საიდუმლო ლაბორატორიიდან "გამოქცეული" ციმბირის წყლულის საბრძოლო ბაქტერიები მამაკაცებს ხოცავდა... - კვირის პალიტრა

საიდუმლო ლაბორატორიიდან "გამოქცეული" ციმბირის წყლულის საბრძოლო ბაქტერიები მამაკაცებს ხოცავდა...

"სვერდლოვსკ 19"-ის მიწისქვეშა საიდუმლო სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში სწორედ ასე ათავსებდნენ საბრძოლო ბაქტერიებისა და ვირუსების შემცველ მოწყობილობებს საავიაციო ბომბებსა და რაკეტებში, თუმცა ერთხელაც არ გაუმართლათ და..."

ზუსტად 41 წლის წინ, 1979 წლის აპრილის დასაწყისში, "სვერდლოვსკ 19"-ის საიდუმლო სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიიდან გაჟონილმა ციმბირის წყლულის მოდიფიცირებულმა ბაქტერიებმა ჰაერწვეთოვანი გზით დააავადა და იმსხვერპლა ასზე მეტი ადამიანი. მათი უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ეს იყო ბიოლოგიური იარაღის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის (ანუ სწორედ ახალგაზრდა მამაკაცების) გასანადგურებლად შეიქმნა.

მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ კა-გე-ბეს საშუალებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ციმბირის წყლული ბაზარში ნაყიდმა შეუმოწმებელმა საქონლის ხორცმა გამოიწვია, არადა ამ ხორცით მომზადებულ კერძებს ოჯახში ყველა ერთ მაგიდასთან მიირთმევდა, თუმცა რატომღაც მხოლოდ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცები იღუპებოდნენ, დიასახლისებს, მოხუცებსა და ბავშვებს კი არაფერი ემართებოდათ.

ციმბირის წყლულის ბაქტერიები აღმოჩნდა სადარბაზოებში, კიბეების მოაჯირებსა და საფეხურებზეც, რაც გამორიცხული იყო, თუკი ციმბირის წყლული ხორცისგან გაჩნდა, თანაც დაავადებულთა კანზე ამ საშიში ინფექციისთვის დამახასიათებელი წყლულები არ აღმოჩნდა.

ყველა ფაქტი მიუთითებდა, რომ ქალაქ სვერდლოვსკის (დღევანდელი ეკატერინბურგი) ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობის, ძირითადად კი - ჯან-ღონით სავსე მამაკაცების ორიოდე დღეში სიკვდილი გამოიწვია ციმბირის წყლულის მოდიფიცირებულმა ბაქტერიებმა, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელდა.

ქალაქის მოსახლეობამ არ იცოდა, რომ ერთ-ერთ გარეუბანში "სვერდლოვსკ 19"-ის დაშიფრული სახელით არსებობდა დახურული სამხედრო ქალაქი, რომლის მიწისქვეშა ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საბრძოლო ბაქტერიებისა და ვირუსების შემცველ საავიაციო ბომბებსა და სარაკეტო ქობინებს ამზადებდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ამ მიწისქვეშა ლაბორატორიაში ბიოლოგიურ საბრძოლო საჭურველთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა და იმის გამო, რომ გამწოვი მოწყობილობის ფილტრი დაზიანებული იყო (ან შესაკეთებლად მოხსნილი), ციმბირის წყლულის ბაქტერიების შემცველი აეროზოლი ატმოსფეროში "გამოიქცა"...

დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა, რადგან ციმბირის წყლულის საბრძოლო ბაქტერიები ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემოდა და დაზარალდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ეს ბაქტერიები ჩაისუნთქა.

ეს გარემოებაც შეიძლება ამყარებდეს ვერსიას, რომ ციმბირის წყლულის მოდიფიცირებული შტამები სწორედ საბრძოლო მიზნით გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი - მოწინააღმდეგის პოზიციებთან აფეთქებული საბჭოთა ბიოლოგიური ომის ჭურვები აეროზოლის სახით გაფანტავდა ციმბირის წყლულის ბაქტერიებს და ბრძოლის უნარს დაუკარგავდა (ან სულაც დახოცავდა) მოწინააღმდეგის მამაკაც მებრძოლებს, თანაც ისე, რომ შეტევაზე გადასულ საბჭოთა არმიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ამ პოზიციების აღების შემდეგ ციმბირის წყლული არ დაემართებოდათ.

დახურულ ქალაქ "სვერდლოვსკ 19"-ის გვერდით იყო რამდენიმე სამხედრო ნაწილი და მსჯავრდებულთა კოლონია. იმ დროს სამშენებლო ბატალიონის ჯარისკაცებსა და პატიმრებს იყენებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებისთვის, ნიადაგის ზედა ფენის მოჭრისთვის და ასფალტის დასაგებად. მათ ჯანმრთელობაზე მაინცდამაინც არავინ ზრუნავდა და, ალბათ, გარდაცვლილთა შორის ბევრი მსჯავრდებულიც იქნებოდა, თუმცა მათ, როგორც ციმბირის წყლულით დაღუპულებს, არავინ აღრიცხავდა.

ამ საშიშმა ბიოლოგიურმა ინციდენტმა მთელ მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ კრემლი უცხოელ სპეციალისტებს არწმუნებდა, რომ დამნაშავე მხოლოდ ციმბირის წყლულით დასნებოვნებული ხორცი იყო.

საბჭოთა კავშირი ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და წარმოებას ბირთვულ იარაღზე უფრო ასაიდუმლოებდა, რადგან ჯერ კიდევ 1972 წელს მიიღეს საერთაშორისო კონვენცია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ, რომელსაც მოსკოვმაც მოაწერა ხელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე სხვადასხვა ტიპის ბირთვული იარაღის შესაქმნელად ლაბორატორიული კვლევები აქტიურად მიმდინარეობდა არაერთგან, მათ შორის - საქართველოს ტერიტორიაზეც. ამის შესახებ "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს უახლოეს მომავალში ვუამბობთ.