კორონატერორიზმი რეალობა ხდება...
კორონატერორიზმი რეალობა ხდება...
"შეუიარაღებელი თვალით უხილავი კორონავირუსი ტერორისტების ხელში არანაკლებ საშიშ მასობრივი განადგურების იარაღად იქცევა, ვიდრე "ჭუჭყიანი" ატომური ბომბი (რადიოაქტიური მასალების შემცველი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა)"

კორონავირუსით დაინფიცირებულები მოსახლეობაში განზრახ ავრცელებენ ვირუსს - დაუჯერებელი, მაგრამ უკვე დადასტურებული ფაქტები
მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში...

ფარულმა ვიდეოკამერებმა ჩინეთის ქალაქებში დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები ლიფტის ღილაკებსა და კიბის მოაჯირებს განზრახ უსვამენ თავიანთ ნერწყვს და დაცემინებისას გამოყოფილ ლორწოს...
რუსეთში ერთმა მომხმარებელმა "ფეისბუკით" გაავრცელა კომერციული წინადადება - ჩინეთიდან
ახალი ჩამოსული ვარ, 50 ათას რუბლად ვეწვევი თქვენს კონკურენტ ფირმას და კორონავირუსით "დავასაჩუქრებო"...

საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" შესთხოვა ალაჰს, რომ კორონავირუსმა რაც შეიძლება მეტი "ურწმუნო" ქრისტიანი შეიწიროს, "ისლამური სახელმწიფო" კი მის გავრცელებაში თავის როლს შეასრულებსო...

თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისა თუ ავტომატების მსგავსად, კორონავირუსის საერთაშორისო
ტერორიზმის ახალ საშუალებად ქცევა სრულიად მოსალოდნელია, რადგან ის საფრთხით და მოსალოდნელი შედეგებით მასობრივი განადგურების იარაღს უახლოვდება, მიუხედავად იმისა, მისი წარმოშობის ისტორია ბუნებრივია თუ ხელოვნური.

კორონატერორიზმის სავარაუდო შემსრულებლებს შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეთ.

პირველი - ადამიანური შური - მე შემხვდა კორონავირუსი, მას - არა, ჰოდა, დაე, ისიც ჩემსავით დაიტანჯოს.

მეორე - ფინანსური მოგების მიზნით შანტაჟი ან კონკრეტული პიროვნების დაინფიცირების "შეკვეთა".

მესამე - რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების მიერ კორონავირუსის ახალ ტერორისტულ იარაღად გამოცდა.

მეოთხე - კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ კორონავირუსის განზრახ გავრცელება სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ.
ბოლო ვარიანტი უფრო დივერსიულ ქმედებად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ამით საფრთხის არსი არ იცვლება - მიზანი სიცოცხლისთვის საშიში ახალი კორონავირუსის შეგნებულად და მიზანმიმართულად გავრცელებაა.

კორონავირუსით "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტის მსგავსად "წერტილოვანი დარტყმის" მიყენება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ ქალაქში კორონავირუსის ახალი კერის "აფეთქება" იოლად შეიძლება.
მეზობლებსა თუ მთავრობაზე გაბრაზებულ, კორონავირუსით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია დიდი პრობლემა შექმნას, მაგრამ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებისა და მით უმეტეს - სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული კორონატერორიზმის აქტი უფრო საშიში იქნება და ის მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება.

არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას პრობლემასთან გასამკლავებლად რესურსები არ ეყოფა, თუკი კორონავირუსის კერები ამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად იფეთქებს. ამ დროს საჭიროა ხელოვნური სუნთქვის აპარატებით აღჭურვილი ასობით საავადმყოფო და ჰოსპიტალი, ათასობით მედპერსონალი, ასევე - ათიათასობით პოლიციელი და სამხედრო კარანტინების მოსაწყობად და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. სწორედ ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს და, უპირველესად, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს მოუწევთ მუშაობის გააქტიურება ახალი საფრთხის - კორონატერორიზმის შესაძლო ფაქტების გამოსავლენად და მათ აღსაკვეთად.

P.S. კარანტინიდან გაქცეული მოქალაქე, რომელიც შეიძლება დაინფიცირებული იყოს კორონავირუსით (რის დადგენასაც საკარანტინო ვადის ამოწურვაც სჭირდება) უნებლიეთ სავარაუდო კორონატერორისტი ხდება, ხოლო თუკი საავადმყოფოდან ის პაციენტი გაიქცა, რომელსაც უკვე დაუდგინდა კორონავირუსი, მაშინ ის უკვე კორონატერორისტია, რომელიც ახლობლისთვისაც და უცხოსთვისაც ძალიან საშიშია.

P.P.S. კორონატერორიზმის თავისებური გამოვლინებაა სოციალური ქსელებით კორონავირუსის პანდემიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ამით საზოგადოებაში პანიკის დათესვა. კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები არანაკლები სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები