იარაღად შეიძლება გამოიყენონ საავიაციო ბომბები, საარტილერიო ჭურვები და რაკეტები, რომელთა ჰერმეტულ შიგთავსში მოთავსებულია ბაქტერიები და ვირუსები. ამ საბრძოლო საშუალებების მოწინააღმდეგის პოზიციებზე ან სულაც დასახლებულ პუნქტებში ჩამოყრისა და აფეთქების შემდეგ ჰაერში გაიფანტება მათი სასიკვდილო სპორები, რაც ეპიდემიის დაწყებას შეუწყობს ხელს. საბრძოლო ქობინებში ძირითად დამაზიანებელ ბიოლოგიურ საშუალებად შეიძლება გამოყენებული იყოს შავი ჭირის, ქოლერის, ციმბირული წყლულისა და ბოტულიზმის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები.

ბიოლოგიური იარაღის სახეობაა ენტომოლოგიური იარაღი, როცა პათოგენებით დაინფიცირებულ მწერებს თვითმფრინავებიდან მოწინააღმდეგის პოზიციების თავზე, ჰაერში უშვებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით შედეგიანია დაინფიცირებული კოღოების, რწყილებისა და ბუზების ზოგიერთი სახეობის გამოყენება. არ არის გამორიცხული სპეციალურად გამოყვანილი სოფლის მეურნეობის მავნებლების გავრცელება მოსავლის გასანადგურებლად და ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად.

ბიოლოგიურ ომში შეიძლება გამოიყენონ გენეტიკური იარაღიც, რომელსაც შეუძლია არჩევითი დაზიანების გამოწვევა რასობრივი, ეთნიკური თუ სქესობრივი (მაგალითად, ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგის მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელთა დაინფიცირება) ნიშნით, თუმცა მეცნიერთა ნაწილს გენეტიკური იარაღის შექმნა შეუძლებლად მიაჩნია.

ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობას ისიც განაპირობებს, რომ მოწინააღმდეგეს დრო სჭირდება მისი ფარული მოქმედების აღმოსაჩენად და ეპიდემიის დაწყების შესაჩერებლად, ამასთან, ინფექციური დაავადებების მოულოდნელმა მასობრივმა გავრცელებამ შეიძლება მებრძოლებსა და მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს, რაც ასევე შეესაბამება ბიოლოგიური იარაღის გამომყენებელთა ინტერესებს. თუმცა ბიოლოგიური იარაღის ეფექტიანი საბრძოლო გამოყენება ძალზე რთულია და ყოველთვის არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ სასიკვდილო პათოგენები ადრე თუ გვიან მის თავდაპირველ გამავრცელებელს დაუბრუნდება, ამიტომაც იმ საბრძოლო ქობინებში, რომლებიც, სავარაუდოდ, მალულად კვლავ რჩება ამა თუ იმ ქვეყნის შეიარაღებაში (დიდი ეჭვია, მათ შორის იყოს რუსეთიც, რადგან "სვერდლოვსკ-19"-ში კვლავ ფუნქციონირებს რუსეთის არმიის ბიოლოგიური სამხედრო ლაბორატორია და ბრიტანეთსა და ბულგარეთში ადამიანების მოწამვლაში რუსული "ნოვიჩოკის" კვალი გამოჩნდა), შეიძლება არის ვირუსების მხოლოდ ის შტამები, რომლებიც ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და მხოლოდ ლოკალურად აზიანებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას.

ხვდება თუ არა საქართველო "ბიოლოგიური შემოტევების" სამიზნეში?

მსოფლიოში ვაჭრობის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის გლობალური გავრცელების ფონზე იმის მტკიცება, რომ პატარა საქართველომდე შორეული ჩინეთიდან ახალი და ძალზე საშიში კორონავირუსის ჩამოღწევის არ უნდა გვეშინოდეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იქნებოდა, თუმცა არც პანიკას უნდა მივეცეთ. საჭიროა ქვეყანაში შემოსული სტუმრებისა და სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებული კონტროლი და კორონავირუსით დაავადებულთა აღმოჩენისას მათი სასწრაფო იზოლაცია.

მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილის აზრით, საქართველოს წინააღმდეგ, წლებია, გამოიყენება "ბიოლოგიური იარაღი" ღორის ჭირისა თუ ფაროსანას სპეციალურად გასავრცელებლად, მაგრამ ამის დადასტურებას ძალზე სერიოზული და ძვირად ღირებული ლაბორატორიული კვლევები სჭირდება სპეცსამსახურების მონაწილეობითაც კი.

იმის სრულიად გამორიცხვა, რომ რომელიმე "ტურისტს" არ შეუძლია სპეციალური დავალებით გამოიყენოს ენტომოლოგიური იარაღი და ახალი, "გაუმჯობესებული" ფაროსანა გაუშვეს სადმე კოლხეთის დაბლობზე, თხილის ბაღებში, არ შეიძლება.

მსოფლიოში საინფორმაციო ომთან ერთად ახალი "ცივი ომია" დაწყებული და ბევრი ქვეყანა არ იტყოდა უარს "ბიოლოგიური იარაღის" ფარულად გამოყენებაზე, იქნება ეს არამეგობრული ქვეყნის ეკონომიკისთვის დარტყმა, თუ თავისივე გავრცელებული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების გასაღებისთვის ახალი ბაზრის შექმნა.