პუტინი ერდოღანის ტანკებს თბილისური მოიერიშეებით ბომბავს... - კვირის პალიტრა

პუტინი ერდოღანის ტანკებს თბილისური მოიერიშეებით ბომბავს...

სირიის ცაში თურქებს "სტინგერებით" რუსებისთვის მეორე ავღანეთის მოწყობა შეუძლიათ...

22 თებერვალს 45 წელი გავიდა საბჭოთა Су-25 ტიპის პირველი თვითმფრინავის პირველი საცდელი აფრენიდან და მხოლოდ ახლა დაიწყო ამ მოიერიშემ მთავარი ამოცანის შესრულება - ნატოს ტანკების აფეთქება, რისთვისაც მაშინდელი "ცივი ომის" დროს შეიქმნა.

დღეს იდლიბის პროვინციაში მიმდინარე შედარებით ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში რუსეთი აქტიურად იყენებს თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ნატოს წევრი თურქეთის წინააღმდეგ, რომელმაც სირიაში თავისი ჯავშანტექნიკა გადაისროლა.

იდლიბში ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. ბაშარ ასადის არმია, რომელსაც რუსეთი აქტიურად ეხმარება, ესწრაფვის, მოწინააღმდეგე ამ პროვინციიდან განდევნოს, ანკარის მხარდაჭერილი პროთურქული ძალები კი პირიქით, ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გაკონტროლებას ცდილობენ და ქალაქ სარაქიბს უტევენ.

თურქული ტანკებითა და საბრძოლო მანქანებით შეიარაღებული პროთურქული რაზმებისა და ასევე თურქეთის რეგულარული არმიის დანაყოფების შესაჩერებლად რუსეთის ხელისუფლებამ ჰმეიმის საჰაერო ბაზიდან ჰაერში საბრძოლო ავიაცია აუშვა და განუწყვეტლივ ბომბავს შეტევაზე გადასულ თურქ მებრძოლებს. განსაკუთრებით აქტიურად რუსი გენერლები სწორედ იმ შეჯავშნულ მოიერიშე თვითმფრინავებს იყენებენ, რომლებსაც 1978 წლიდან მოყოლებული, თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობდნენ და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში გზავნიდნენ.

კრემლი დღეს სირიაში დაახლოებით იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითაც 1979-1989 წლებში ავღანეთში. ავღანელ მოჯაჰედებთან ბრძოლაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა თბილისურ მოიერიშეს და მოწინააღმდეგეს დიდ ზიანს აყენებდა მანამდე, სანამ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მოჯაჰედებს იმ დროისთვის უახლესი საზენიტო "სტინგერები" არ მიაწოდა.

კომპაქტური, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით შეიარაღებულმა, არცთუ განათლებულმა ავღანელმა მოჯაჰედებმაც კი ამ "სტინგერებით" საბჭოთა ავიაციას ავღანეთის ცაში დიდი ზიანი მიაყენეს და საბჭოთა არმიის ამ ქვეყნიდან გამოსვლა დააჩქარეს. არ არის გამორიცხული, ავღანეთის ომის პრეცედენტი დღეს იდლიბში განმეორდეს.

საქმე ის არის, რომ თურქეთი აწარმოებს ამერიკული "სტინგერების" ლიცენზირებულ საზენიტო კომპლექსებს და მათ უგზავნის იდლიბში მებრძოლ პროთურქ მებრძოლებს, რომლებმაც სირიის ორი შვეულმფრენი უკვე ჩამოაგდეს და ერთ დროს თბილისში აწყობილი ეს მრისხანე მოიერიშე თვითმფრინავებიც მიზანში ამოიღეს.

დღემდე მათ სირიის ცაში მხოლოდ ერთი თბილისური Су-25 ჩამოაგდეს, მაგრამ თურქული საზენიტო შეიარაღებით ასადის მოწინააღმდეგეების გაძლიერება ჰაერში რუსულ-სირიული ავიაციის ბატონობას ბოლოს მოუღებს.

მართალია, ავღანეთის ომისგან განსხვავებით, სირიის თავზე მფრენი რუსული საბრძოლო ავიაცია უფრო თანამედროვე თავდაცვის საშუალებებით არის აღჭურვილი (სითბური და რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებისგან თავდასაცავად), მაგრამ ეს უსაფრთხოების სრულ გარანტიას არ იძლევა.

იდლიბში ერდოღანის ტანკების შეტევებს ხელს უშლის პუტინის თბილისური მოიერიშეები და თუკი ანკარა ბრძოლის ველზე "სტინგერებზე" მძლავრ და შორს მოქმედ საზენიტო-სარაკეტო შეიარაღებას გადაისვრის, ჰმეიმიდან აფრენილ რუს პილოტებს დაუსჯელობის განცდა აღარ ექნებათ.

მეორე მხრივ, ერდოღანს არ შეუძლია იდლიბში იერიშზე გადასული პროთურქული დანაყოფების ჯავშანტექნიკის მხარდაჭერა თავისი F-16-ებითა და შვეულმფრენებით, რადგან შეიძლება ისინი რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა და საზენიტო-სარაკეტო C-400-ებმა ჩამოყარონ. ასეთი ბედი უკვე ეწია რაკეტებით შეიარაღებულ თურქულ უპილოტო სადაზვერვო აპარატ "ანკას", რომელიც იდლიბის ციდან, ალბათ, სწორედ რუსმა მეზენიტეებმა "ჩამოხსნეს".

ყველაფერი იქით მიდის, რომ სიტუაცია იდლიბში უფრო დაიძაბება, რაც იქ მყოფი რუსულ-თურქული ძალების აშკარა საბრძოლო დაპირისპირების მასშტაბს გაზრდის, რადგან ჯერჯერობით არც ერდოღანი და არც პუტინი უკან დახევას არ აპირებენ.

მოამზადა ირაკლი ალადაშვილმა