არტილერისტები ავღანეთში ინსტრუქტორებად წასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც სერიოზულ შეცდომას სამი მათგანი ემსხვერპლა, 13 კი დაიჭრა... - კვირის პალიტრა

არტილერისტები ავღანეთში ინსტრუქტორებად წასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც სერიოზულ შეცდომას სამი მათგანი ემსხვერპლა, 13 კი დაიჭრა...

11 იანვარს, დღის 11 საათისთვის იაღლუჯაზე, სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ტრაგედია დატრიალდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ კაპრალები ზურაბ კუცია, ემზარ შოშიაშვილი და დავით გოგიჩაიშვილი; დაიჭრნენ ასევე კაპრალები:ალექსანდრე თომაშვილი, ვალოდია ხრიკული, ზურაბ ქვათაძე, გიორგი გნოლიძე, აკაკი ყულოშვილი, გიორგი ჩოფლიანი, ამირან სამოსონიძე, დავით მურადაშვილი, გიორგი ახალაძე, ზაზა ხუროშვილი, გელა ფიცხელაური, როინ ხოზრევანიძე და ზაქარია კურტანიძე.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ დღეს სასწავლო ცენტრ "კრწანისში" წვრთნებს გადიოდა პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის არტილერისტთა ჯგუფი და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმის აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ძუნწი ინფორმაციიდან ძალიან ძნელი იყო იმის გაგება, რეალურად რა მოხდა იმ ავბედით დღეს პოლიგონზე.

ჩვენ მაშინვე გამოვთქვით ეჭვი, რომ ტრაგედია შეიძლებოდა გამოეწვია ორი ერთნაირი, კერძოდ, 120 მმ-იანი კალიბრის ნაღმის ჩაშვებას ლულაში; ვივარაუდეთ, რომ ერთი ნაღმი უკვე იყო ლულაში, როცა იქ მეორე ნაღმი ჩაუშვეს. როგორც მოგვიანებით არაოფიციალურად გახდა ცნობილი, ჩვენი ვარაუდი, სამწუხაროდ, გამართლდა.

11 იანვარს სასწავლო ცენტრ "კრწანისში" მორიგ წვრთნებს გადიოდა პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის არტილერისტთა ის ჯგუფი, რომელიც წელს ავღანეთში უნდა გაგზავნონ. ვისაც ახსოვს, გასული წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2011 წელს ავღანეთში  დამატებით გაიგზავნებოდა სამხედრო ინსტრუქტორთა პირველი ოცკაციანი ჯგუფი. სწორედ ეს ჯგუფი დაკომპლექტდა არტილერისტებით, რომლებსაც ავღანელებისათვის ნაღმსატყორცნებიდან სროლა უნდა ესწავლებინათ.

ნაღმსატყორცნების ბატარეას ექვსი 120მმ-იანი ნაღმსატყოცნი ჰქონდა, რომლებიც საბრძოლო პოზიციებზე ერთმანეთის გვერდით 10-15 მ-ში იყო განლაგებული. არტილერისტებმა ბრძანების "გამალებული ბათქით ცეცხლი" მიღების შემდეგ სროლა დაიწყეს. განაპირა ნაღმსატყორცნის გათვლის წევრმა ლულაში ჯერ ერთი 120მმ-იანი ნაღმი ჩაუშვა. სავარაუდოდ, ლულისა და ნაღმის გაჭუჭყიანების გამო (გასროლის წინ და მით უმეტეს, წვიმაში ნაღმის კორპუსი ნაჭრით უნდა გაიწმინდოს, რათა ლულაში ადვილად ჩასრიალდეს) ნაღმი ბოლომდე არ  ჩასრიალდა. მსროლელმა თოკი მოქაჩა, მაგრამ ნაღმის გასროლა არ განხორციელდა.

სხვა ნაღმსატყორცნების სროლის ხმაურში გათვლამ ვერ შენიშნა, რომ მათმა ნაღმსატყორცნმა არ გაისროლა და მათ ლულაში მეორე ნაღმი ჩაუშვეს. მეორე ნაღმის ძირში ჩახრახნილი ვაზნის კაფსულა-დეტონატორი დაეცა პირველი ნაღმის ცხვირში დამონტაჟებულ ამფეთქს; შედეგად გააქტიურდა კაფსულა-დეტონატორი, რამაც მეორე ნაღმის სტაბილიზატორებზე ჩამოკიდებული დენთით სავსე ტომსიკები ააფეთქა. მათმა აფეთქებამ პირველი ნაღმის ამფეთქის ამოქმედება და შესაბამისად, ნაღმის დეტონაცია გამოიწვია, რასაც მეორე ნაღმის აფეთქება მოჰყვა. მხოლოდ ერთი ნაღმის გასროლაზე გათვლილმა ნაღმსატყორცნის ლულამ ვეღარ გაუძლო აფეთქებების დროს წარმოქმნილი დიდი წნევის აირებს და ლულაც ნამსხვრევებად დაიშალა... ტრაგედიის ეს ვერსია ახლო უნდა იყოს რეალობასთან, თუმცა შეიძლება რაღაც დეტალები აკლდეს.

წვრთნების დროს სამხედროებს ეცვათ ჯავშანჟილეტები და ეხურათ ჩაფხუტები, რომლებმაც გვერდით განთავსებული ნაღმსატყორცნების გათვლების სიცოცხლე იხსნა - ისინი ნამსხვრევებით დაიჭრნენ.

ნაღმსატყორცნში, ბრძოლის დროს, სიჩქარეში ერთმანეთის მიყოლებით ორი ნაღმის ჩაშვება არცთუ იშვიათი მოვლენაა და ასეთი ტრაგედიები მსოფლიო ომების ისტორიას არაერთი ახსოვს მას შემდეგ, რაც ნაღმსატყორცნი გამოიგონეს.

ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური, დამცველი მოწყობილობა, რომელიც 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ლულის ბოლოში მონტაჟდებდა და გამორიცხავს მეორე ნაღმის ლულაში ჩაშვებას, თუკი იქ უკვე არის ერთი ნაღმი.

ქართული არმიის შეიარაღებაში არის (ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მეოთხე ქვეითი ბრიგადის არსენალში იყო) მოდერნიზებული საბჭოთა საპოლკე 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები 2Б11 Сани, რომელთა ლულებზეც სწორედ ასეთი დამცველი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული.

სასწავლო ცენტრ "კრწანისში" 11 იანვარს წვრთნების დროს აფეთქებული 120 მმ-იან ნაღმსატყორცნს ალბათ ასეთი დამცველი მოწყობილობა არ ჰქონდა, რასაც ტრაგედია მოჰყვა.

სამხედრო პოლიციამ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სამი სამხედრო პირი  - ორი პოლკოვნიკი და ერთი უფროსი ლეიტენანტი დააკავა. ჩვენ ვერ ჩავერევით გამოძიების მსვლელობაში, თუმცა ერთ რამეს ვიტყვით: ამ სტატიის ავტორი ჯერ კიდევ 1992 წლიდან იცნობს ერთ-ერთ დაკავებულს - პოლკოვნიკ მამუკა ფარეშიშვილს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება.

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს 11 იანვარს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.