პრეზიდენტს აფრიკაში ქართველი გვარდიელების მონახულება ჩაუშალეს
24-02-2020
პრეზიდენტს აფრიკაში ქართველი გვარდიელების მონახულება ჩაუშალეს
დღევანდელი ოპოზიცია ხელიდან არ უშვებს შანსს, გააქილიკოს საქართველოს პრეზიდენტის - თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლისა და ქართული არმიის ურთიერთობა. სიმართლე რომ ითქვას, ამის საფუძველს ხანდახან თვითონ ქალბატონი პრეზიდენტიც აძლევს ოპოზიციის ჩასაფრებულ ლიდერებს, გავიხსენოთ თუნდაც ზურაბიშვილის ფრთიანი ფრაზა: "ჩვენ არც ჯარი გვაქვს", მაგრამ ბოლო შემთხვევაში აშკარად იკვეთება ავი განზრახვა.

ვერ გეტყვით, როგორი დიპლომატი­ იყო საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტი, მაგრამ მისი პოსტი "ფეისბუქში" ძალიან შორს არის არათუ დიპლომატიის, არამედ
ქართული გრამატიკის ელემენტარული წესებისგანაც კი და თანაც არის ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, რაც კანონით დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, პატივს სცემ თუ არა მას. თუმცა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოფილ დიპლომატს არა პრეზიდენტის პიროვნების შეურაცხყოფას, არამედ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას ედავება - მამუკა ჟღენტმა დაწერა, რომ მარტში პრეზიდენტის თაოსნობით
ქართული დელეგაცია ათი დღით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას უნდა სწვეოდა. ძნელი სათქმელია, წაიკითხავდნენ თუ არა ყოფილი ქართველი დიპლომატის რუსული ფრაზებითა და გრამატიკული შეცდომებით აჭრელებულ პოსტს პოტენციური აფრიკელი­ ტერორისტები და "მოგვტაცებდნენ" თუ არა ქალბ­ატონ პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ჟღენტისადმი მკაცრი პასუხით კონტრდარტყმა მიაყენა მთელ ოპოზიციას.

"საქართველოს პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმ­აციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები. ამგვარი განცხადების გამო საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ, მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება," - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

სპეცსამსახურებს და მათ შორის - სახელმწიფოს მეთაურების დაცვის სამსახურებს აქვთ დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად, ინფორმაციის წინასწარი გავრცელება იმის შესახებ, თუ რას აპირებს მათი დასაცავი, დაუშვებელია.

ქვეყნის პირველი პირების ჩასვლა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში მანამდე რჩება გასაიდუმლოებული, სანამ ესა თუ ის პრეზიდენტი სამშობლოში მშვიდობით არ დაბრუნდება. სხვათა შორის, ამ მკაცრ წესს იცავენ პრეზიდენტების "პულში" შემავალი ჟურნალისტებიც და მათი რედაქციებიც. მაგალითად, გასული წლის 28 ნოემბერს "მადლიერების დღე" პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთის ბაგრამის საჰაერო ბაზაზე (სადაც ქართველი სამხედროებიც მსახურობენ) მიულოცა ამერიკელ სამხედროებს ისე, რომ ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან მისი გაფრენის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა. მეტიც - ტრამპის "ტვიტერზე" აქტიურობა არ შენელებულა, სპეცსამსახურის თანამშრომლები ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ ტრამპი ისევ თავის რანჩოზე ისვენებდა.

არცთუ შორეული წარსულიდან ისიც გვახსოვს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა,­ რომელიც ძალაუფლების ბოლო თვეებს­ ითვლიდა, ავღანეთში ქართველ სამხედრო­ებთან ვიზიტი ჩვეული სტილით გააპიარა და ვიდეოკადრებიც კი აჩვენა, როგორ გამოჰკითხა მებრძოლებს, რამდენი თალიბანელი მოკლეს ბაზაზე თავდასხმისას.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში­ სიმშვიდე არ არის; ევროკავშირმა იქ სამშვიდობო მისია 2014 წლიდან დაიწყო და ივნისიდან საქართველომ ევროპელებს (უპირველესად - ფრანგებს) 156-კაციანი ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული მიახმარა, რომლის როტაცია იმავე წლის დეკემბერში­ 85-კაციანმა ორმა ქართულმა ოცეულმა განახორციელა. მათი სამშვიდობო მისია 2015 წლის მარტში დასრულდა. 2017 წლის თებერვლიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ახალ საწვრთნელ­ მისიაში­ საქართველო მონაწილეობს 35-კაციანი ოცეულით, რომლის როტაცია უკვე შვიდჯერ განხორციელდა. ამ ოცეულს ეროვნუ­ლი გვარდიის პირადი შემადგენლობა აკომპლექტებს.

ბოლო პერიოდში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ძალიან დაუახლოვდა კრემლის ბინადართ და საპასუხოდ საჩუქრად რუსული იარაღის რამდენიმე პარტია მიიღო. ამასთან, ქვეყანაში მოქმედებენ რუსი დაქირავებული მებრძოლები ავად სახსენებელი "ვაგნერის" ნახევრად ოფიციალური რუსული სამხედრო დაჯგუფებიდან (მათ შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი ცნობილი რუსი ჟურნალისტი მოკლეს), ასე რომ, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში თანამემამულე სამხედროების მოსანახულებლად საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა არც ისეთი მარტივი და სასეირნო ვიზიტი შეიძლება იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
1234
01 მარტი 2020 14:15
საიდან ექნება ავტორიტეტი ზურაბიშვილს? რატომ გიკვირთ ქილიკი? ხომ უყიდეს სკამი? ხომ გააქრეს ბანერებიდან? თვითონაც ხომ ივანიშვილს ეძახა პრეზიდენტი, ევროსაბჭოს ტრიბუნიდან?
პ.ს ავტორის ადგილზე, სალომეს კონტექსტში, გრამატიკას საერთოდ არ ვახსენებდი :)

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?