ომის ვეტერანთა დახარისხება მიუღებელია - კვირის პალიტრა

ომის ვეტერანთა დახარისხება მიუღებელია

მოშიმშილე ვეტერანები სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას ითხოვენ. არც იმას მალავენ, რომ სწყინთ, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება "ვარდების რევოლუციამდელი" საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებისაგან ასხვავებს - ერთნიც და მეორენიც ხომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ! თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ასე არ ფიქრობს.

გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანთა გულისწყრომა იმანაც გამოიწვია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დაღუპული გვარდიელების გადაყრილი სურათები ნახა!

ჩვენ დეტალების გარკვევა ვცადეთ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ახალი შენობა ორთაჭალაში (ყოფილ ციხეებთან, სადაც ჯერ შინაგანი ჯარების საბადრაგო ბრიგადა იყო დისლოცირებული, შემდეგ კი - რეინჯერები) ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის 26 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას თავად პრეზიდენტი დაესწრო. სავარაუდოდ, 1992-93 წწ-ში დაღუპული გვარდიელების სურათები, როგორც გვარდიის კუთვნილება, აქ თავდაცვის სამინისტროდან გადაიტანეს, თუმცა, ახალ შენობაში თავიდანვე არ დაუკიდიათ.

მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი - ეროვნული გვარდიის შტაბი მდებარეობდა ორთაჭალაში, ავტოსადგურთან, ყოფილი "დოსააფის" შენობაში. მის ფოიეში ომებში დაღუპული გვარდიელების 160-მდე სურათი ეკიდა და შენობაში შემსვლელს შეეძლო ის ბიჭები ენახა, ვინც თავი შესწირა სამშობლოს.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეროვნული გვარდიის სარდლები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ. 2007 წლის იანვარში დანიშნული მორიგი სარდლისა და მისი შტაბის უფროსის ხელმძღვანელობის პერიოდში, ვეტერანების თქმით, შენობის ფოიედან მართლაც ჩამოხსნეს დაღუპული ბიჭების სურათები და სარდაფში  ჩაიტანეს.

ვეტერანები იმასაც იხსენებენ, რომ ეს სარდალი მანამდე მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო (2005 წლის ნოემბრიდან) და ამ ბრიგადაში (რომელიც შინაგანი ჯარების პირველი ოპერატიული ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა) დაანგრიეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ შინაგანი ჯარების მებრძოლთა მემორიალი.

2007 წლის 7 დეკემბერს დანიშნულმა ახალმა სარდალმა (რომელიც აფხაზეთის ომში თავადაც გვარდიის რიგებში იბრძოდა) დაღუპული გვარდიელების სურათები მოაძებნინა და ისინი კვლავ დეპარტამენტის შენობაში დაკიდეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2009 წლის ბოლოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი ორთაჭალაში, ახალგარემონტებულ შენობაში გადავიდა, დაღუპული გვარდიელების სურათების სტენდისთვის იქ ადგილი აღარ აღმოჩნდა.

საქართველოში დღეს 77 ათასამდე ომის ვეტერანია აღრიცხული. მათ შორის 30 ათასამდე -  1992-1993 წლების, დანარჩენები კი - მეორე მსოფლიო და ავღანეთის ომების ვეტერანები.

სახელმწიფო მათაც ისევე გზავნიდა ომებში, როგორც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში გაგზავნა სამხედრო დანაყოფები ხელისუფლებამ. ვის მოუბრუნდება ენა, თქვას, რომ 18 წლის წინ გუმისთაზე, კოდორთან, ლაბრასთან თუ ძველ კინდღთან მეომრები ნაკლებად იბრძოდნენ? სხვა თუ არაფერი, ისინი მთელი წელი აკავებდნენ მტერს და ინარჩუნებდნენ სოხუმს.

ამიტომ გამიჯვნა - შენ სხვა ხელისუფლების დროს რას აკეთებდი, ნაკლებად მაინტერესებსო - დამღუპველია, რადგან თუ სამხედროები ომის ვეტერანთა მიმართ ასეთ დამოკიდებულებას დაინახავენ, სახელმწიფოს იმედი ნაკლებად ექნებათ და ვინ იცის, კვლავ  მოინდომებენ თუ არა  სამხედრო სამსახურს!

თუ რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე და რა კომენტარს აკეთებენ ომის ვეტერანები ვრცლად იხ. გვ. 11.