წინასაახალწლო მარშ-ნახტომი რუსულად - კვირის პალიტრა

წინასაახალწლო მარშ-ნახტომი რუსულად

ცხინვალიდან ახალგორში ჯავშანსატანკო ტაქტიკური ჯგუფის სწრაფ გადასვლას შეიძლება შორს მიმავალი მიზნები ჰქონდეს...

26 დეკემბერს ცხინვალიდან ახალგორში რუსული საოკუპაციო ძალების 40 ერთეული ჯავშანტექნიკა (ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები) შევიდა. მეორე დღეს 8 ერთეულმა ჯავშანტექნიკამ საბრძოლო პოზიცია სოფელ ახმაჯთან, ქართული პოლიციისგან რამდენიმე ასეულ მეტრში დაიკავა. რუსმა სამხედროებმა კვამლის საფარი შექმნეს და მოგვიანებით ახალგორში დაბრუნდნენ.

ერთი მხრივ, თითქოს საგანგაშო არაფერი მომხდარა, რადგან თუკი ცხინვალთან მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის არსებობა მწარე რეალობაა, გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ, რომ ისინი წვრთნებსა და სწავლებებს გააგრძელებენ.

ესეც შეიძლებოდა მორიგ ჩვეულებრივ წვრთნად შეფასებულიყო, რომ არა ერთი გარემოება - რუსულმა ჯავშანსატანკო ტაქტიკურმა ჯგუფმა ცხინვალიდან ახალგორამდე მარშ-ნახტომი განახორციელა, რათა რუსული გენერალიტეტი დარწმუნებულიყო, რა უმოკლეს ვადაში შეუძლია დამატებითი ჯავშანტექნიკის გადასროლა დისლოცირების მთავარი ადგილიდან ახალგორამდე. ეს გამოთვლები მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევისათვის, თუკი ქართულმა მხარემ ახალგორის რაიონში ძალით დაკარგულის ძალით დაბრუნება სცადა.

რუს სამხედროებს ასევე აინტერესებთ, რამდენად სწრაფად შეძლებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების - "სმერჩების" საარტილერიო დივიზიონის გადასროლას ცხინვალიდან ახალ საცეცხლე პოზიციაზე ახალგორის რაიონში, თბილისთან უფრო ახლოს. სავარაუდოდ, იგივე გათვლები კეთდება საზენიტო-სარაკეტო სისტემების - ჩ-300-ებთან დაკავშირებითაც, თუკი მათ შემოიყვანენ (ან იქნებ უკვე შემოყვანილიცაა) ოკუპირებულ ცხინვალთან.

ამ შემთხვევაში რეალური მოწინააღმდეგის ყველა წვრთნისა და სწავლების დეტალური აღწერა და ანალიზი აუცილებელია, რათა საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ივარაუდო, რას დააპირებს მოწინააღმდეგე.