ობამამ მოსკოვს ანტისარაკეტო სისტემაზე მეტი დაუთმო - კვირის პალიტრა

ობამამ მოსკოვს ანტისარაკეტო სისტემაზე მეტი დაუთმო

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 2015 წლამდე გადადოს ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემის მესამე პოზიციების რაიონის შექმნა, უდიდესი დარტყმა გამოდგა ოფიციალური პრაღისა და ვარშავისთვის.

აშშ-ის ერთმა პრეზიდენტმა (ბუშმა) ატეხა ეს ქვეყნები და რუსეთთან სერიოზულად დააპირისპირა (რუს გენერლებს წამოსცდათ, - "ისკანდერებს" პრაღასა და ვარშავას დავუმიზნებთო), აშშ-ის მეორე პრეზიდენტმა (ობამამ) კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა და კრემლთან დაახლოება აირჩია...

საერთოდ, ცუდი არ იქნება, თუ ორი ზესახელმწიფო - აშშ და რუსეთი პარტნიორები გახდებიან, მაგრამ ვის ხარჯზე?

უკვე აშკარაა, რომ კრემლს საბჭოთა იმპერიის მაგვარის აღდგენა სურს. თანაც ეს პროცესი საქართველოდან დაიწყო, მეორე უკრაინა იქნება და შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ჯერიც დადგება.

მთავარია, თეთრი სახლის უარი, ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე, წმინდა ტექნიკურ საკითხზე უფრო მეტს არ ნიშნავდეს.

ანუ პრეზიდენტმა ობამამ არ გააგრძელოს დათმობის ტენდენცია რუსეთთან.

რუსეთი კი თავს გამარჯვებულად თვლის და ამის ხმამაღლა თქმასაც არ ერიდება.

რა შეიძლება გამხდარიყო აშშ-ის ხელისუფლების მიერ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი?

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გეიტსი აცხადებს, რომ მისმა სპეციალისტებმა გაიანგარიშეს, - ირანს აშშ-მდე მისაღწევი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები კარგა დიდხანს არ ექნებაო.

მაგრამ იგივე გეიტსი არ იყო ბუშის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრი, როდესაც ყველას უმტკიცებდა, ირანიდან სარაკეტო თავდასხმის საშიშროება არსებობსო?! ამ ერთ წელიწადში რა უნდა შეცვლილიყო?

სავარაუდოდ, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება რამდენიმე სერიოზულმა ფაქტორმა განაპირობა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ერაყსა და ავღანეთში ყოველწლიურად "გადაყრილმა" მილიარდებმა ობამას ადმინისტრაცია აიძულა, ანტისარაკეტო სისტემის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსების პროცესი გაეყინა.

გარდა ამისა, თვით სისტემა ჯერ საბოლოოდ არ არის დახვეწილი, გადასაჭრელია ბევრი ტექნიკური პრობლემა, რომელთა მოუგვარებლად ანტისარაკეტო სისტემის მოქმედების ეფექტიანობა ძალიან დაბალი იქნებოდა.

პენტაგონი აქვეყნებს ანტისარაკეტო სისტემის ახალ ვარიანტს, რომელმაც ევროპა უნდა დაიცვას საშუალო და ახლო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისგან. ეს გეგმა სამი ნაწილისგან შედგება: 2011 წლისთვის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში იდრეიფებენ ამერიკული სამხედრო ხომალდები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან Aegis-ის მრავალფუნქციური საბრძოლო-საინფორმაციო მართვის სისტემით და SM-3 Standard-ის ტიპის რაკეტა-გზაგადამჭრელებით (მკითხველს შევახსენებთ, რომ 2008 წლის 21 თებერვალს ამერიკული კრეისერიდან გაშვებული სწორედ ასეთი რაკეტით დაზიანდა დედამიწის ორბიტაზე 247 კმ სიმაღლეზე 36000 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოძველებული ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრი) იქნებიან აღჭურვილნი.

2015 წლისთვის მოდერნიზებული SM-3 ტიპის რაკეტების სახმელეთო სასტარტო პოზიციები განთავსდება აშშ-ის პარტნიორი ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე (მათ შორის ალბათ პოლონეთსა და ჩეხეთში). 2018 წლისთვის კი დაგეგმილია უფრო მძლავრი და ეფექტიანი რაკეტა-გზაგადამჭრელების დადგმა.

პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა მოსაზრებები, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტები შეიძლება სამხრეთ კავკასიაში განთავსდეს, სახელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიები.

საქართველოში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის რაიმე კომპონენტის, იქნება ეს რადიოლოკატორი თუ ანტირაკეტები, დადგმა ნაკლებად სავარაუდოა. მოსკოვმა უზარმაზარი ზეწოლა განახორციელა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე, რომ მათ გაეყინათ პოლონეთსა და ჩეხეთში ამ სისტემის განთავსება. როგორ გგონიათ, რუსეთის უშუალო მოსაზღვრე საქართველოში ამერიკული ანტირაკეტების დაყენებას დასთანხმდება კრემლი?! საეჭვოა.

სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ აზერბაიჯანში, გაბალის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგურით სარგებლობაში (რომელიც დღეს იჯარით აქვს აღებული რუსეთს) ამერიკელებიც ჩაერთონ. ეს სადგური თითქმის 6500 კმ სიშორეზე აფიქსირებს საჰაერო სივრცეში არსებულ ფეხბურთის ბურთისხელა მეტალის დეტალს და თითქმის მთლიანად შეუძლია ირანის საჰაერო სივრცის გაკონტროლება. თავის დროზე პუტინმა ბუშს შესთავაზა, ჩეხეთში რადიოლოკატორის დაყენების სანაცვლოდ ერთად გამოეყენებინათ გაბალის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი. ოფიციალური ბაქო ამის წინააღმდეგი არ არის, პირიქით, პრეზიდენტი ალიევი დაინტერესებულია, რომ მის ქვეყანაში რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივი პროექტი განახორციელონ, რაც განამტკიცებს აზერბაიჯანის პოზიციებს და იჯარიდან მიღებული შემოსავალიც გაიზრდება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ გეიტსის განცხადებით, რუსეთის სამხრეთით, არმავირთან განთავსებული რადიოლოკატორის ერთობლივად გამოყენება საშუალებას მისცემს მათ, დაინახონ ირანის საჰაერო სივრცის ის ნაწილი, რომლის გაკონტროლება ამჟამად ვერ ხერხდება.

თუმცა, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთმა თავის ტერიტორიაზე დაუშვას ამერიკელი სამხედროები.

"ანტისარაკეტო" საკითხში მოსკოვისთვის დათმობის სანაცვლოდ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას შეიძლება იმედი აქვს, რომ სამაგიეროდ მოსკოვი ირანს აღარ შეაიარაღებს მძლავრი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით და თეირანზე პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებს ატომური და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შესაჩერებლად.

თუ ასეა, თეთრი სახლი გულუბრყვილოდ იქცევა. აშშ-ის საწინააღმდეგოდ კრემლი ყოველთვის გააგრძელებს ანტიამერიკულად განწყობილი ქვეყნების - ვენესუელის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებას აშკარად თუ ფარულად...

P.S. პოლონეთის სანუგეშოდ აშშ ამ ქვეყანაში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს განათავსებს.