ვის უფრო დააზარალებს კორონავირუსის პანდემია - ნატოს თუ რუსეთის არმიას...
ვის უფრო დააზარალებს კორონავირუსის პანდემია - ნატოს თუ რუსეთის არმიას...
ახალი კორონავირუსის ეპიდემია პანდემიად შეფასდა, ანუ ის უკვე მთელი მსოფლიოსთვის უაღრესად საშიში გახდა.
მაშინ, როდესაც არ არსებობს ამ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო არათუ წამალი, არამედ ეფექტიანი მკურნალობის კონკრეტული მეთოდებიც კი, ერთადერთ გამოსავლად ადამიანთა ახლო ურთიერთობის უკიდურესად შეზღუდვა რჩება, რათა დაინფიცირებულებმა ეს საშიში ვირუსი ჯანმრთელ ადამიანებს მასობრივად არ გადასდონ.

ურთიერთობის შეზღუდვა და საზღვრების ჩაკეტვა ხელს შეუშლის კორონავირუსის მასობრივად, სწრაფად გავრცელებას, მაგრამ დააზიანებს მსოფლიო ეკონომიკას, უპირველესად კი - ტურისტულ ბიზნესს.

თანამედროვე ინტერნეტი იძლევა
საშუალებას, რომ საქმიანი მივლინებები უკიდურესად შეიზღუდოს, მაგრამ არის საქმიანობის სფეროები, რომლებიც ადამიანთა თავმოყრისა და მჭიდრო ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია.

ერთ-ერთი ასეთ მიმართულებაა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჩასატარებელი ფართომასშტაბიანი სამხედრო-საველე სწავლებები, რომლებიც, საშტაბო სწავლებებისგან განსხვავებით, ოთახებში ვერ გაიმართება - ამისთვის აუცილებელია პოლიგონები, სადაც კორონავირუსის გავრცელების შანსი
განსაკუთრებით იზრდება, მით უმეტეს, თუ ეს სწავლებები მრავალეროვნულია და მათში ათობით ქვეყნიდან ჩამოსული სამხედროები მონაწილეობენ.


კორონავირუსის პანდემიად გამო­ცხადება დაემთხვა ნატოს წამოწყებულ ფართომასშტაბიან სწავლებას "ევროპის დამცველი-2020", რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანია პირველი "ცივი ომის" შემდეგ, რადგან მასში ალიანსის ათობით ქვეყნის 37-მა ათასმა სამხედრომ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მათგან 20 ათასი კი აშშ-დან გადმოისროლეს "ბებერ" ევროპაში.

ნატო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან დიდი გაჭირვებით ორგანიზებული ფართომასშტაბიანი სწავლება, რომლითაც გათამამებული პუტინისთვის ჭკუა უნდა ესწავლებინათ, თითქმის ჩაშლის პირასაა. ამასთან, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-მა ერთი თვით ჩაკეტა საზღვრები ევროპულ ქვეყნებთან, რაც ასევე არ წაადგება ნატოს გაძლიერებისა და ერთიანობის განმტკიცებას.

ამ ფონზე ნატოს მთავარი მოწინააღმდეგე - რუსეთის არმია უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება. არა იმიტომ, რომ რუს ჯარისკაცსა თუ ოფიცერს კორონავირუსი არ დაემართება, არამედ იმიტომ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან განსხვავებით, რომელიც 30-მდე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უყრის თავს, რუსეთს მონოარმია ჰყავს და საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად სხვა სახელმწიფოების თანხმობა და სხვადასხვა ქვეყნის არმიების დანაყოფებისგან ერთიანი შენაერთების ჩამოყალიბება არ სჭირდება.


კორონავირუსის გაძლიერების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომპონენტის სრულყოფილი ფუნქციონირება უფრო შეიზღუდება, თუნდაც იმიტომ, რომ სამხედრო დანაყოფების პირადი შემადგენლობა მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალების დასახმარებლად დასახლებულ პუნქტებში წესრიგის დასაცავად, პანიკისა და მასობრივი არეულობების თავიდან ასაცილებლად, ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების პროცესი კი შეფერხდება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ნატოს სამხედრო შესაძლებლობებზე.

გარდა ამისა, ალიანსის ისედაც დაგვიანებული და გაჭიანურებული გეგმა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში გაძლიერებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, საერთოდ შეჩერდეს, რაც კრემლისთვის მართლაც საჩუქარი იქნება.

თუმცა კორონავირუსის პანდემია არც რუსეთის არმიას დაინდობს - მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასის ორჯერ შემცირების გამო რუსეთის ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რაც უსათუოდ შეაფერხებს რუსეთის არმიის გადაიარაღების პროცესს.

კორონავირუსის პანდემია გავლენას მოახდენს საქართველოს თავდაცვის ძალების საერთაშორისო კონტაქტებზეც, იქნება ეს საზღვარგარეთ მივლინებები, ქართულ პოლიგონებზე გასამართი მრავალეროვნული სწავლებები თუ ავღანეთსა და აფრიკაში ქართული სამშვიდობო კონტინგენტების ყოფნის პერსპექტივა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა