ფოთში ნაალაფარ "ჰამერებს" კრემლი თეთრ სახლს ისევ არ უბრუნებს - კვირის პალიტრა

ფოთში ნაალაფარ "ჰამერებს" კრემლი თეთრ სახლს ისევ არ უბრუნებს

2008 წლის აგვისტოში, ომის შემდგომ, ფოთში შეიჭრა რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, რომელმაც ფოთის სამხედრო პორტში დარჩენილი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის კატარღები ააფეთქა.

რუსებმა ფოთის საზღვაო ტერმინალიდან რამდენიმე სამხედრო "ჰამერიც" წაიყვანეს და ქართველი სამხედროების ჯგუფიც დაატყვევეს.

მაშინ, როდესაც დედაქალაქზე რუსული ტანკების შეტევის საშიშროება ჯერ კიდევ იყო, ფოთიდან რამდენიმე "ჰამერის" წაყვანას ვინ ჩიოდა, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, რადგან ფოთიდან წაყვანილი "ჰამერები" ქართულ ჯარს კი არა, პენტაგონს ეკუთვნოდა.

2008 წლის ივლისის ბოლოს ვაზიანში ჩატარდა საერთაშორისო სამხედრო სწავლება, რომლისთვისაც ამერიკულმა მხარემ საქართველოში დაახლოებით 80 ერთეული არასაბრძოლო ტექნიკა შემოიყვანა, მათ შორის - "ჰამერები", რაც ქართული არმიის პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილისთვის სიახლე აღარ იყო, რადგან ერაყში კარგად შეისწავლეს "ჰამერების" დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.

სწავლება აგვისტოს დასაწყისში დამთავრდა და ტექნიკა ვაზიანიდან ფოთში გადაგზავნეს, რათა გემებით აშშ-ში წაეღოთ. როგორც ჩანს, რამდენიმე "ჰამერის" გატანა 8 აგვისტომდე ვერ მოასწრეს და ფოთში მოქმედი რუსული აგენტურული ქსელი უთუოდ აცნობებდა სენაკში რუსულ მედესანტეებს, რომ ფოთის საზღვაო ტერმინალში კონტეინერებს შორის "ჰამერები" იყო დამალული.

აგვისტოს ომის დროს ოკუპანტები გულმოდგინედ ეძებდნენ იმის დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ქართველების გვერდით ამერიკელებიც იბრძოდნენ. ამიტომაც "ჰამერების" აღმოჩენას ფოთში მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ფოთიდან წაყვანილი "ჰამერები" რუსებმა მოსკოვთან ახლოს, კუბინკაში ჩაიყვანეს და ქართული არმიის სხვა ნაალაფარ შეიარაღებასთან ერთად მუზეუმში გამოფინეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს "ჰამერებში" ძალზე გასაიდუმლოებული ტექნიკა აღმოაჩინეს და მას დაწვრილებით სწავლობენ. სინამდვილეში ის "ჰამერები" სატვირთო ვარიანტებია და მათში გასაიდუმლოებული არაფერია. მხოლოდ ერთი "ჰამერი" იყო შეჯავშნული (ისე, როგორც ერაყში) და "ჰარისის" რადიო, ასევე GPS-ის აპარატურით გახლდათ აღჭურვილი.

ისე, ინფორმაციისთვის: რუსულმა სამხედრო დაზვერვამ ქართული არმიის მანქანა, რომელსაც "ჰარისის" აპარატურა ჰქონდა დაყენებული, ჯერ კიდევ 2004 წელს ცხინვალთან საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაიგდო ხელში. არც "ჰარისი" და არც GPS წარმოადგენს ისეთ დიდ საიდუმლოებას, რომ პენტაგონს თავი ასე შეეწუხებინა (ერაყსა და ავღანეთში მათ ასეთი არაერთი "ჰამერი" დაუკარგავთ), მაგრამ ამერიკელი სენატორებისთვის, ეტყობა, ეს ღირსების საქმეა და კრემლისგან ამიტომაც მოითხოვენ ფოთიდან "წასხმული" "ჰამერების" პენტაგონისთვის დაბრუნებას.