საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის გარეშე... ჯერჯერობით - კვირის პალიტრა

საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის გარეშე... ჯერჯერობით

ყაზარმულზე გადასული არმია მზადაა პოლიციას გვერდში ამოუდგეს,თუკი ამის აუცილებლობა დადგება...

21 მარტს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ მიმართა, რაც მოსალოდნელი გახლდათ, რადგან მანამდე სწორედ 21 მარტიდან დაანონსდა თავდაცვის ძალების ყაზარმულზე გადასვლა და ავიაკომპანიებისთვის ფრენების შეზღუდვა.

სიმართლე რომ ითქვას, საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდეც მიიღო რამდენიმე ისეთი ამკრძალავი გადაწყვეტილება, რომელსაც სწორედ საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, მათ შორის - საზღვრების ჩაკეტვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კარანტინის დაწესება და მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის (რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და რისკ-ჯგუფის წევრებად ითვლებიან) თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, შემდეგ კი ამ წესის დამრღვევთა დაკავება და კარანტინში იძულებითი გადაყვანა.

ჯერჯერობით "მსუბუქი" საგანგებო მდგომარეობის შემოღება იგულისხმება ერთი თვის ვადით, როდესაც არც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, არც მასმედიას "მოუჭერს" ცენზურა და არც სამხედრო პატრული გაგაჩერებთ ღამე. თუმცა შემდგომი დღეები დაგვანახებს, რამდენად საკმარისი იქნება ეს ზომები კორონავირუსის გავრცელების ტემპის შესაჩერებლად.

სრული საგანგებო მდგომარეობა უფრო მკაცრ ქმედებებს გულისხმობს, მათ შორის - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლს (ანუ სახელმწიფო ცენზურას მასმედიაზე, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში კონსტიტუცია კრძალავს), კავშირგაბმულობის საშუალებების გაკონტროლებას (მაგალითად, მობილური კავშირის გამორთვა და ინტერნეტის შეზღუდვა, სოციალური ქსელების დაბლოკვა), გაფიცვებისა და მიტინგების აკრძალვას და სულაც კომენდანტის საათის შემოღებას კერძო ავტომობილებისა და მათი მგზავრების პირადი ჩხრეკის ჩათვლით.

სურათი, რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, მით უმეტეს მათთვის, ვისაც გვახსოვს ბლოკპოსტები თბილისის სამარცხვინო ომისა თუ დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირების დროს, მაგრამ დღეს სულ სხვაგვარი, ურთულესი საფრთხის წინაშე ვდგავართ - დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელმა, ადამიანის თავისუფლების დაცვამ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის შიდასახელმწიფოებრივი აფეთქება გამოიწვიოს.

ქალაქის ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორებისა და კორპუსებთან ავტომატიანი ჯარისკაცების დანახვა არავის სურს, მაგრამ თუკი კორონავირუსი უფრო ფართომასშტაბიან "შეტევაზე გადმოვა", მაშინ ამას ვერ ავცდებით.

ქუჩებში საარმიო დანაყოფების გამოყვანას რამდენიმე დანიშნულება აქვს.

პირველი - თავდაცვის ძალების დანაყოფები გვერდში ამოუდგებიან საპოლიციო რაზმებს და ზოგჯერ მათ დროებით ჩაანაცვლებენ, რათა პატრულის პირად შემადგენლობას დასვენების საშუალება მიეცეს.

მეორე - ასეთ რთულ დროს ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები მყისიერად გაიზარდოს, მით უმეტეს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ელიტარული მაღაზიების შუშები აქამდეც არაერთხელ ჩაუმსხვრევიათ და ძვირად ღირებული საქონელიც გაუტაციათ. თავად განსაჯეთ, პატრული, რომელსაც კარანტინიდან გამოქცეული, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ან უარესი - კორონავირუსით დაავადებულების მოძებნა-დაკავება დაევალება, მოიცლის კი მაღაზიის დამრბევი არასრულწლოვანი დამნაშავეების სადევნად?

მესამე - პანიკის მასობრივად გავრცელება (შეიძლება მიზანდასახულადაც ჩვენი არცთუ მეგობარი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ) ხელს შეუწყობს ქალაქებში მასობრივი არეულობის კერების შექმნას და თუკი სიტუაციის მართვას პოლიცია ვეღარ აუვა, შეიარაღებული ჯგუფების მიერ სავაჭრო ცენტრების, ბანკებისა და მოქალაქეების მასობრივად დაყაჩაღებისა და ძარცვის ფაქტები გახშირდება.

ქვეყანაში მასობრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდება საარმიო დანაყოფების ქუჩებში გამოყვანა საზოგადოებრივი წესრიგისა და საგანგებო მდგომარეობის წესების დასაცავად, რადგან შსს-ს გვერდით დასადგომად ხელისუფლების რეალური რეზერვი დღეს მხოლოდ თავდაცვის ძალებია.

უპრიანი იქნებოდა, საზღვარგარეთ - ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილი თითქმის ათასამდე ჩვენი სამხედრო მოსამსახურის სამშობლოში დროულად დაბრუნება, რადგან არ ვიცით, კარგად არის თუ არა დაცული მათი უსაფრთხოება კორონავირუსისგან ამ მედიცინის დონით არცთუ ისე განვითარებულ ქვეყნებში, ამასთან, ჩვენი სამხედროები აქ უფრო გამოგვადგებიან.

ერთი უცილობელი პირობაა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქუჩაში გამოსული პოლიციელი თუ სამხედრო მხოლოდ არალეტალური და ცეცხლსასროლი იარაღით კი არ იყოს შეიარაღებული, არამედ თავდაცვის საშუალებებითაც აღიჭურვოს.

თუ სხვა სიტუაციაში პოლიციელისა და სამხედრო მოსამსახურის ინდივიდუალური თავდაცვისთვის ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტიც საკმარისია, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით (მაგალითად, პოლიციელებსა და სამხედროებს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ჯგუფის შეჩერება მოუხდათ) მათ აღსაჭურვად აუცილებელია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის სპეციალური კომბინეზონები და აირწინაღები, რომლებიც მათ ვირუსებისგან დაიცავს.

ღმერთმა ქნას, ზემოთ აღწერილი მხოლოდ ვარაუდად დარჩეს და კორონავირუსმა უკან დაიხიოს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში (ყველანი ვხვდებით, რომ ეს საფრთხე ყველა ქვეყნისთვის საერთოა), მაგრამ მოსალოდნელი ხიფათისთვის მომზადება მაინც აუცილებელია.