ექსტრემალური ჟურნალისტიკა კორონავირუსთან ბრძოლის ველზე
ექსტრემალური ჟურნალისტიკა კორონავირუსთან ბრძოლის ველზე
"მასმედიის თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას აშუქებენ, ექიმებზე არანაკლები საფრთხის წინაშე დგებიან"

ექსტრემალური ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს შეიძლება ის ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, გადამღები ჯგუფების დამხმარე პერსონალი მივაკუთვნოთ, რომლებიც პროფესიონალური მოვალეობის შესრულებისას საკუთარ ჯანმრთელობასა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასული 29 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ხუთი ბრძოლა გაიმართა, რომლებსაც არაერთი ჟურნალისტი აშუქებდა, რამდენიმე მათგანი კი, სამწუხაროდ, აფხაზეთისა და აგვისტოს ომებს შეეწირა.

არანაკლებ საფრთხეში იგდებენ თავს ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ტყის ხანძრების
შუაგულიდან თუ წყალდიდობისა ან მიწისძვრის ადგილებიდან აწვდიან ოპერატიულ ინფორმაციას მომლოდინე საზოგადოებას, ამ ყველაფერს კი ბოლო დროს დაემატა კორონავირუსის პანდემია, რომელიც მთავარი შემოტევისთვის "ემზადება" უკვე ქვეყნის შუაგულში, როცა შეიძლება ამ საშიში ვირუსის შიდაგავრცელება დაიწყოს.

ამ დროს საქართველოში მომუშავე მასმედიის ყველა თანამშრომელს, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის თემასთან შეხება
მოუწევს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ეს სიფრთხილე, ძირითადად, ორი სახის უნდა იყოს. პირველი - პირადი უსაფრთხოების დაცვა ინტერვიუების ჩაწერისას, იქნება ეს დიქტოფონის, მიკროფონისა თუ ვიდეოკამერის გამოყენებისას უსაფრთხო დისტანცია და შემდგომ მათი ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავება. ასეთი სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, რადგან მიკროფონზე ჩამოცმული ხმაურის ჩამხშობი ღრუბელი ადვილად იწოვს ათასნაირ მიკრობს და ერთ საათში, უკვე სხვა ინტერვიუს ჩაწერისას, დიდია შანსი, რომ ეს მიკრობები ახალ რესპონდენტს გადაეცეს, მანამდე კი თვითონ ჟურნალისტი და მისი თანმხლები ოპერატორიც დააავადოს.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საფრთხე - ჟურნალისტებმა და განსაკუთრებით რედაქტორებმა თუ პროდიუსერებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ინფორმაციის გავრცელებისას, რათა ისედაც დაძაბულ საზოგადოებაში პანიკის ახალი ტალღა არ ააგორონ.

საზოგადოების ერთი, საბედნიეროდ, მცირე, მაგრამ მაინც საშიში ნაწილი სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების გარეშეც სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციას, იქნება ეს შვეულმფრენებიდან თბილისის ღამით "შეწამვლა" თუ "ზომბების" გამოჩენა. მათ, ალბათ, სიამოვნებთ საზოგადოების უფრო დაზაფვრა და პანიკის დათესვა, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ!

ასეთ დროს მასმედიამ და განსაკუთრებით - ექსტრემალურმა ჟურნალისტიკამ იაფ სენსაციასა თუ მოგონილ ექსკლუზიურობას უნდა აჯობოს, რადგან ახალი კორონავირუსის პანდემიასთან გამოცხადებულია მსოფლიო ომი, რომელსაც გამოკვეთილი ფრონტის ხაზი არა აქვს და არც მთავარი მოწინააღმდეგე ჩანს აშკარად. მისი თავდასხმა ყველგან და ყოველთვის არის მოსალოდნელი.

ასეთ რთულ სიტუაციაში, როგორიც ჩვენს პლანეტას შეიძლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარც უნახავს, დარაზმვაა საჭირო და სხვა, თუნდაც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან მათ შეიძლება ახლა ჩვენზე მეტადაც კი უჭირდეთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები