კორონავირუსთან "ომში" უძლიერესი არმიებიც თავდაცვაზე გადადიან
15-03-2020
კორონავირუსთან "ომში" უძლიერესი არმიებიც თავდაცვაზე გადადიან
"სამხედროებისთვის ტანკების აფეთქებაზე რთული იქნება კორონავირუსის "შეტევების" მოგერიება, თუ მან ყაზარმებსა და სასადილოებში შეაღწია..."

ჩინეთის არმიის მთავარი სიამაყე, ახალი ავიამზიდი დროებით აჩერებს საბრძოლო მზადყოფნას - ამერიკელი და სამხრეთკორეელი გენერლები ყოველწლიურ ერთობლივ სამხედრო სწავლებებს აუქმებენ. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ისრაელის ავიაციაზე საშიში მტერი გამოუჩნდა. იტალიელი კარაბინერები თავდაცვის განსაკუთრებულ ზომებს იღებენ.

მსოფლიოს სხვადასხვა, მნიშვნელოვნად დაშორებული ქვეყნის არმიებს საერთო მტერი - ახალი კორონავირუსი გამოუჩნდა, რომელიც ცვლის სამხედრო მომზადების პროგრამებს და შეიძლება საბრძოლო
მოქმედების ტაქტიკასაც კი სახე უცვალოს.

ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ საჯარისო დანაყოფებსა და შენაერთებს დროის დიდ მონაკვეთში ერთ შეზღუდულ სივრცეში უწევთ ყოფნა, იქნება ეს ყაზარმა, თუ სამხედრო ხომალდის კაიუტები და გემბანები. სწორედ ამიტომ კორონავირუსის გამოჩენა არც ქართული არმიის ყაზარმებშია გამორიცხული, მით უმეტეს, რომ გორის
სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსზე ეჭვით ოთხი სამხედრო მოათავსეს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ეჭვი არ დადასტურდა.

ყაზარმები, თავდაცვის ძალების გარდა, აქვთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და სასაზღვრო პოლიციას, ასევე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. ავღანეთში მყოფი თითქმის 900-კაციანი ქართული სამხედრო კონტინგენტიც ყაზარმულ მდგომარეობაშია, ისევე, როგორც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდგარი საპოლიციო დანაყოფები.

სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების მასობრივი თავშეყრის ადგილებზე კორონავირუსის შეღწევის შემდეგ ძალიან ძნელი იქნება მისი იქიდან "გამოდევნა".

კორონავირუსით დაინფიცირებულთა მასობრივი იზოლირების შემდეგ ნებისმიერი დანაყოფი და შენაერთი შეაჩერებს საბრძოლო მზადყოფნას, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე.

ასეთ დროს წინა პლანზე იწევს ჯარების მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის სამსახური, რომელსაც ქართულ არმიაში დიდი ყურადღება არასოდეს ექცეოდა, თუმცა ამიერიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას მეტი დრო უნდა დაეთმოს.

დატვირთვა გაიზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტშიც, რომლის თანამშრომლებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა კორონავირუსით დაინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეები ყაზარმაში ან სასადილოში არ მოხვდნენ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მარტს გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში მყოფი სამხედროები (ან თუ მათ კონტაქტი ჰქონდათ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩამოსულ ოჯახის წევრებსა თუ სხვა პირებთან) ორი კვირით სამსახურიდან თავისუფლდებიან შრომითი ანაზღაურების შენარჩუნებით.

ეს უდავოდ სწორი გადაწყვეტილებაა და თავდაცვის სამინისტროს იმ სამინისტროებმაც უნდა მიჰბაძონ, რომელთა თანამშრომლებს ყაზარმებში უწევთ ყოფნა.

მაგრამ უფრო დიდი საფრთხე, რომელიც ქართულ არმიასა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას შეიძლება დაემუქროს, მოახლოებული საერთაშორისო სამხედრო სწავლებებია, რომლებიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება ქართულ პოლიგონებზე. წელს რამდენიმე ასეთი, შედარებით ფართომასშტაბიანი, ერთობლივი სამხედრო სწავლების ჩატარებაა დაგეგმილი სენაკში, ვაზიანსა და ორფოლოში. ამ სწავლებებში ნატოს წევრი და პარტნიორი ორ ათეულამდე ქვეყნის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორონავირუსის საქართველოში შემოღწევის საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსულ უცხოელ სამხედროებს, ალბათ, აუცილებლად შეამოწმებენ როგორც თავიანთ ხელმძღვანელობაში, ასევე ქართველი სამხედრო ექიმები.

P.S.
12 მარტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ბრძანება გამოსცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

ამავე ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

"საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს; პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.

ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება:

გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს; ორსულ ქალს; ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს. აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების სხვა თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

სამინისტროს ყველა მოსამსახურემ საზღვარგარეთ დაგეგმილი პირადი ვიზიტის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს უნდა აცნობოს. გაუქმდება ან გადაიდება თავდაცვის უწყების ყველა მივლინება. ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეებმა თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში მოხდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა.

ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს.

მინისტრის ბრძანებით, მათშრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.

ბრძანების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებმა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?