და მაინც - კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან "გამოიქცა"?! - კვირის პალიტრა

და მაინც - კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან "გამოიქცა"?!

"დროთა განმავლობაში ჩნდება მეტი მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი ჩინელ მკვლევრებს სწორედ უხანის ლაბორატორიიდან "გამოექცათ"

ახალი კორონავირუსით "ნულოვანი" დაინფიცირებული უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა, სადაც ღამურებზე ცდებს ატარებდნენ, უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში კი ღამურას ხორცს არ ყიდდნენ. პანდემიის კვალი მაინც ჩინელი მეცნიერების კატასტროფულ შეცდომამდე მიდის?

"საგულისხმოა, რომ უხანშივე მდებარეობს ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონე აქვს მინიჭებული (ჩვენი ლუგარის ცენტრი ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს აკმაყოფილებს), მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრი ბიოუსაფრთხოების მეორე დონისაა და არ არის გამორიცხული, ან დაინფიცირებული ღამურა "გამოქცეულიყო" ლაბორატორიიდან, ან მისგან აღებული კორონავირუსის სინჯები მოხვედრილიყო ქალაქში, თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ლაბორატორიაში მომუშავეთაგან ვინმე დაინფიცირდა და შემდგომ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში სხვებს გადასდო კორონავირუსი," - ეს გახლავთ ამონარიდი "კვირის პალიტრის" 13 აპრილის სტატიიდან - "მღვიმიდან ძალით გამოყვანილმა "კორონაღამურამ" მთელ მსოფლიოს გადაუფრინა", რომელშიც გამოვთქვით ვარაუდი, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია სწორედ "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრიდან" გავრცელდა, სადაც ღამურებზე საშიშ ექსპერიმენტებს ატარებდა ცნობილი ჩინელი მკვლევარი ტიანია ცზიუნჰუა. შეიძლება "ნულოვანი" დაინფიცირებულიც სწორედ ეს მეცნიერი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ დღეს ის უკვალოდ გაქრა.

ჩვენ მიერ გამოთქმული ეს ვარაუდი, ფაქტობრივად, გაამყარა ცნობილი ამერიკული მედიასაშუალება Fox News-ის მიერ 16 აპრილს გავრცელებულმა სენსაციურმა ინფორმაციამ: "ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი ადამიანი უხანის ორი ლაბორატორიიდან ერთ-ერთში მუშაობდა, სადაც ღამურებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს დაინფიცირდა, მერე კი ეს ინფექცია უნებურად ქალაქ უხანში გაავრცელა."

ამერიკელი ჟურნალისტები თვლიან, რომ თავდაპირველი ვერსია, თითქოს ვირუსი უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გაჩნდა, ჩინეთის სპეცსამსახურების გავრცელებული ფეიკინფორმაცია იყო, რათა უხანის ლაბორატორიაზე ეჭვი არავის მიეტანა. ამასთან, როგორც ირკვევა, უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში ღამურას ხორცი არასდროს გაუყიდიათ.

Fox News-ის სპეციალურ გამოძიებას შესაძლებლად მიაჩნია, რომ უხანის ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღი არ იქმნებოდა, ღამურებზე მრავალჯერადი, საშიში ცდების ჩატარება კი იმით იყო გამოწვეული, რომ სახელმწიფოს დავალებით ჩინელ მეცნიერებს სურდათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვირუსოლოგები გამხდარიყვნენ და ამ მხრივ ჩინეთს დედამიწაზე პირველი ადგილი დაეკავებინა.

ჩვენი ვარაუდით, თუკი ახალი კორონავირუსი მართლაც ჩინური ლაბორატორიიდან "გამოიქცა", ეს იქნებოდა უფრო "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრი", რომელსაც ბიოუსაფრთხოების მხოლოდ მეორე დონე აქვს და უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან (საიდანაც ვირუსი მასობრივად გავრცელდა) ხუთიოდე კმ-ით არის მოშორებული, ვიდრე უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ბიოუსაფრთხოების უმაღლესი - მეოთხე დონე აქვს მინიჭებული.

ჩვენს ვარაუდს ამყარებს ცნობილი ბრიტანული გამოცემა

Daily Mail-ის ჟურნალისტური გამოძიებაც, რომლის თანახმად ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში სამხრეთ ჩინეთის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა თავის საიტზე გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსის კვალი "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის უხანის ცენტრიდან" იწყებოდა, თუმცა ეს სტატია საიტიდან მალევე გაქრა.

ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს რომელიმე ჩინური ლაბორატორიიდან იმ კატასტროფული პანდემიის გავრცელებას, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და არცთუ წარმატებით, თუმცა მათი პოზიცია გასაგებია - 2019 წლის დეკემბერში ამ ქვეყნის ხელისუფლება ხომ ყველა ღონეს ხმარობდა, რომ უხანში დაწყებული ახალი კორონავირუსის ეპიდემია მიეჩქმალა, არადა მაშინ 12-მილიონიანი ქალაქი საიმედოდ რომ ჩაეკეტათ, დღეს ის ეპიდემია პანდემიად არ მოგვევლინებოდა.