სისხლიანი დილა კრწანისში - კვირის პალიტრა

სისხლიანი დილა კრწანისში

11 იანვარს, დილით, რუსთავი პანიკამ მოიცვა - ქუჩაში დიდი სისწრაფით მოძრაობდნენ სამხედრო მანქანები, რომელთაც გეზი ცენტრალური საავადმყოფოსკენ ჰქონდათ აღებული.

პოლიციამ საავადმყოფოს შესასვლელი გადაკეტა და იქ არავის უშვებდა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია, მაინც ცნობილი გახდა, რომ რომელიღაც ბაზაზე რაღაც აფეთქდა და ჯარისკაცები დაიღუპნენ.

დიდი შერლოკ ჰოლმსობა არ უნდოდა იმის დადგენას, რომ საუბარი კრწანისის სასწავლო ცენტრზე იყო. ეს პოლიგონი რუსთავთან ახლოსაა და შესაბამისად, კრიტიკულ მომენტში ჯარისკაცებს სწორედ ამ ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.

სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები კრწანისის ცენტრს მიაწყდნენ, ნაწილი კი, რუსთავის საავადმყოფოსთან მორიგეობდა. სიტუაციას ამძაფრებდა ის, რომ თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებდა.

თუმცა, ბოლოს და ბოლოს, სამხედრო უწყებამ ხმა ამოიღო და ტრაგედიის მასშტაბებიც ცნობილი გახდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში, პირველი საარტილერიო ბრიგადის ასეული გეგმიურ სწავლებას ატარებდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტექნიკური შეცდომის გამო, ნაღმტყორცნის 120 მილიმეტრიანი ჭურვი აფეთქდა. შედეგად, დაიღუპა 3 და დაიჭრა 13 სამხედრო მოსამსახურე.

დაიღუპნენ: ზურაბ კუცია, ემზარ შოშიაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი. დაიჭრნენ: ალექსანდრე თომაშვილი, ვალოდია ხრიკული, ზურაბ ქვათაძე, გიორგი გნოლიძე, აკაკი ყულოშვილი, გიორგი ჩოფლიანი, ამირან ალაძე, ზაზა ხუროშვილი, გელა ფიცხელაური, როინ ხოზრევანიძე, ზაქარია კურტანიძე.

დაახლოებით 14:00 საათისთვის, დაღუპულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაასვენეს. 13 დაჭრილიდან 4-ის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს.

12 დაჭრილი ჯარისკაცი 11 იანვარსვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთი სამხედრო მოსამსახურე, ალექსანდრე თომაშვილი კი, თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო ინფორმაციით, თომაშვილის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. დანარჩენი ჯარისკაცების ჯანმრთელობას კი, ექიმები დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ.

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მომხდარის გამოძიების პირობა დადო. რამდენიმე საათში სამხედრო პოლიციამ დააკავა პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია. სამხედრო უწყების განმარტებით, სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი უსაფრთხოების ზომების დაცვაზე.

ყველაზე რეალური ვერსიით, კრწანისის სასწავლო ცენტრში 11 იანვარს, შესაძლოა, ნაღმტყორცნის ლულა გასკდა. ეს შესაძლოა, ლულაში ორი ნაღმის ზედიზედ ჩაგდებას გამოეწვია. თუმცა, 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნთა დიდ ნაწილს, რომლებიც ქართულ არმიას აქვს, ლულის თავში დამცავი სპეციალური მოწყობილობა აქვს, რომელიც მეორე ნაღმის ჩაშვებას გამორიცხავს. შესაძლოა, ეს მექანიზმი გაფუჭებული იყო.

განიხილავენ ვერსიასაც, რომ ნაღმსატყორცნის ჭურვი რომელიმე ჯარისკაცს დაუვარდა და მისი დეტონაცია მოხდა. თუმცა, ეს ჭურვი საკმაოდ ძლიერ დარტყმას უძლებს და ალბათ, ამ ვერსიაზე საუბარი სერიოზულადაც არ ღირს.

ვნახოთ, რა დასკვნებს გამოიტანს სამხედრო პოლიცია. იმედია, გამოძიების შედეგი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გიორგი კვიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)