პანიკა ვირუსზე უარესია... - კვირის პალიტრა

პანიკა ვირუსზე უარესია...

"ყველა სავარაუდო შემთხვევისთვის ძალოვანი სტრუქტურები მზად უნდა იყვნენ, რისთვისაც აუცილებელია პირადი შემადგენლობის მომარაგება ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის სპეცტანსაცმლით, აირწინაღებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და სხვა აუცილებელი ატრიბუტებით"

საქართველოში უკვე დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების ერთი შემთხვევა, რაც მოსალოდნელიც გახლდათ. ახლა მთავარია, ეს საშიში ვირუსი მასობრივად არ გავრცელდეს და ეპიდემიაში არ გადაიზარდოს. ეს საფრთხე მართლაც არსებობს ტურისტული სეზონის მოახლოების გამო. ამისთვის აუცილებელია, საქართველოს საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტზე, იქნება ეს სახმელეთო საზღვარი, აეროპორტები თუ საზღვაო პორტები, უმკაცრესი ზომები გატარდეს უცხოელ მგზავრთა შორის დაინფიცირებულების გამოსავლენად. უფრო რთულია ვითარება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით - უცხოელს შენს ქვეყანაში არ შემოუშვებ, მაგრამ სამშობლოში მომავალ თანამემამულეს კარს ხომ ვერ ჩაუკეტავ?!

ყოველდღე მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათასით იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი და უპრიანი იქნებოდა, საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეზღუდულიყო, თუმცა კორონავირუსზე სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს საყოველთაო პანიკა, რომლის ნიშნები უკვე ვლინდება ჩვენს საზოგადოებაში.

პანიკა ყოველთვის საშიშია, რადგან ამ დროს ადამიანს უჭირს ადეკვატური მოქმედება, ხოლო თუკი პანიკამ ადამიანების დიდი ჯგუფი მოიცვა, მაშინ ბრბოს ცნობიერება იმარჯვებს...

მასობრივი პანიკის შემთხვევები საქართველოს, სამწუხაროდ, არასდროს მოჰკლებია. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ აგვისტოს ომის დროს რუსული თვითმფრინავებიდან თბილისის დაბომბვის მუდმივი შიში ან მოგვიანებით მაშინდელი ხელისუფლების დავალებით ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დაწყებული `იმიტირებული ომი".

პანიკის დაწყებას შეიძლება მოჰყვეს მასობრივი არეულობა, რისი სამწუხარო მაგალითები ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც ბევრია. ასეთ დროს მზად უნდა იყვნენ სამართალდამცავები და თუ საჭირო იქნება - საარმიო დანაყოფებიც კი. ეს ის შემთხვევაა, როცა თავის დაზღვევა ზედმეტი არ არის.

ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი საშიში კორონავირუსი გავრცელდა, პოლიციის სპეცრაზმები ინტენსიურად ვარჯიშობენ სამართალდამრღვევების, მათ შორის - ინფიცირებულთა სასწრაფო და უსაფრთხო დაკავება-იზოლაციაში.

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რომელიმე დაჯგუფებამ სხვადასხვა მოსაზრებით კორონა-ტერორიზმის აქტების განხორციელება ჩაიფიქროს ეპიდემიის მასშტაბის გასაზრდელად.

ყველა სავარაუდო შემთხვევისთვის ძალოვანი სტრუქტურები მზად უნდა იყვნენ, რისთვისაც აუცილებელია პირადი შემადგენლობის მომარაგება ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის სპეცტანსაცმლით, აირწინაღებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და სხვა აუცილებელი ატრიბუტებით, რათა სამართალდამცავებს დასახული ამოცანების შესრულებისას კორონავირუსით დაინფიცირების არ ეშინოდეთ.