რუსეთი და თურქეთი მე-13 ომის ზღურბლზე?.. - კვირის პალიტრა

რუსეთი და თურქეთი მე-13 ომის ზღურბლზე?..

"როგორც დონბასში მოსკოვი აიარაღებს პრორუს სეპარატისტებს, ისე ანკარამ შეაიარაღა იდლიბში პროთურქი მებრძოლები"

მსოფლიო ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ყველაზე მძიმე პროგნოზით, იდლიბის პროვინციაში რუსი და თურქი სამხედროები შეიძლება ერთმანეთს აშკარად დაუპირისპირდნენ, თანაც ავიაციის, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით.

მოსკოვსა და ანკარას შორის ასეთი მწვავე დაპირისპირება მოხდა 2015 წლის ნოემბერშიც, როცა თურქულმა გამანადგურებელმა თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, პროთურქმა მებრძოლებმა კი პარაშუტით დაშვებული რუსი პილოტი ჰაერშივე დაცხრილეს, თუმცა 2016 წლის ივლისში, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს "ჩაეხუტნენ". ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის დაზვერვის მიერ მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია თურქეთში სამხედრო გადატრიალების მზადების შესახებ, რაც პუტინმა ერდოღანს აცნობა და თურქეთის პრეზიდენტი ამბოხებული სამხედროების შურისძიებას გადაარჩინა. დღეს კი ეს ორი ქვეყანა, რომლებსაც საერთო სახმელეთო საზღვარი არა აქვთ, ერთმანეთს უკიდურესად უპირისპირდება ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ, სირიაში ხელისუფლებათა სტრატეგიული ინტერესების გამო.

2014 წელს უკრაინისთვის ყირიმის თავხედურად წართმევისა და დონბასში ფარული ომის გაჩაღების გამო საერთაშორისო პოლიტიკური ელიტიდან მოკვეთილმა რუსეთის პრეზიდენტმა 2015 წლის შემოდგომაზე სარისკო, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა - მან სირიაში რუსული სამხედრო კონტინგენტი გადაისროლა ბაშარ ასადის დამხობის პირას მყოფი რეჟიმის გადასარჩენად და, რაც მთავარია, დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად და ახლო აღმოსავლეთში ფეხის მოსაკიდებლად.

პრეზიდენტ პუტინის ეს ნაბიჯი სარისკო იყო, რადგან არსებობდა საფრთხე, სირია კრემლისთვის მეორე ავღანეთად ქცეულიყო და რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის ჭაობში ჩაფლულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა; ამასთან, თითქმის ხუთი წლის განმავლობაში სირიაში რუსეთის სამხედრო დანაკარგი არცთუ დიდია, თუმცა მოსკოვისთვის საფრთხე არ გამქრალა და პირიქით, გაიზრდება, თუკი იდლიბის პროვინციაში რუსი და თურქი სამხედროები ერთმანეთს მიზანში ამოიღებენ.

რუსი და თურქი სამხედროების საცეცხლე შეტაკებები უკვე მოხდა, ოღონდ ეს ლოკალური ხასიათის იყო (სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს შორის) და არც ერთ მხარეს არ სურს ამის აღიარება, მაგრამ თუკი საბრძოლო დაპირისპირებაში ავიაცია, ჯავშანტექნიკა და არტილერია ჩაერთვება, ამის მიჩქმალვა მოსკოვსაც გაუჭირდება და ანკარასაც, არადა, ამის შანსი ძალიან დიდია, რადგან იდლიბის პროვინციაში კონტროლის აღსადგენად ბაშარ ასადის "სირიის არაბული არმია" ძალ-ღონეს არ იშურებს, რაშიც მას ჰმეიმის საჰაერო ბაზიდან აფრენილი რუსული ბომბდამშენები, მოიერიშეები და შვეულმფრენები ეხმარებიან; ამასთანავე, ასადის არმიის ოპერაციებს რუსეთის გენშტაბის გენერლები გეგმავენ.

მეორე მხრივ, თუკი აქამდე იდლიბის პროთურქ მებრძოლებს ანკარა ფარულად აიარაღებდა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლო კვირაა, იდლიბის მონაკვეთზე თურქეთ-სირიის საზღვარს სატანკო და საარტილერიო კოლონები კვეთენ - ერდოღანი აღარ მალავს, რომ იდლიბისთვის ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს!

სხვათა შორის, იკვეთება ერთი საინტერესო პარალელი - 2014 წლის გაზაფხულიდან რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში ფარული ომი წამოიწყო, იქაური პრორუსი სეპარატისტები შეაიარაღა და სამხედრო სპეციალისტებიც გაუგზავნა, მაგრამ ორიოდე თვეში გაირკვა, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება ძალას იკრებდა, ბრძოლებში ამარცხებდა დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს და მალე მეტ-ნაკლებად ჩაკეტავდა რუსეთ-უკრაინის საზღვარს (ანუ აკეთებდა იმას, რაც საქართველომ ვერ შეძლო ვერც აფხაზეთის და ვერც აგვისტოს ომების დროს და რის გამოც "ჩვენებურ" სეპარატისტებს რუსეთიდან მუდმივად მისდიოდათ სამხედრო დახმარება ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტექნიკისა თუ ტყვია-წამლის სახით).

ამის თავიდან ასაცილებლად 2015 წლის ზაფხულში რუსეთის რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფები საშტატო ჯავშანტექნიკასთან ერთად ღიად ჩაერთვნენ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში, რუსული შორსმსროლელი არტილერია კი სახელმწიფო საზღვრიდან ყოველდღიურად ბომბავდა უკრაინულ დასახლებულ პუნქტებს.

დღეს იმავე ტაქტიკას იყენებს თურქეთი და სირიის საზღვრისპირა რეგიონში პროთურქ შეიარაღებულ რაზმებს უკვე აშკარად ეხმარება თანამედროვე შეიარაღების სხვადასხვა სისტემით, რომლებსაც თურქი სამხედროები მართავენ.

ამ ომში თურქეთის არმიის დანაყოფების აშკარა ჩარევამ უკვე გამოიღო შედეგი - თურქი პროფესიონალი სამხედროები იდლიბის მიმართულებით შეტევაზე გადასულ სირიის არმიას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით ყოველდღე უფეთქებენ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს, თურქი არტილერისტები ზუსტი დარტყმებით აზიანებენ სირიელებისა თუ ირანელი მებრძოლების დროებითი დისლოკაციის ადგილებს, ხოლო თურქმა მეზენიტეებმა უკვე ჩამოაგდეს სირიის ორი შვეულმფრენი, მესამე კი დააზიანეს.

აქამდე სირიის არმიას იდლიბის პროვინციაში, ჰაერში, სრული უპირატესობა ჰქონდა და მისი შვეულმფრენები ადვილად ყრიდნენ კასრის ფორმის თვითნაკეთ საავიაციო ბომბებს, მაგრამ თურქმა სამხედროებმა იდლიბში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ჩაიტანეს და სირიელი პილოტების დაუსჯელობას ბოლო მოუღეს.

სწორედ ცა იდლიბის თავზე შეიძლება გახდეს რუსეთ-თურქეთის აშკარა სამხედრო დაპირისპირების დასაწყისი, რადგან პრეზიდენტი ერდოღანი იმუქრება - ჩამოვაგდებთ ყველას, სირიელსაც და რუსსაც, ვინც იდლიბის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გაბედავსო, არადა, სირიის არმია მხოლოდ ჰმეიმის საჰაერო ბაზიდან აფრენილი რუსული საბრძოლო ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვების შემდეგ თუ გადადის შეტევაზე.

თურქი სამხედროების მიერ რუსული საბრძოლო თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის ჩამოგდება, თუკი მას რუსი მფრინავების დაღუპვაც მოჰყვება, მოსკოვსა და ანკარას 2015 წლის ნოემბერში დააბრუნებს (რაზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ).

უცნაური იქნება, თუკი ერდოღანი პუტინს მისგანვე ნაყიდ საზენიტო რაკეტებს - C-400-ებს შემოუტრიალებს (ამ რაკეტების ყიდვით თურქეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტი ტრამპი ძალიან გაანაწყენა).

მართალია, ჯერჯერობით C-400-ის ტიპის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების დივიზიონები თურქ გენერლებს ქვეყნის შუაგულში, დედაქალაქის სიახლოვეს აქვთ განთავსებული, მაგრამ მათი სამხრეთით, სირიის საზღვართან გადასროლა მხოლოდ ტექნიკური პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად თურქეთის არმიას ორიოდე დღე ეყოფა.

სირიის საზღვრიდან ასიოდე კმ-ში ამოქმედებულ 2,5 მლრდ დოლარად ნაყიდ უკვე თურქულ C-400-ებს არა მარტო იდლიბის, არამედ ჰმეიმის რუსული ბაზისა და თვით დედაქალაქ დამასკოს თავზეც შეუძლიათ საჰაერო სივრცის გაკონტროლება და საფრენი აპარატების ჩამოყრა, სირიის არმიას კი რუსული საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება მთელი იდლიბის პროვინციის გაკონტროლება და იქიდან პროთურქი მებრძოლების განდევნა.

საინტერესო სიტუაცია იქმნება - პუტინმა თანამედროვე და შორსმოქმედი საზენიტო სისტემა ნატოს წევრ თურქეთს იმიტომ მიჰყიდა (თანაც - რუსული კრედიტით), რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის განხეთქილება ჩამოეგდო და ერდოღანისა და ტრამპის დაპირისპირება გამოეწვია, მაგრამ თუკი ერდოღანი ამ C-400-ებს სირიის ცაში ისევ რუსულ ავიაციას მოუტრიალებს, აღმოჩნდება, რომ კრემლში საბედისწეროდ შეცდნენ.

რუსეთ-თურქეთის ომების ისტორია

რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის XVI-XX საუკუნეებში (1568 წლიდან 1918 წლამდე) 351 წლის მანძილზე 12 ომი გაიმართა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების საერთო ხანგრძლივობა 69 წელი იყო.

რუსები თვლიან, რომ შვიდ ომში მათ გაიმარჯვეს, სამჯერ დაპირისპირება "ფრედ" დასრულდა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.

ერთი საუკუნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ბოლო საომარი დაპირისპირება საქართველოსაც შეეხო.