ვის სურს კორონავირუსის "დაბადების" მიზეზების საერთაშორისო გამოაძიება და ვინ ეწინააღმდეგება ამას?
04-05-2020
ვის სურს კორონავირუსის "დაბადების" მიზეზების საერთაშორისო გამოაძიება და ვინ ეწინააღმდეგება ამას?
"მეცნიერებმა და გამომძიებლებმა ერთიანი ძალისხმევით ობიექტურად უნდა დაადგინონ, სად და როგორ გაჩნდა მსოფლიო პანდემიის გამომწვევი ახალი კორონავირუსი"

საიდან გაჩნდა ახალი კორონავირუსი და რატომ იქცა ასე სწრაფად პანდემიად? - ეს საჭირბოროტო კითხვა დღეს აწუხებს როგორც მილიონობით უბრალო მოქალაქეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე ექიმებს, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფოთა მეთაურებსაც კი. მათ შორის პირველი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს, შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც
დაადგენს, სად და როგორ "დაიბადა" ახალი კაორონავირუსი და რატომ გავრცელდა ასე სწრაფად მთელ მსოფლიოში.

ჩინეთის ხელისუფლებისადმი პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება არახალია. ასე იყო ახალი კორონავირუსის გამოჩენამადე და მით უფრო გაძლიერდა პანდემიის შემდეგ, რაშიც თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირიბად სწორედ პეკინს ადანაშაულებს, მაგრამ ერთია ამერიკელი და ჩინელი პოლიტიკოსების პირადი დაპირისპირება და მეორე - სიმართლის
დადგენა. მართლაც, საიდან გაჩნდა ეს ახალი კორონავირუსი, რომელიც თავისი მოქმედებით და ადამიანის ორგანიზმის დაზიანების მრავალფეროვნებით რადიკალურად განსხვავდება აქამდე ცნობილი სხვა ატიპური ვირუსებისგან და რომელმაც ბევრის მნახველი ვირუსოლოგებიც კი საგონებელში ჩააგდო? საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოფიციალური პეკინის წარმომადგენელ ცნობილ ვირუსოლოგებს წამოსცდათ, დღევანდელი მეცნიერება არ არის იმ დონის, რომ ასეთი ვირუსი ხელოვნურად შექმნასო. ასეთი განცხადება იმ კონსპიროლოგთა წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც მერამდენე თვეა, დაუღალავად ამტკიცებენ, რომ ახალი ვირუსი ატმოსფეროში უცხოპლანეტელებმა გააფრქვიეს, რათა მსოფლიო ავადმყოფი და სუსტი ჯანმრთელობის მილიონობით ადამიანისგან "გაიწმინდოს"... თუმცა თავი დავანებოთ კონსპიროლოგებსა და უცხოპლანეტელებს და დავსვათ კითხვა:

განა ისტორიას არ ახსოვს ფაქტები, როცა მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ აღმოჩენილი თუ გამოგონილი სიახლე ათასობით მათი კოლეგისთვის დაუჯერებელი იყო? შორს რომ არ წავიდეთ, განსაკუთრებით გასაიდუმლოებული "მანჰეტენის პროექტის" ძალისხმევით შექმნილი ატომური იარაღიც ხომ არარეალური ჩანდა მანამდე, სანამ ამერიკელმა მფრინავებმა ორად ორი ატომური ბომბის ჩამოგდებით 200 ათასამდე იაპონელი არ იმსხვერპლეს?!დღესაც ძნელია იმის გამორიცხვა, რომ ახალი კორონავირუსის "დაბადებაში" ადამიანის, უფრო სწორად, ძალიან კარგად დაფინანსებული ვირუსოლოგების ხელი ურევია.

მართალია, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამორიცხა ახალი კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ ცნობილი ფრანგი ვირუსოლოგი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი ლიუკ მონტანიე (რომელსაც შიდსთან დაკავშირებული წარმატებული კვლევებისთვის 2008 წელს ნობელის პრემია მიენიჭა) ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი და ეს გააკეთეს პროფესიონალებმა, რომლებიც შიდსის ვაქცინის შესაქმნელად მუშაობდნენ და ვირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით "გამოექცათ".

აი, სწორედ ამ მოსაზრებების გასაბათილებლად თუ განსამტკიცებლად აუცილებელია მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება. აშშ-მა უკვე თითქმის დაითანხმა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ავსტრალია, შეიქმნას დროებითი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგია ჩინეთის ხელისუფლება. პეკინში თვლიან, რომ პანდემიის პირობებში გამოძიების დრო არ არის და ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა მის დასამარცხებლად უნდა იყოს მიმართული.

ჩინეთის ხელისუფლების პოზიცია გასაგებია - მას არ სურს აშშ-ის ინიციატივით დაიწყოს გამოძიება, რომლის შედეგები, შესაძლოა, ჩინეთის საერთაშორისო ავტორიტეტზე ნეგატიურად აისახოს. ჩინეთს მხარს უჭერს კრემლი - რუსეთის ხელისუფლებაც წინააღმდეგია ასეთი გამოძიების. შეგახსენებთ, რომ ჩინეთიც და რუსეთიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ვეტოს უფლება აქვთ, ამიტომ გამორიცხულია, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი გაეროს ეგიდით შეიქმნას, თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს ხელს ვერავინ შეუშლის, დაიწყონ საერთაშორისო გამოძიება ახალი კორონავირუსის წარმომავლობის გასარკვევად, ეს კი ხელს აძლევს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, რადგან შემოდგომაზე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ტრამპს ძალიან უნდა, კიდევ ოთხი წელი დარჩეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.

აშშ-ჩინეთის პოლიტიკური დაპირისპირების ორომტრიალში შეიძლება საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებიც დაზარალდეს, რადგან აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩინეთთან კი წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს (თუკი ამერიკელები ამ პანდემიის დროს ჩვენს ქვეყანას მილიონობით დოლარით ეხმარებიან, ჩინელები ჰუმანიტარულ დახმარებად კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გვიგზავნიან). საქართველოსთვის მიუღებელი იქნება ამ ურთიერთობების შესუსტება და მით უფრო - გაყინვა, თუმცა აშშ-ჩინეთს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური "ცივი ომის" "გაცხელების" შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ვაშინგტონმა თბილისს, მართალია, კულუარულად, მაგრამ მაინც სთხოვოს თუ მოსთხოვოს პეკინთან თანამშრომლობის შეჩერება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები