მღვიმიდან ძალით გამოყვანილმა "კორონაღამურამ" მთელ მსოფლიოს გადაუფრინა...
მღვიმიდან ძალით გამოყვანილმა "კორონაღამურამ" მთელ მსოფლიოს გადაუფრინა...
"2017 წლის იანვარი. 36 წლის ტიანია ცზიუნჰუა მღვიმეში ღამურებს იკვლევს, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამდე კი ზუსტად სამი წელია დარჩენილი"

უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან ხუთიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარე არცთუ კარგად დაცულ ლაბორატორიაში ჩინელი მეცნიერი წლების განმავლობაში ატარებდა ცდებს კორონავირუსით დაავადებულ ღამურებზე და შარშან თვითონაც, ალბათ, იქ დაავადდა...

პანდემიად ქცეულმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო შეძრა და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გველოდება.

საიდან იღებს სათავეს ეს გლობალური უბედურება?

ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს და
პასუხის გასაცემად სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, მანამდე კი მასმედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ გამოძიებას ცდილობენ.

ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 30 მარტის "ვაშინგტონ ტაიმსში" გამოქვეყნებულმა ბილ ჰერცის სტატიამ - "ჩინელი მკვლევრები ღამურების სასიკვდილო კორონავირუსებს უხანის ბაზართან ახლომდებარე ლაბორატორიაში სწავლობდნენ".

სტატია ეყრდნობა შვიდწუთიან ვიდეოს, რომელიც შარშან დეკემბერში
ჩინეთის ტელევიზიამ უჩვენა და რომელშიც მოთხრობილია, რას საქმიანობს ჩინელი მკვლევარი ტიანია ცზიუნჰუა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრის თანამშრომელია.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მეცნიერებმა მხოლოდ 2 284 ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, ჩინელმა მკვლევრებმა კი 12 წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი ახალი ვირუსი შეისწავლეს, მათ შორის ისინიც, რომლებიც ღამურებისგან ვრცელდება.

ამისთვის ტიანია ცზიუნჰუა ჰუბეის პროვინციაში წლობით იკვლევდა მღვიმეებში ბინადარი ღამურების სხვადასხვა სახეობას, იღებდა მათ სინჯებს და ერთხელ თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, რადგან მღვიმეში შესულს დამცავი კომბინეზონი არ ეცვა და ღამურის შარდი დაესხა, რის გამოც 14 დღე-ღამით თვითიზოლაციაში იყო. და ეს ხდებოდა დიდი ხნით ადრე მანამდე, სანამ კორონავირუსი უხანში იფეთქებდა. ამ ჩინელმა მკვლევარმა მაშინაც იცოდა, რომ ორკვირიანი თვითიზოლაცია იყო საჭირო იმის გამოსავლენად, ჰქონდა თუ არა კორონავირუსი!

ვიდეოსიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო, როგორ ათავსებდა მღვიმეში მყოფი ტიანია ცზიუნჰუა ღამურებისგან აღებულ სინჯებს სინჯარებში და თან ამაყად ამბობდა: "მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ვმუშაობ, რათა განვკურნო ხალხი და ვუშველო მათ", მერე კი ამატებდა: "მე ჯარისკაცი არ ვარ, მაგრამ ვმუშაობ, რათა ეროვნული თავდაცვის უხილავი ხაზის უსაფრთხოება დავიცვა".

აშკარაა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრის დეზინფექციის, პროფილაქტიკისა და კონტროლის განყოფილების თანამშრომელი ტიანია ცზიუნჰუა ჩინეთში (და შეიძლება მთელ მსოფლიოშიც) ღამურების ვირუსული დაავადებების ერთ-ერთ გამორჩეულ მკვლევრად ითვლებოდა, რაზეც მიუთითებს კიდევ ერთი ინფორმაცია: 2017 წლის მაისში უხანის ერთ-ერთმა საინფორმაციო საშუალებამ გამოაქვეყნა მასთან ინტერვიუ, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ათასობით ღამურა გამოიკვლია.

"ღამურების სხეულზე ბევრი შეუსწავლელი ვირუსია და რაც უფრო დეტალურად შევისწავლით ღამურებს, მით მეტ სარგებლობას მოვუტანთ ადამიანებს," - აცხადებს ამ ინტერვიუში ჩინელი მკვლევარი.

დღეს ეს სიტყვები, ალბათ, უკვე ისე ისმის, როგორც სასტიკი დაცინვა.

2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, როცა კორონავირუსი ჯერ ჩინეთშიც კი არ იყო გავრცელებული, ერთ-ერთმა ჩინურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილი მკვლევარი ტიანია ცზიუნჰუა ისევ საველე პირობებში მუშაობს და მღვიმეებში ღამურების ახალ ვირუსებს ეძებს.

და აი, მივადექით ყველაზე საინტერესოს - დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრი, რომლის ლაბორატორიებშიც წლების განმავლობაში სახიფათო ცდებს ატარებდა ტიანია ცზიუნჰუა, ხუთიოდე კილომეტრით არის დაშორებული უხანის ზღვის პროდუქტების იმ ბაზრიდან, საიდანაც მასობრივად გავრცელდა დღეს მთელი მსოფლიოს თავის ტკივილად ქცეული კორონავირუსი!

საგულისხმოა, რომ უხანშივე მდებარეობს ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონე აქვს მინიჭებული (ჩვენი ლუგარის ცენტრი ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს აკმაყოფილებს), მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრი ბიოუსაფრთხოების მეორე დონისაა და არ არის გამორიცხული, ან დაინფიცირებული ღამურა "გამოქცეულიყო" ლაბორატორიიდან, ან მისგან აღებული კორონავირუსის სინჯები მოხვედრილიყო ქალაქში, თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ლაბორატორიაში მომუშავეთაგან ვინმე დაინფიცირდა და შემდგომ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში სხვებს გადასდო კორონავირუსი.

შეიძლება პირველი დაინფიცირებული თვითონ ტიანია ცზიუნჰუაც კი იყოს, რომელსაც დღეს ჟურნალისტები ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ, მისი სამსახურის ვებგვერდზე კი გაქრა ინფორმაცია მკვლევრის შესახებ, თითქოს მას არასდროს უმუშავია დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრში.

და კიდევ ერთი სიახლე - ბრიტანელი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ მარტის ბოლოს უხანის ახლად გახსნილ ზღვის პროდუქტების ბაზარში, საიდანაც მსოფლიოს ასეთი რისხვა დაატყდა თავს, ისევ გამოჩნდა დახლები, რომლებზეც გასაყიდად აწყვია ღამურები და კიბორჩხალები.
იხილეთ ასევე: "2003 წლიდან ვამბობდით, რომ ღამურების საკვებად მოხმარება არის ბომბი კორონაინფექციების ასაფეთქებლად"