რატომ მიმართა მერაბიშვილმა პოლიციელებს? - კვირის პალიტრა

რატომ მიმართა მერაბიშვილმა პოლიციელებს?

"ვანო მერაბიშვილმა მინისტრობის დროს კარგად შეისწავლა ქართველი პოლიციელის მენტალიტეტი და მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში ამ ფაქტორს აუცილებლად გამოიყენებს"

ლამის შვიდწლიანი პატიმრობიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა პირველად სწორედ იმ პოლიციელებს მიმართა, რომელთა მინისტრიც შვიდ წელზე მეტხანს იყო და ეს შემთხვევით არ მომხდარა...

"მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - განაცხადა მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ და ეს მოსალოდნელიც გახლდათ იმ პირისგან, ვინც პოლიციელების მინისტრი იყო შვიდი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში.

ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთადერთი ჩინოვნიკი იყო, რომელმაც მინისტრის პორტფელი 2004 წლის 18 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე შეინარჩუნა, მანამდე, სანამ პრემიერ-მინისტრად არ დანიშნეს, თუმცა ამ სავარძელში ოთხი თვეც ვერ გაძლო. პრეზიდენტ სააკაშვილს რომ არ დაეშვა დიდი პოლიტიკური შეცდომა, როცა ფსონი ძმებ ახალაიებზე გააკეთა და ვანო მერაბიშვილი შსს-ს ჩამოაცილა პრემიერ-მინისტრად დაწინაურების მოტივით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება სხვა შედეგით დამთავრებულიყო, რადგან შსს-ს ხელმძღვანელობის პერიოდში მან ამ რთული სტრუქტურის მართვის სადავეები თითქმის მთლიანად იგდო ხელთ, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ ბევრმა მინისტრმა ვერ შეძლო.

შსს, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, იყო ერთგვარი სახელმწიფო სახელმწიფოში და ასე გაგრძელდა დამოუკიდებელ საქართველოშიც; მისი ერთპიროვნული მართვა ძალიან რთული პროცესია, რადგან სამინისტროში ყოველთვის არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ერთმანეთს ძირს უთხრიან. მერაბიშვილმა კი თავისი მინისტრობის პერიოდში მეტ-ნაკლებად მოახერხა შსს-ს მოთოკვა და სამინისტროს მაშინდელი შემადგენლობის არცთუ მცირე ნაწილი მის მიმართ ლოიალური გახადა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყო თუნდაც ის უმნიშვნელო ჟესტი, რომ სამინისტროს ყველა თანამშრომელი, დამლაგებლით დაწყებული, დაბადების დღეს პირადად მინისტრის მილოცვას იღებდა.

ვანო მერაბიშვილის მინისტრობიდან თითქმის რვა წელი გავიდა და, რა თქმა უნდა, შსს-ში მისი ერთგული "სასტავი" მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა არ არის გამორიცხული, მისი ფარული თაყვანისმცემლები ისევ იყვნენ სამინისტროში და არცთუ დაბალ თანამდებობებზე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ციხიდან ფეხის გადმოდგმისთანავე ვანო მერაბიშვილმა სწორედ მათ მიმართა? ძნელი სათქმელია, მაგრამ მერაბიშვილის პოლიციელებისადმი მიმართვა ნამდვილად შეაფიქრიანებს დღევანდელ ხელისუფლებას და შეიძლება შსს-ში მისი თანამოაზრეების ძებნაც დაიწყოს, მით უფრო, რომ მატროსოვის ციხიდან გამოსული მერაბიშვილის დამხვდურთა შორის უმეტესობა ყოფილი პოლიციელი იყო.

ყოფილი მინისტრისადმი ყოფილი პოლიციელებისა და განსაკუთრებით - ყოფილი სპეცრაზმელების (რომლებიც მერაბიშვილის მინისტრობის დროს სამსახურს გადიოდნენ შსს-ს სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმებში) კეთილგანწყობა, ბუნებრივია, შეაშფოთებს ხელისუფლებას, თანაც იმ ფონზე, როცა ციხიდან ათი წუთის გამოსული ყოფილი პატიმარი აცხადებს, გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე ამ ხელისუფლებას დავამხობო.

შეიძლება ეს 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ადამიანის ემოციად მივიჩნიოთ (თუმცა, ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგი მოწოდებაა), მაგრამ პოლიციელებისთვის "ღირსების აღდგენის" დაპირება ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს საპასუხო მოქმედებებისკენ უბიძგებს, თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელ ოპოზიციაში ბევრი და თვით სააკაშვილიც კი ვერ დაიკვეხნის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებთან მერაბიშვილის მსგავსი მჭიდრო ურთიერთობით, ყოფილი პოლიციელები და მით უფრო - სპეცრაზმელები კი პარლამენტთან პერფორმანსის მომწყობი "ნაცები" როდი არიან, მათ სხვანაირი "პერფორმანსის" გამართვა შეუძლიათ...

სამწუხაროდ, საქართველოს გადატრიალება-გადმოტრიალება არ მოჰკლებია არც გამსახურდიასა და არც შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის დროს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, არადა, ამის გამოცდილება დღევანდელი ოპოზიციის ნაწილს აქვს ე.წ. ვარდების რევოლუციის სახით და მისი განმეორება ჩვენი სამშობლოსთვის დამღუპველი იქნება.