კორონავირუსისგან ჩვენს დამცველ პოლიციელსა და სამხედროს ვინ დაიცავს?!
კორონავირუსისგან ჩვენს დამცველ პოლიციელსა და სამხედროს ვინ დაიცავს?!
"მედიკოსთა შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების რისკ-ჯგუფში პოლიციელები და სამხედროები არიან"

ჯერჯერობით საქართველო, საბედნიეროდ, უმკლავდება კორონავირუსის შიდა აფეთქების საფრთხეს, რაც საზოგადოების გარდა, სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა, განსაკუთრებით - მედიკოსების, პოლიციელებისა და ბოლო დღეებში მათ გვერდით მდგარი სამხედროების.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კარანტინის დაცვა ადვილი არ არის და ეს ოპერაცია სწორ დაგეგმვასა და განხორციელებას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის ნაწილის მოქალაქეობრივი შეგნება სათანადო დონის არ არის და ისინი თავს უფლებას აძლევენ, სამართალდამცავებს სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. სამწუხაროდ, ასეთი ინციდენტები არც მომავალშია გამორიცხული საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევები განსაკუთრებული სიმკაცრით დაისჯებიან და საზოგადოებაც, იმედია, ამას გაგებით მოეკიდება. მაგრამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, პოლიციელებსა და სამხედროებს უფრო საშიში საფრთხე ემუქრებათ სწორედ კორონავირუსის სახით, რადგან
თავდაცვის ზღუდეზე ისინი მედიკოსების გვერდით დგანან. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები,E ექიმები, ექთნები, სანიტრები და მათი დამხმარე პერსონალი იმ საავადმყოფოებში, რომლებშიც კორონავირუსით დაინფიცირებულებს მკურნალობენ, მართლაც გმირები არიან, მაგრამ დიდი საფრთხეც ემუქრებათ.

პოლიციელებს, მათ შორის - პატრულის ეკიპაჟებს, მანქანით გადაჰყავთ კარანტინის დამრღვევები, რომელთა შორის შეიძლება დაინფიცირებულებიც იყვნენ. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის დანაყოფები აქტიურად ჩაერთნენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის დაცვის ოპერაციაში; საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს თავდაცვის ძალების საინჟინრო-საბრძოლო ბატალიონის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სწრაფი რეაგირების ასეული, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სპეციალური მომზადების სამი კურსი გაიარა და ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან შესაბამისი ტექნიკაც მიიღო.

სიმართლე რომ ითქვას, ქართულ არმიაში თავიდან დიდი ყურადღება არ ექცეოდა მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდაცვის საშუალებებისა და ძალების გაძლიერებას. ალბათ, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ მხოლოდ ერთი ასეთი ასეული გვყავს და არა - ბატალიონი.
რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სწრაფი რეაგირების ასეულის პირადი შემადგენლობა ყველაზე კარგად არის მომზადებული აირწინაღებისა და სპეციალური დამცველი კოსტიუმების გამოყენებით პირადი უსაფრთხოების დასაცავად, მაგრამ თავდაცვის ძალების დანარჩენ პირად შემადგენლობასა და მით უმეტეს - პოლიციელებზე იმავეს თქმა ძალიან გაგვიჭირდება.

სამხედრომ იცის, როგორ დაიცვას თავი მოწინააღმდეგის ტყვიისგან ჩაფხუტისა და ჯავშანჟილეტის გამოყენებით, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით უხილავი კორონავირუსის შემოტევისგან ვერც ჯავშანჟილეტი დაგიცავს და ვერც - ტანკის ჯავშანი.

პოლიციელსაც და სამხედროსაც გაფრთხილება სჭირდებათ, რადგან საგანგებო მდგომარეობის დაცვა მათ გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს, თუ საქართველოს კიდევ რომელიმე რეგიონში დაგვჭირდა კარანტინის შემოღება. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, დავალების შესრულების დროს პოლიციელებიც და სამხედროებიც, პირბადისა და დამცავი სათვალის გარდა, აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი კომბინეზონებით, რადგან პოლიციისა თუ სამხედრო ფორმის დღეგამოშვებით რეცხვა შეუძლებელია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები