ერდოღანსა და პუტინს შორის შავი კატა გამოჩნდა... - კვირის პალიტრა

ერდოღანსა და პუტინს შორის შავი კატა გამოჩნდა...

"საქართველოს ნატოში მიღებისა და ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების მოწოდებით თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას სირიისთვის სამაგიერო გადაუხადა"

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამასთან, დონბასში რუსულ სეპარატისტულ ძალებთან მეომარ უკრაინულ არმიას 36 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო.

მანამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთის საგარეო უწყებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, საქართველო რაც შეიძლება მალე მიიღონ ალიანსის სრულუფლებიან წევრად.

ოფიციალური ანკარის ეს ორივე საერთაშორისო ინიციატივა, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა რუსეთის ხელმძღვანელობის გულისწყრომას - დღეს ხომ საქართველოსა და უკრაინაში მათი საოკუპაციო სამხედრო ბაზებია განთავსებული.

რა უნდა მომხდარიყო, რომ ბოლო წლებში ასე "ჩახუტებულ" თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შავ კატას გაერბინა?

თავიდათავი პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობაში გაჩენილი ნაპრალის გაღრმავებისა, რა თქმა უნდა, სირიის საკითხია. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სირიაში მოსკოვისა და ანკარის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება.

კრემლი მხარს უჭერს ბაშარ ასადის ხელისუფლების გაძლიერებას და რუსული ავიაციისა და რუსი დაქირავებულების დახმარებით სირიის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა იდლიბის რეგიონისა, სადაც სირიელები შეეჯახნენ მეზობელი თურქეთის სტრატეგიულ ინტერესს - ანკარის მცდელობას, თურქეთ-სირიის მთელი საზღვრის გაყოლებით სირიის ტერიტორიის სიღრმეში შექმნას არანაკლებ 30 კმ სიგანის ბუფერული ზონა, რათა სირიელმა ქურთებმა თურქეთში მცხოვრებ ქურთებთან ურთიერთობა ვერ შეძლონ. იდლიბის რეგიონში ბოლო დღეებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების დროს რუსეთის მხარდაჭერილმა სირიის არმიამ რამდენიმე თურქი სამხედრო მოკლა, რასაც პასუხად თურქეთის საბრძოლო დანაყოფების გააქტიურება და რამდენიმე ათეული სირიელი მებრძოლის განადგურება მოჰყვა.

გარდა ამისა, ამავე რეგიონში, სავარაუდოდ, თურქების მხარეზე მებრძოლი დივერსანტების ჩასაფრების შედეგად მოკლეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოთხი პროფესიონალი სნაიპერი, რამაც კრემლის განრისხება გამოიწვია.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ თურქეთ-რუსეთის ახალი ომი დაიწყება, თუმცა შავი კატა უკვე ემზადება ერდოღანსა და პუტინს შორის გასარბენად, რადგან თურქეთ-რუსეთის ინტერესები ერთმანეთს, სირიის გარდა, ლიბიაშიც უპირისპირდება. თურქეთმა უკვე გადაისროლა საბრძოლო დანაყოფები ლიბიის იმ რაიონში, სადაც რუს დაქირავებულ მებრძოლთა რაზმები ანკარის მოწინააღმდეგე მხარეს ეხმარებიან. საინტერესოა, ისარგებლებს თუ არა ერდოღანისა და პუტინის ურთიერთობის გამწვავებით დონალდ ტრამპი და შეცვლის თუ არა თურქეთის მიმართ ხისტ პოლიტიკას თუნდაც იმიტომ, რომ ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე ერთგული მოკავშირე დაიბრუნოს.