გვეხმარებოდნენ თუ არა უკრაინელი მეზენიტეები... - კვირის პალიტრა

გვეხმარებოდნენ თუ არა უკრაინელი მეზენიტეები...

ეს უნიკალური ფოტო სოფელ ძევერაში მაშინაა გადაღებული, როდესაც ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენი Ce-24М ჯერ კიდევ იწვის. ეს მომენტი მობილურზეცაა გადაღებული და ვიდეოინტერნეტშიც განთავსდა.

ამ ვიდეოს დეტალურად გაშიფვრისას რუსმა ჰაკერებმა აღმოაჩინეს, რომ კადრს მიღმა პროფესიონალი მეზენიტე რუსულად საუბრობს, მაგრამ კილო უკრაინულს წააგავს...

2008 წლის 13 აგვისტოს, როდესაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები ახალი შეწყვეტილი იყო, რუსეთის გენშტაბი ამტკიცებდა, რომ ოთხივე თვითმფრინავი (სამი მოიერიშე Ce-25 და ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენი ту-22М3) ქართველებმა კი არა, უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩამოაგდეს С-200 და ТОР-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, რომლებიც საქართველოს უკრაინამ მიჰყიდაო.

სინამდვილეში ჩამოყრილი და დაზიანებული რუსული თვითმფრინავების რიცხვი მეტი იყო. ასევე არც ის იყო სწორი, თითქოს უკრაინამ С-200 და ТОР-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მოგვყიდა, მაგრამ ღიად რჩებოდა საკითხი - მართლაც მონაწილეობდნენ თუ არა უკრაინელი სპეციალისტები აგვისტოს ომში...

2009 წლის 18 სექტემბერს უკრაინულ გაზეთ "სეგოდნიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის გენერალური პროკურატურის ანონიმური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ უკრაინელი სპეციალისტები მართლაც იყვნენ საქართველოში 2008 წლის 5-13 აგვისტოს და ემსახურებოდნენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რომლებითაც რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

სტატიაში მოყვანილია იმ უკრაინელი სპეციალისტების გვარებიც, რომლებიც გენპროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყოფენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, თუმცა ადასტურებენ, რომ ომის დროს საქართველოში იმყოფებოდნენ.

ცნობილია, რომ აგვისტოს ომამდე, წლების განმავლობაში, საქართველო უკრაინაში ყიდულობდა Оса-АКМ და Бук-М1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს. ამ რთული საბრძოლო ტექნიკის ათვისებაში დასახმარებლად უკრაინელი სპეციალისტებიც ჩამოვიდნენ. ისინი ქართველ მეზენიტეებს ტექნიკურ ნიუანსებში არკვევდნენ.

ეს არ არის დანაშაული, თანაც უკრაინელი სპეციალისტები სამოქალაქო პირები იყვნენ, მაგრამ თუკი უკრაინის გენპროკურატურამ მათ დაუმტკიცა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა სპეციალური ნებართვის გარეშე, მაშინ უკრაინის კანონებით მათი პასუხისგებაში მიცემა შეუძლიათ.

უსამართლობაა, თანაც საერთაშორისო დონეზე გასატანია ის, რომ რუსეთის სამხედროები ყოველგვარი საერთაშორისო კანონების დარღვევით 16 წელი (1992-2008 წწ.) ეხმარებოდნენ სეპარატისტულ და აუღიარებელ რეჟიმებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, კონტრაბანდულად შეჰქონდათ იქ იარაღი (მათ შორის ტანკები და საზენიტო სისტემები). ამას არც გაეროს და არც ევროკავშირის პროტესტი არ გამოუწვევია, რამდენიმე უკრაინელი სპეციალისტის საქართველოში ყოფნას კი ამხელა აურზაური მოჰყვა...