ავღანეთიდან ამერიკელების გამოსვლა დაიწყო, ჩვენ..?
16-03-2020
ავღანეთიდან ამერიკელების გამოსვლა დაიწყო, ჩვენ..?
"ავღანეთის ომის "ჭაობის" 19-წლიანი ეპოპეა შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს, თუკი ამერიკელებისა და "თალიბანის" შეთანხმება შესრულდება"

ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის ნაკადში, რომელსაც ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ვისმენთ, ერთი სას­იხარულო ცნობაც გამოჩნდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისა და სირიაში სისხლისმღვრელი ომის ფონზე თითქოს ჩაიკარგა ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა - 29 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-მა და "თალიბანის" მოძრაობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მომდევნო 135 დღის განმავლობაში ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 13-დან 8,6 ათას კაცამდე
შემცირებას ითვალისწინებს.

თუკი ეს პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის და "თალიბანი" თავდასხმებს არ განაახლებს, 14 თვის განმავლობაში ავღანეთი სრულიად უნდა დატოვონ როგორც ამერიკელმა, ისე სხვა ქვეყნების სამხედროებმაც.

"თალიბანმა" ათასამდე ტყვე უნდა გაათავისუფლოს, ხოლო სამთავრობო ძალებმა ციხეებიდან 5 ათასამდე "თალიბი" გამოუშვას. ამასთან, "თალიბანმა" ხელი უნდა შეუშალოს "ალ-ქაიდასა" და
"ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებს, რომელთა წინააღმდეგ ავღანეთში ბრძოლას განაგრძობენ ამერიკელი და სხვა ქვეყნის სამხედროები.

ავღანეთში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები 2001 წლის შემოდგომის ბოლოს გამოჩნდნენ, მას შემდეგ, რაც "ალ-ქაიდას" ლიდერმა უსამა ბინ ლადენმა 11 სექტემბრის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა იკისრა.

მართალია, უსამა ბინ ლადენი პაკისტანში 2011 წლის მაისში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს, მაგრამ ამერიკელები მოკავშირეებთან ერთად, მე-19 წელია, ჩაფლული არიან ავღანეთის ომის ჭაობში.

დოჰაში ხელმოწერას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ავღანეთის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანიც ესწრებოდნენ, რაც ამ შეთანხმების მნიშვნელობაზე მეტყველებს.

გასაგებია, რომ ამერიკელებსაც მოჰბეზრდათ ავღანეთის ეპოპეა, რაც ერთ ტრილიონ დოლარამდე დაუჯდათ და 2,4 ათასამდე სამხედრო დაეღუპათ.

საქართველოც დაინტერესებულია, რომ ამერიკელებისა და ნატოს კვალდაკვალ, ჩვენც გამოვიყვანოთ ავღანეთიდან თითქმის 900-კაციანი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ყველაზე მრავალრიც­ხოვანია მისიაში მონაწილე ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ნატოს წევრი ბევრი ევროპული ქვეყნის მიერ ავღანეთში გაგზავნილ დანაყოფებსაც კი აჭარბებს.

ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 2009 წლის შემოდგომაზე გაიგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომიდან მხოლოდ ერთი წელი იყო გასული და რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების დიდი საფრთხე ისევ არსებობდა.

ათი წლის განმავლობაში ავღანეთში, სამწუხაროდ, ჩვენი 32 სამხედრო დაიღუპა და სამასამდე დაიჭრა.

საქართველომ იმაზე დიდი წვლილი შეიტანა ნატოსა და აშშ-ის მხარდაჭერაში, ვიდრე ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შეეძლო და, ბუნებრივია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპასუხო რეალურ ქმედებებს ველოდებით ნატოში გაწევრებისა და უსაფრთხოების "ქოლგის" გადმოფარების სახით, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ისევ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებად რჩება...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გავლენიანი ქვეყნების ლიდერების სტრატეგიული შეცდომა გახლდათ ის, რომ ავღანეთში მრავალწლიანი სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება 2004 წლიდან ალიანსმა იკისრა, რის გამოც ნატოს ძირითადი ფინანსური რესურსები სწორედ ავღანეთის ომის "ჭაობში" ჩაიძირა, იმის ნაცვლად, რომ ალიანსის სამხედრო გაძლიერებასა და აღმოსავლეთისკენ უფრო სწრაფ და მძლავრ გაფართოებას მოხმარებოდა.

რაც მალე გამოვა ავღანეთიდან ნატო, მით უკეთესი იქნება ევროპისთვისაც და აშშ-ისთვისაც და წაგებული არც საქართველო დარჩება, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველწლიურად ქართული კონტინგენტისთვის დახარჯული რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეიძლება უფრო მომგებიანად გამოვიყენოთ თუნდაც ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად.

შეიძლება თავი დამარცხებულად ჩათვალოს ქართული არმიის ზოგიერთმა იმ კაპრალმა თუ ოფიცერმა, რომლებსაც ავღანური მივლინების ანაზღაურების იმედი ჰქონდათ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნისას, მაშინ, როცა ნაწილობრივ ოკუპირებული ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების პრობლემები ვერ მოგვიგვარებია.
ლ.მ
22 მარტი 2020 18:12
ათი წლის განმავლობაში ავღანეთში, სამწუხაროდ, ჩვენი 32 სამხედრო დაიღუპა და სამასამდე დაიჭრა.

საქართველომ იმაზე დიდი წვლილი შეიტანა ნატოსა და აშშ-ის მხარდაჭერაში, ვიდრე ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შეეძლო და, ბუნებრივია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპასუხო რეალურ ქმედებებს ველოდებით ნატოში გაწევრებისა და უსაფრთხოების "ქოლგის" გადმოფარების სახით, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ისევ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებად რჩება...


არაფრი გეშველებათ, რაც იყავიტ ერტ ადგილზე მრომიალე ერი ის დარჩით.
muamar kadafi
20 მარტი 2020 10:32
ამ ,,მშვიდობის" შედეგი იგივე იქნება, რაც საბჭოთა ჯარების გამოსვლის მერე, სისხლის ზღვები. ტყუილად არ ამბობენ ავღანელები: ალაჰს ავღანეთი დაავიწყდა

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?