გამოღვიძებული ნატო რუსეთს უკვე აშინებს...
გამოღვიძებული ნატო რუსეთს უკვე აშინებს...
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში, რუსეთის საზღვართან, გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო სწავლებას იწყებს"

21-ე საუკუნეში პირველად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას იწყებს სახელწოდებით Defender Europe 2020, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 37 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების მთავარი ნიუანსი ის არის, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად პენტაგონი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში 20 ათას ოფიცერსა და ჯარისკაცს გადმოისვრის, რითაც, ფაქტობრივად, შემოწმდება ამერიკული არმიის ლოგისტიკის
სისტემის გამართული ფუნქციონირება ალიანსის წევრი ევროპული ქვეყნებისთვის ოპერატიული სამხედრო დახმარების განსახორციელებლად.

გერმანიაში გადასროლილ 20-ათასკაციან სამხედრო კონტინგენტს ევროპელ კოლეგებთან ერთად სახმელეთო გზით გადაიყვანენ ჯერ პოლონეთის ტერიტორიაზე, მერე კი ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის სამხედრო პოლიგონებზე, ანუ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე ათეულ
კილომეტრში.

თავისი საზღვრის სიახლოვეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება მოსკოვს, ცხადია, გააღიზიანებს და შეაშფოთებს. ნატოს სამხედრო გააქტიურება კრემლში აღარ მოსწონთ, მაგრამ ვინ არის დამნაშავე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეტწილად ბიუროკრატიულმა მმართველობამ, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა და წელში გამართვა ზლაზვნით, მაგრამ მაინც დაიწყო? რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც, ერთი ძველი ქართული ანდაზის არ იყოს, თაგვივით თხარა, თხარა და კატა გამოთხარა...
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციამ, სამწუხაროდ, ნატო ვერ გამოაღვიძა; ის მხოლოდ 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია-ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე დაუმთავრებელმა ომმა გამოიყვანა ძილბურანიდან, ჯერ სირიასა და შემდეგ ლიბიაში რუსეთის გააქტიურებამ კი თვალი საბოლოოდ აუხილა.

ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება "ევროპის დამცველი 2020" სერიოზულ გაფრთხილებად უნდა იქცეს რუსეთისთვის, რომელიც ბოლო წლებში სამხედრო თვალსაზრისით ინტენსიურად ძლიერდება დასავლეთის მიმართულებით, ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ საზღვართან, განსაკუთრებით - კალინინგრადის ოლქის ანკლავში, სადაც განთავსებული რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემები თითქმის მთელ ევროპას "ფარავენ".

რუსეთის ხელმძღვანელობისთვის უსიამოვნო იქნებოდა ისიც, რომ აშშ ბელორუსთან საერთო ენის გამონახვას მონდომებით ცდილობს მაშინ, როცა მოსკოვი და მინსკი რუსული ნავთობისა და გაზის ფასზე ვერ შეთანხმდნენ, ბელორუსში კი რუსოფობიური განწყობის სახალხოდ გამოხატვა გახშირდა.

პირველი "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობებმა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მიიჩნიეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ნიშნავდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ძალის დაკნინებას (მით უმეტეს - ჩეჩნეთის პირველ ომში კრემლის ინტერესების სამარცხვინო მარცხის ფონზე), რის გამოც, ფაქტობრივად, შეწყვიტეს საკუთარი არმიების მოდერნიზაცია-გაძლიერების პროცესი.

შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვის მიერ ფარულად მხარდაჭერილ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ "რესპუბლიკებს" დღეს შეიარაღებაში მეტი ტანკი და ჰაუბიცა აქვთ, ვიდრე - გერმანიის ბუნდესვერს, მაგრამ ნატოს დღევანდელი არცთუ სახარბიელო საბრძოლო მზადყოფნის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია მაინც წაგებული აღმოჩნდება, რადგან "ბებერ ევროპას" ისევ ამერიკელი ჯარისკაცები დაუდგებიან გვერდით, როგორც პირველი და განსაკუთრებით - მეორე მსოფლიო ომების დროს და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პირველი "ცივი ომის" განმავლობაში.

მეორე "ცივი ომი" უკვე დაწყებულია და ნატო-რუსეთის საერთო საზღვართან (პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საზღვრებთან) ორივე დაპირისპირებული მხარე თავს უყრის სამხედრო ძალებსა და საბრძოლო ტექნიკას (ინფორმაციისთვის - პირველი "ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირს სახმელეთო საზღვარი ნატოსთან მხოლოდ თურქეთთან ჰქონდა, საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებზე). ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დიდი ომი დაიწყება, მაგრამ იქნება მუდმივი სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობა, როგორც გასული საუკუნის მეორე ნახევარში.

აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები - პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები (რომლებიც არცთუ უმიზეზოდ უფრთხიან მათ წინააღმდეგ კრემლის მიერ აფხაზეთისა თუ დონბასის სცენარის გათამაშებას) ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები არიან და მათზე ვრცელდება ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, მაგრამ რა ქნას ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგთან "გაყინულმა" საქართველომ, რომელმაც ვერა და ვერ გადალახა ალიანსის "ფართოდ გაღებული" კარის ზღურბლი და მეზობელ რუსეთთანაც შეჩერებულ ომშია ჩაბმული?
"ევროპის დამცველი 2020"-ის ფარგლებში ნატომ შეიძლება საქართველოს სამხედრო პოლიგონებზე ჩაატაროს საჰაერო დესანტის გადმოსხმის წვრთნები, რომელიც ასევე მოემსახურება ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის ოპერატიულად გადაჯგუფების ლოგისტიკური სისტემის დახვეწას. გასულ წლებში საქართველოს სანაპირომდე ასეთი გადმოსროლა საზღვაო ბორნების საშუალებით ხორციელდებოდა, პოლიგონებამდე მისასვლელად კი საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას იყენებდნენ, თუმცა რაც უნდა სწრაფი იყოს საჰაერო დესანტი, რუსეთის საოკუპაციო ძალები უფრო სწრაფად შეძლებენ თბილისი-გორის შემაერთებელი ავტომაგისტრალის ჩაკეტვას თუ ფოთის საზღვაო ბაზის ბლოკირებას.
როცა ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერები კრემლის ფაქტორის გათვალისწინებით კვლავინდებურად აბრკოლებენ ჩვენი ქვეყნის ალიანსში სრულფასოვან წევრად მიღებას, საქართველოს უსაფრთხოების გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ერთობლივი ქართულ-ამერიკული მუდმივმოქმედი სამხედრო ცენტრების შექმნა, რომელთა საბრძოლო პოტენციალი უნდა ითვალისწინებდეს ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებულ შესაძლებლობებს.
გიორგი
17 თებერვალი 2020 20:17
ეგ ალადაშვილი ძალიან გაუთვითცნობიერი პიროვნებაა, ელემენტარულ ფაქტებს თავდაყირა აყენებს, (იქნებ შეკვეთას ასრულებს). გორბაჩოვ ბუშის შეთანხმების თანახმად ნატო რჩებოდა იმ საზღვრებში როგორიც იყო 1990 წლებში თუ რუსეთი გაიყვანდა თავიანთ შეიარაღებულ ძალებს სოც. ქვეყნებიდან სადაც 1945 წლიდან იმყოფებოდა საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად. ისევ როგორც ამერიკელების ჯარი იმყოფებოდა დასავლეთ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. რუსეთმა ხელშეკრულება შეასრულა გამოიყვანა ჯარი რასაც მოჰყვა ამერიკელების უკანონო შემოსვლა მთლიანად ყველა სოციალისტურ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ამერიკელების იარაღის ჟღარუნი რუსეთის საზღვრებთან აბსოლიტურად უკანონოა. ვფიქრობ ამერიკელები აიძულებენ რუსეთს კუბაზე დაბრუნებას.
ადამიანი
16 თებერვალი 2020 20:51
ვეთანხმები ავტორს. ერთადერთი გზაა საქართველოს უსაფრთხოებისთვის, სანამ ნატოს წევრი გავხდებით! ისე კომენტარებს რომ გადავხედე ზოგზ წარმოდგენა არა აქვს ნატოზე( ნატო არავის ეხვეწება, ნატოს სხვა ქვეყანამ უნდა მიმართოს გაწევრიანებაზე და ამისშემდეგ იწყება პროგრამები რეფორმები
muamar kadafi
16 თებერვალი 2020 15:16
საქართველოს უსაფრთხოების გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ერთობლივი ქართულ-ამერიკული მუდმივმოქმედი სამხედრო ცენტრების შექმნა - ნეტარ არიან მორწმუნენი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები